"სახლი, რომელიც ვერ წამართვეს"
1992-1993 წლებში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ომი მიმდინარეობდა. ომი რომელმაც საუკუნოვანი კავშირები გაანადგურა და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. 26 წლის წინ 300 000-მდე ადგილობრივმა რამდენიმე ტომარაში ჩაატია ყველაფერი, რისთვისაც მთელი ცხოვრება მუშაობდა და წამოვიდა. და-ძმები, მშობლები და შვილები, ნათესავები ენგურის სხვადასხვა მხარეს დარჩნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დევნილები სახლში არ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ბოლომდე ეს ბრძოლა ვერ მოიგო. მოსახლეობა კილომეტრებს იქეთ დარჩენილ სახლს არ თმობს. ისინი ჯერ კიდევ ომში არიან, ისევ იბრძვიან, ოღონდ ამჯერად ენგურის ტალღებთან, ახლა ის არის ჯარისკაცი, რომელიც სახლთან მისასვლელ გზას ართულებს.
ამ ისტორიის გმირების სახელები უსაფრთხოების გამო შეცვლილია. სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა რამდენიმე წყაროს ეკუთვნის. ფოტოები არ ასახავს კონკრეტულად იმ ადგილებსა და სახლებს, რომლებზეც რესპოდენტები საუბრობენ.
ცოდვიანი მდინარე
თამთა სოხუმის დაცემის დროს სამი წლისაც არ იყო. მომხდარი ფრაგმენტებად ახსოვს. როცა ღამე გააღვიძეს და გასაქცევად მოამზადეს იცოდა, რომ სახლს ართმევდნენ.
"იმ ღამეს მომხდარს ყოველთვის მესამე პირის თვალებით ვხედავ. დედა მძინარე ბავშვს აღვიძებს და ეუბნება: წამოდი. ბავშვს მაისურზე სამი ცხვარი ახატია. ის გარბის. წლები დამჭირდა, რომ ოჯახისთვის ეს ამბავი მომეყოლა და მეკითხა სიმართლე იყო თუ არა. აღმოჩნდა, რომ ასეთი მაისური მართლა მქონდა. ალბათ, ფოტოკადრად დამრჩა გონებაში.
ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ გადმოგვყარეს. სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ იმას, რაც გაგვიკეთეს. ავტობუსში აღმოვჩნდით, რომელიც გურიამდე ჩავიდა. გურიაში ბაბუას სახლში შევედით და სანთლის შუქზე პური დავინახე. თურმე შემიცხადებია დედა პური-თქო. ბაბუაჩემმა ვერ მოითმინა და ცუდად გახდა. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ამის გახსენება ახლაც რთულია.
მაინც დავბრუნდით. ომის შემდეგ, როცა სიტუაცია დამშვიდდა, სახლში უპრობლემოდ გადავედით. ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა, მოუვლელი იყო, მაგრამ მთელი.
დაძაბული მდგომარეობა იყო, თუმცა ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი დები სკოლაში დადიოდნენ, მე ეზოში ვთამაშობდი. დაახლოებით 1996 წელს პარტიზანულ ბრძოლებში ქართველებმა აფხაზების მანქანა ააფეთქეს. ღამით მამამ გამაღვიძა. ისევ გადმოგვყარეს.
როგორც ჩანს, საკმარისად სწრაფად ვერ მივრბოდი და მამაჩემს ვყავდი ზურგზე შემოსმული. მიკითხავს დაიღალე-თქო, არაო მიპასუხა და ვუთხარი მაშინ ფეხს აუჩქარე-მეთქი. ალბათ, თვითგადარჩენის ინსტიქტი მალაპარაკებდა".
თამთას ოჯახმა აფხაზეთიდან წამოიღო ერთი ჟურნალის მაგიდა; 5 ხის სკამი; საბჭოთა ენციკლოპედია, რომელსაც პირველი 4 ტომი აკლდა და ალექსანდრე დიუმას წითელი ტომეული. სულ ეს იყო, რისი გადარჩენაც მამამისმა მოასწრო ასთმიან დედასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
ოჯახთან ერთად სამეგრელოში დასახლდა. მამას აფხაზეთთან ახლოს უნდოდა ყოფნა. სახლი ნათესავებმა აყიდინეს, ნივთები კი მეზობლებმა აჩუქეს. მართალია 26 წელი იქ ცხოვრობდა, მაგრამ სახლად ვერ აღიქვა, რადგან ყველა და ყველაფერი ახსენებდა იმას, რომ დევნილია.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ენგურზე პირველად გადაიპარა.
"ასეთ დროს წასვლამდე ორი კვირა ნერვიულობ. ღამე არ გძინავს და შესაძლო შედეგებზე ფიქრობ. რაც უფრო უახლოვდები მდინარეს, ნერვიულობა იზრდება და იმ ხალხზე იწყებ ფიქრს, ვინც დაიჭირეს. როცა ნაპირთან დგახარ გირჩევნია იფიქრო, რომ გაგიმართლებს და შენ ვერ დაგიჭერენ.
ადგილზე მისულები ტანსაცმელს ვამზადებდით, ეს აუცილებელი იყო. თუ გადაპარვას შეძლებდი, უნდა გაგეთვალისწინებინა რომ სოფლის გზაზე აღმოჩნდებოდი, სადაც სამხედროები პატრულირებდნენ. ზაფხულში სველი, ან ბოტასებით მოსიარულე ხალხს აკვირდებოდნენ, ამიტომ მზად უნდა ყოფილიყავი, რომ თვალში არ მოხვედროდი.
მდინარეზე გადასვლა მარტო მაშინ იყო შესაძლებელი, თუ დაბალი ფონი იყო და სამხედროები არ დადიოდნენ. ენგურის გადალახვის შემდეგ სათხილე უნდა გადაგევლო, რომელსაც პატარა ტყე მოსდევდა. იქ რუსების ბაზა იყო. შემდეგ ვიღაცის ეზოებს გადაირბენდი და აღმოჩნდებოდი სოფლის გზაზე. მანქანის ხმას რომ გავიგებდით, ვიღაცის ეზოში შერბოდა ხალხი. "მასპინძელი" არ იბნეოდა და ისე გვიღებდა, როგორც სტუმრებს, სანამ სამხედროები წავიდოდნენ. მერე ჩიხებში გადავდიოდით, სადაც უსაფრთხოდ ვიყავით.
პირველად რომ ჩავედით სოფელში, ვერ მივხვდი რა დავინახე. მახსოვდა რომ ჩვენი სახლი, ქვით იყო ნაშენები და რკინის ღობე ქონდა. მხოლოდ ოთხი კედელი, დამწვარი ფანჯრები და ბუხრის მილი დაგვხვდა. ფანჯრის ადგილას ხვრელი იყო, მგონი, ყუმბარის ნაკვალევი ეტყობოდა.
ეზოში შესვლისას ემოცია არ მქონია. ჩემი დები ჩაიკეცნენ და ტიროდნენ. ამ სახლთან მთელი ბავშვობა აკავშირებდათ, მე — შიში".
თამთას ბებია სოფელში დარჩა, ოჯახის წევრები კი არდადეგებზე ჩადიოდნენ. ეზო ბალახისგან გაწმინდეს, დამწვარ სახლს კედლები მიაშენეს. მაშინაც კი, როცა სახლში არავინ რჩებოდა თამთას ნათესავები და მეზობლები შუქს ანთებდნენ და ეზოს უვლიდნენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლი რუსებს მიტოვებული არ ჰგონებოდათ.
2008 წლამდე, სანამ რუსეთი საქართველოსთან ღია სამხედრო ომში ჩაერთვებოდა, აფხაზეთში "დაბრუნება" შედარებით "მარტივი" იყო. ხანდახან ენგურის ხიდიდანაც ხერხდებოდა გადასვლა, იყო სხვა გზაც — ქრთამი.
"ენგურზე რკინიგზა გადიოდა, რომელიც გაუქმდა. ხალხმა საფეხმავლო ხიდად აქცია და გადასასვლელად იყენებდნენ. რამდენიმე თვეში ხიდის შუაში კონსტრუქციები დაშალეს. ხალხმა თოკები გააბა და საქანელასავით ვიწრო გადასასვლელი გააკეთა. ადიდებული ენგურის გადავლა ამ ხიდით გვიწევდა. ფეხებქვეშ მდინარე ყველაფერს გვარეცხავდა.
იქეთა მხარეს სამხედროები გვხვდებოდნენ. 5 კაცი თუ გადავდიოდით 4 ლარად ვაგვარებდით, ან ერთ პურად. უჭირდათ და ყველაფეზე თანახმა იყვნენ.
ამ ხიდის გვერდით 2 წყლის მილი იყო, იმდენად დიდები, რომ ზედ გაივლიდი. ამ მილებზე ერთ-ერთი გადასვლის დროს ავტომატის ხმა გაისმა. მეხუთე კლასში ვიყავი, ბებია, დედა და მამა მახლდა.
დავინახეთ 2 სამხედრო მოდიოდა. გავჩერდით. ჩხუბი დაგვიწყეს აქედან რატომ გადადიხართო. შემეშინდა და ავტირდი. მამაჩემს დაუწყეს დაცინვა. ეუბნებოდნენ შენ რა კაცი ხარ, ორი ლარის გადახდა არ გინდა და შვილს ატირებო. პატარა ვიყავი და იმაზე ვფიქრობდი, ძალა რომ მქონოდა, იმ მომენტში ცუდ რამეს გავუკეთებდი. ცუდი სანახავი იყო, როცა მამა დგას და ვიღაც ავტომატიანი ღლაპი ეჩხუბება იმის გამო, რომ სახლში უნდა დაბრუნება. მეორე დღეს ეს აფხაზი მოვიდა და მამას ბოდიში მოუხადა. არ ვიცი რატომ".
მართალია, სოფელში ყოფნისას სამხედროები არაფერს უშავებდნენ, მაგრამ მაინც არ იყვნენ მშვიდად. ოჯახს ჰქონდა დაუწერელი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ — სროლის დროს ფანჯარას უნდა მოშორებოდნენ.
2008 წლის აგვისტოში, როცა ცხინვალში ინტენსიური სროლები დაიწყო, თამთა ღამით ისევ გააღვიძეს, ამჯერად ბებიამ, რომელსაც ომის დაწყების ეშინოდა. ენგურის ხიდზე წავიდნენ, რომ სამეგრელოში დაბრუნებულიყვნენ.
"მახსოვს სამხედროები იდგნენ ძველი წითელი მერსედესით. არ გვიშვებდნენ, რამე რომ მოხდეს, ახლა იქ ჩვენი პასუხისმგებლობააო. არწმუნებდნენ, აქეთ უფრო უსაფრთხოდ იქნებით, ვიდრე ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზეო. ბებიამ სთხოვა და გადმოგვიშვეს და გაგვაფრთხილეს რომ "საზღვარი" ჩაიკეტებოდა და უკან აღარ შეუშვებდნენ.
ამის შემდეგ ყველაფერი გართულდა, სხვა სიტყვით ვერ ვიტყვი, სრული ჯოჯოხეთი დაიწყო. პუტინმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამბიცია გაუჩნდათ, რომ სახელმწიფო იყვნენ და მათ წესებს უნდა დავმორჩილებოდით. ვისაც საბუთი არ ჰქონდა, ბლოკპოსტზე ქრთამით ვეღარ გადადიოდა, ამიტომ ისევ ენგურთან დავბრუნდით".
სახლში დასაბრუნებლად სხვადასხვა გზების ძებნა დაიწყეს: "ჯაშუში" ბავშვები ხეებზე, ტრაქტორები, ცხენები, მდინარეზე მიმავალი მარშუტკები, ძაღლები, სირბილი, ცურვა. ყველა ამ მეთოდს ერთი რამ ჰქონდა საერთო — შიში.
"ვიღაც ბავშვებს სქემა ჰქონდათ შემუშავებული. ხეებზე ისხდნენ ან ბუჩქებში იმალებოდნენ და ტელეფონით აცნობდნენ მეორე მხარეს მყოფებს რა სიტუაცია იყო. ოცი ლარი ღირდა მარშუტკა და მივდიოდით იმ ადგილას, საიდანაც ფეხით შეგვეძლო გადასვლა. გადასვლამდე პატარა ტრენინგს გვიტარებდნენ.
მეორე მხარეს ისევ სამხედროები მორიგეობდნენ. 2008 წლის შემდეგ აფხაზები ნანახი არ მყავდა, სულ რუსები იდგნენ. ვიცოდით, რა გრაფიკით მუშაობდნენ და ახალი ჯგუფის შეცვლის დროს ვამთხვევდით. ბევრჯერ 3, 4 ან 7 საათიც მოგვწევია ლოდინი, რადგან პირველ ცვლაში ვერ ვახერხებდით გადასვლას. შემდეგ უფრო "დაიხევწენ რუსები" და ძაღლები დაიმატეს, რომლებიც დაგვსდევდნენ, როცა გადავრბოდით.
ამ დროს ოჯახს და მეგობრებს მოკლე შეტყობინებებს ვწერდი: მარშუტკაში ვარ, ფონს ვუახლოვდებით, გადავდივართ და აღარ დამირეკოთ. ტელეფონს ხმას ვუთიშავდით, რომ ყურადღება არ მიექცია. მეორე მხარეს დარჩენილებისთვის ეს იყო ყველაზე გრძელი ნახევარი საათი, სანამ დავრეკავდი და ვიტყოდი, რომ სახლში ვარ".
მე-11 კლასში იყო, როცა პირველად გადაკვეთა ენგური მარტომ. ამჯერად სოფლიდან წამოსულმა მარშუტკამ პირდაპირ მდინარეზე გადაიარა. ზაფხული იყო და მდინარეს დაბალი ფონი ჰქონდა. გაუმართლა.
"მახსოვს კლასელმა დამირეკა, ვსაუბრობდით. უცებ ხმაური ატყდა. რისი ხმააო მკითხა, არაფერი ისვრიან-მეთქი — ვუპასუხე. ისე, უბრალოდ, ვთქვი ეს სიტყვები, რომ სროლაზე მეტად ჩემმა რეაქციამ გააკვირვა. შეგუებული ვიყავით".
დროთა განმავლობაში გადასვლის შიში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მთავარი მიზანი გახდა. ნელ-ნელა ისიც ისწავლა, როგორ გადაეტანა მდინარეზე საჭირო ნივთები.
"არ დავმალავ, მუდმივად მქონდა რაღაცის დამტკიცების სურვილი. მინდოდა ცოდნოდათ რუსებს, რომ ვერ ჩამკეტეს, ვერ შემზღუდეს. შეიძლება ახლა არარაციონალურად ჩანს, მაგრამ მაშინ ეს მჭირდებოდა.
სულ ვცდილობდი, რომ აქეთ ინფორმაცია წამომეღო და მეჩვენებინა რა ხდებოდა სახლში. მეჩხუბებოდნენ ჩემები შარს აიკიდებო, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. თავიდან 12-ფირიანი აპარატი გადავაპარე. სტატიის დაწერა მინდოდა სკოლისთვის და ენგურის ხიდს გადავუღე, მაშინ ჯერ კიდევ ცისფერჩაფხუტიანები იდგნენ. დამინახეს და გავიქეცი. მესმოდა "Стои, буду стрелять" (შეჩერდი, თორემ გესვრი). მომთხოვა ფოტოაპარატი მიმეცა, ბებიას ნაჩუქარი იყო და არაფრით დავთმობდი. ვუთხარი, რომ შანსი არ ქონდა და გამიშვა.
სტუდენტობის დროს ენგურზე ლეპტოპის გადატანა მოვინდომე. "ციფრული" მიმქონდა, მინდოდა სოფელში სახლები გადამეღო. მაშინ არც ინტერნეტი იყო, რომ სადმე ამეტვირთა და არც სხვა ჩიპი მქონდა, ამიტომ ლეპტოპი წავიღე. ჩიპი თუ შეივსებოდა, ფოტოები იქ უნდა გადამეტანა. ყველაფერი პარკებში მქონდა გახვეული და სკოჩებით იყო დამაგრებული. შემდეგი პროცედურა იყო მაქსიმალურად დამაჯერებლად გამეხვია ტანსაცმელში, რომ თუ დამიჭერდნენ თვალში არ მოხვედროდათ. ძალიან დიდი პრობლემა ქონდათ ციფრულ ტექნიკაზე. კადრების გატანა არ უნდოდათ და თუ გინახავდნენ წაგართმევდნენ".
არამხოლოდ ენგურის გადალახვა იყო რთული. უკან დასაბრუნებლად, ზოგჯერ, უფრო რთული დაბრკოლებებიც უნდა გაევლო.
"მეორე კურსზე ვიყავი, როცა ღამე წამოვედით მე და ჩემი ბიძაშვილი, 4 საათზე გამოვედით სახლიდან. ფეხით ვიარეთ ერთ პუნქტამდე და ვერ გადმოვკვეთეთ მდინარე. ტრაქტორით წაგვიყვანეს მეორე პუნქტამდე, იქ სამხედროები დაგხვდნენ. ტრაქტორი დავტოვეთ და იქედან ვიღაცამ ცხენით წამოგვიყვანა კიდევ ერთ ნაპირამდე, იქაც არ გამოვიდა გადასვლა. ღამე ყანებში ვიმალებოდით. დილით ფონს მივაგენით და ისე გადმოვედით".
რამდენიმე წელში თამთას მამამ ბინადრობის უფლება მიიღო, დედას კი დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი მისცეს. ოჯახი ამჯერად ენგურის ხიდიდან გადადის. პირობები არც იქაა უკეთესი.
"ახლა უკვე საბუთით გადავდივარ. დედაჩემი მიწვევს. ბოლოს ორი წლის შვილთან ერთად ვიყავი გადასული. ჩვენი დროით ცხრა სააათზე ხიდზე მივედით, აფხაზეთთან ერთთსაათიანი სხვაობა გვაქვს. ჯერ არ იყო გახსნილი ბლოკპოსტები და ველოდებოდით. აგვისტო იყო და საშინლად ცხელოდა. ყველა დაღლილი და შეწუხებული იყო.
ქართველების მხარეს ბლოკპოსტი სრული ფორმალობაა. იმდენად ფორმალურია, რომ სირცხვილის გრძნობა ჩნდება. თვითონაც იციან, რომ არაფერი შეუძლიათ. მთავარია შუაში რუსების პოსტი გაიარო და შემდეგ ე.წ. აფხაზების მხარეს გადადიხარ, სადაც, ასევე, ფორმალურად გამოწმებენ.
ბავშვით ვიდექი და როგორც ჩანს ყურადღება მივიქციე. უცებ სამხედრო ფორმაში ჩაცმული აფხაზი ბავშვი მოგვიახლოვდა. პატარა "ჯარისკაცმა", რომლის სახესაც ვერ ვივიწყებ ჩემოდნები აიღო და ბლოკპოსტამდე მიიტანა, მერე ტაქსი გააჩერა და ჩაალაგა. ბევრი სამხედროს სახე მახსოვს, რომელსაც ავტომატურად მტრად მივიჩნევდი, მაგრამ ეს ბავშვი ჩემი მტერი არ იყო".
არასაბავშვო საქანელა და კამერა
მაია ომამდე აფხაზეთში არ ცხოვრობდა. პირველად მამამ ჩაიყვანა სახლის სანახავად. დაახლოებით 10 წლის იქნებოდა, როცა ენგური "კამერით" გადაცურა.
"ჩემი სურვილი იყო, მამას სახლში წავეყვანე. ბებია, რომელიც დედასავით მიყვარდა, გარდაიცვალა. საფლავი აუცილებლად უნდა მენახა. ისეთი ხასიათი მქონდა, ვერ გამაჩერეს.
მდინარე საშინლად ადიდებული დაგვხვდა. ენგურს მიღმა ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებს ტრაქტორის ბორბლისგან კამერა ჰქონდათ გაკეთებული და ხალხი იმით გადაჰყავდათ. ენგურს კარგად იცნობდნენ და ვენდეთ, რომ უსაფრთხო იყო. "კამერაზე" დამაწვინეს, თოკები იქ მყოფმა კაცებმა და მამაჩემმა ჩაიბეს და ასე გადამიყვანეს. მდინარე მორებს მოათრევდა, რომელიც ხან მამას ეჯახებოდა, ხან კამერას. მეშინოდა, მაგრამ არ მიყვირია. დღემდე ვერ ხსნის მამაჩემი ასე როგორ გარისკა, მაგრამ როცა გაიაზრა, რომ საშიში იყო, უკვე მდინარის შუაგულში ვიყავით და ვერც დაიხევდა უკან.
სოფელში ჩავედით. ცარიელი ქუჩები დაგვხვდა. გზა მონიშნული იყო და გაგვაფრთხილეს სად უნდა გვევლო. ამბობდნენ, რომ დანაღმული იყო.
სახლი გაძარცვული დაგვხვდა. იქვე ახლოს ბიძაჩემი ცხოვრობდა და აგვიხსნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით: ხმამაღლა არ უნდა გვესაუბრა, ადრე უნდა დაგვეძინა და შებინდების შემდეგ საპირფარეშოში გასვლას უნდა მოვრიდებოდით".
მაიას არ ახსენდება ფაქტი, როცა სამხედროებმა მისი ოჯახის წევრებს რამე დაუშავეს, მაგრამ ახსოვს, რომ ხალხი შიშში ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობასთან ერთად აფხაზეთში სიტუაცია იცვლებოდა. შეიცვალა სახლში ჩასასვლელი გზებიც.
"ენგურზე რაღაც ხიდები გააკეთეს კუსტარულად. ორ თოკზე იყო დაკიდებული და ექანებოდა. წარმოიდგინე ქვემოთ აბობოქრებული მდინარე და ზემოდან საქანელა ხიდი. ამაზე გადავდიოდით.
რამდენჯერ მომიწია გადასვლა არ დამითვლია, მაგრამ ბევრჯერ ვიყავი. იმ მომენტში, როცა შენ სახლამდე მანძილს გაყურებ სირთულეებს რისკად ვერ იაზრებ.
ეს ხიდები დახვეწეს, ნაკლებად საშიში გახდა. მეორე მხარეს გადასულს თუ აფხაზები დაგხვდებოდნენ ქრთამს გადაუხდიდი და უპრობლემოდ გიშვებდნენ. ქრთამს მაშინაც ვიხდიდით, როცა საბუთები გვქონდა და ბლოკპოსტიდან გადავდიოდით. ხალხი ფულს საბუთებში დებდა, ეს ყველამ იცოდა, იღებდნენ ულაპარაკოდ და გვატარებდნენ".
აფხაზეთში ყოველწლიურად ათასობით ქართველი იპარება. ბევრ მათგანს პატიმრობაშიც მოუწია ყოფნა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, თუმცა, ამბობენ, რომ ღირდა. საკუთარ მიწაზე შეპარულები ჩუმად სეირნობენ სოხუმის, გალისა და ბიჭვინთის ნაცნობ ქუჩებში და მათთვის, ვინც აფხაზეთზე მოგონებებით ცხოვრობს ფოტოებს იღებენ.
აფხაზეთი ისეთივეა. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ თითქმის ყველგან ისმის რუსული ენა, იშვიათად აფხაზური და უფრო ნაკლებად ქართული.
კომენტარები