რა ხდება ტვინში, როცა ვკითხულობთ — მეცნიერები ამ პროცესს იკვლევენ

ფოტო: Daily Mail
კითხვა უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა შევიძინოთ, განათლება მივიღოთ და სხვადასხვა ამოცანა შევასრულოთ. წარსულში ფსიქოლოგებისა და ნეირომეცნიერების მიერ არაერთი კვლევა ჩატარდა, რათა კითხვის ნევროლოგიური საფუძვლები უკეთ გაეგოთ. მაგალითად, ის, როგორ ამუშავებს და იგებს ტვინი წერილობით ტექსტებს.
მაქს პლანკის ადამიანის კოგნიტიურ და ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა მრავალი კვლევა განიხილეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Neuroscience & Biobehavioral Reviews გამოქვეყნდა და კითხვაში ჩართული ტვინის უბნებისა და პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვთავაზობს.
"წიგნიერება სოციალური კონტაქტების, განათლებისა და დასაქმების მთავარი გასაღებია, ასევე ის კეთილდღეობასა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", — წერენ ავტორები საბრინა ტურკერი, ბეატრის ფუმაგალი და მათი კოლეგები — "163 კვლევის შეჯამებით, მოცემულ კოორდინატებზე დაფუძნებული მეტა-ანალიზი ადასტურებს, რომ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ენობრივი უბნები და ნათხემი კითხვის პროცესთან მჭიდრო კავშირშია".
მეტა-ანალიზის ფარგლებში მეცნიერებმა 150-ზე მეტი კვლევა შეისწავლეს, რომლებშიც სხვადასხვა ანბანურ ენაზე კითხვისას ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ. მონაწილეები ასოებს, რეალურ და არარსებულ სიტყვებს, წინადადებებსა და მთელ ტექსტებს კითხულობდნენ.
"აღმოვაჩინეთ, რომ ასოების, სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების წაკითხვისას ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს რეგიონები განსაკუთრებულად აქტიურობდა", — განაცხადეს მკვლევრებმა.
კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ კითხვასთან ზოგადად ტვინის გარკვეული ნაწილები ასოცირდება, თუმცა კონკრეტულად ასოების, სიტყვების, ფსევდოსიტყვებისა და ტექსტების დამუშავება სხვადასხვა უბნის ჩართულობას მოითხოვს. მაგალითად, ასოების კითხვა მარცხენა კეფის ქერქში არსებულ ნერვულ კლასტერს ასტიმულირებს, ხოლო სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების კითხვა — დამატებით სხვა უბნებსაც.
მეცნიერებმა ასევე ხმამაღლა და ჩუმად კითხვის დროს ტვინის აქტივობაში განსხვავებები აღწერეს. მაგალითად, ხმამაღლა კითხვისას მოძრაობისა და ბგერების დამუშავებასთან დაკავშირებული უბნები აქტიურდება.
"ხმამაღლა და ჩუმად კითხვის შედარებამ აჩვენა, რომ პირველის დროს უფრო აქტიურია სმენისა და მოტორული უბნები, მეორეს დროს კი — კოგნიტიური", — წერენ ავტორები — "ასევე აღმოჩნდა, რომ ჩუმად კითხვისას მარცხენა ორბიტოფრონტალური, ნათხემისა და საფეთქლის ქერქები უფრო თანმიმდევრულად აქტიურდება, ვიდრე მაშინ, როცა მონაწილეებს სთხოვენ განსაზღვრონ, რეალურია თუ არა სიტყვა. ამ უკანასკნელისას მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების ქვედა შუბლისა და განცალკევებული უბნები აქტიურდება".
ეს მიმოხილვა გვეხმარება გავიგოთ, როგორ მუშაობს ტვინი კითხვისას. მომავალში მსგავსი კვლევები შეიძლება, დისლექსიის ან სხვა დარღვევების გამოსაკვლევად გამოიყენონ.
კომენტარები