ChatGPT-ს რომელი მოდელი შეეფერება შენს საჭიროებებს? — OpenAI-ს რჩევები

ფოტო: René Ramos; OpenAI
OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელების სახელები მომხმარებლებისთვის საკმაოდ დამაბნეველი იყო. როგორც წესი, ნებისმიერი დავალების შესრულებისას ყოველთვის უახლეს მოდელს ვიყენებთ, მაგრამ კომპანიამ ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მათი მიზანია მომხმარებლებს გაუადვილდეთ ChatGPT-ს სხვადასხვა მოდელის გარჩევა და ხელოვნურ ინტელექტთან სწორი ურთიერთობა.
OpenAI-მ 3 მაისს გამოაქვეყნა სტატია სახელად "ChatGPT Enterprise — მოდელები და ლიმიტები".
მიუხედავად იმისა, რომ სტატია კომპანიებისთვისაა განკუთვნილი და აღწერს, თუ რომელი მოდელი როდის უნდა გამოიყენონ, ეს რჩევები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს.
ამჟამად ChatGPT გვთავაზობს ხუთ განსხვავებულ მოდელს — GPT-4o, o3, o4-mini, o4-mini-high და GPT-4.5.
სტატიის მიხედვით, GPT-4o რეკომენდებულია ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა შინაარსის შეჯამება, იდეების გენერირება ან მეილების შედგენა. რადგან იგი აღჭურვილია მულტიმედია ფუნქციებით, შეგიძლიათ მოდელი გამოიყენოთ თითქმის ყველა აქტივობისათვის, მათ შორის ფოტო ან ვიდეო გამოსახულების შექმნა, აუდიო მასალების გენერირება და მონაცემთა ანალიზი.
მეორე მხრივ, GPT-4.5 არის შედარებით "კრეატიული" მოდელი, რადგან ის აღჭურვილია უკეთესი ემოციური ინტელექტით, კომუნიკაციის უკეთესი ხერხებითა და ორიგინალური გადაწყვეტილებების შემოთავაზების უნარით
ის ძალიან ჰგავს GPT-4o-ს, მაგრამ თუ უფრო მეტად კრეატიულობას ანიჭებთ უპირატესობას, არჩევანი GPT-4.5-ზე უნდა შეაჩეროთ.
ChatGPT გთავაზობთ სამ მოდელს ლოგიკური ამოცანების შესასრულებლად (reasoning models), მაგრამ როდის რომელი გამოვიყენოთ?
მონაცემების თანახმად, o4-mini ტექნიკური ამოცანების შესრულებისას ყველაზე სწრაფია. მისი გამოყენება რეკომენდებულია STEM-სფეროს მოკლე შეკითხვების, პროგრამირებისა და იდეებზე მსჯელობისას.
o4-mini-high უკეთესია ისეთი ტექნიკური ამოცანებისთვის, რომლებშიც დეტალებია საჭირო, მაგალითად, რთული კოდების, მათემატიკის, სამეცნიერო ახსნებისა და მაღალი სიზუსტის მოთხოვნისას.
ამ ორ მოდელთან შედარებით, o3 გამოირჩევა რთული და მრავალსაფეხურიანი ამოცანების შესრულების მხრივ, როგორებიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, დეტალური ანალიზები, ვრცელი კოდირება, მაღალი დონის მათემატიკა და სხვადასხვა მეცნიერული კითხვები.
აღსანიშნავია, რომ ამ მოდელებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება მხოლოდ პრემიუმ პაკეტის შეძენისას გექნებათ, ChatGPT Plus-ის მისაღებად.
კომენტარები