აფხაზეთის ომის ნარჩენების უხილავი საფრთხე და ცხოვრება აფეთქების შემდეგ
სამხედრო მოქმედებების დამთავრების მიუხედავად, ადამიანებს ომისგან მიყენებული ჭრილობის მოშუშება, ხანდახან, მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ. ასე მოხდა 1992-1993 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაშიც. 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, ომი დასრულდა, თუმცა დარჩა "უხილავი საფრთხე", რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
გზის პირას მიწაზე დადებული წითელი ფერის პატარა ყუთი სკოლიდან მომავალ ბავშვებს სათამაშო ეგონათ. რამდენიმე წუთში ყველას სმენა დაეხშო.
სმენასთან ერთად, 9 წლის ლადომ ორივე ფეხი დაკარგა, ამავე ასაკის ვერონიკამ — ცალი თვალი, დანარჩენმა ხუთმა მოსწავლემ კი მსუბუქი ტრავმა და შოკი მიიღო.
ნაღმი, რომელიც არავინ იცის ვინ დადო, გალის რაიონის სოფელ საბერიოში 2001 წლის 10 აპრილს აფეთქდა. ამან შვიდი მოსწავლის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ლადოს ფეხბურთის თამაში უყვარდა და ჯარისკაცობაზე ოცნებობდა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
ბავშვობის ყველაზე ტრაგიკული დღე გუშინდელივით ახსოვს.
"თამაშ-თამაშში აგვიფეთქდა. აფეთქების შემდეგ რომ გავიღვიძე, დამწვრის მძაფრი სუნი მეცა, ტკივილს მაშინ ვერ ვგრძნობდი. მაგ სუნს დღემდე ვერ ვიტან. მესმოდა კაცის ხმა, რომელიც იძახდა: "დაღუპულან ბავშვები", — გვიყვება ლადო.
შემთხვევას პირველად გამვლელი შეესწრო. პირველადი სამედიცინო დახმარება იქვე არსებულ რუსულ სამხედრო შტაბში აღმოუჩინეს.
"სამხედრო ექიმმა მძღოლს უთხრა, თუ მალე ვერ მიიყვანთ საავადმყოფოში, სახვევი გაუხსენითო, რადგან სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის და მოკვდებაო. აფხაზები თავიდან არ მიშვებდნენ [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე], გამოვიძახეთ ვერტმფრენი სოჭიდან, წუთი-წუთზე აქ იქნება და დაელოდეთო, მაგრამ სისხლისგან ვიცლებოდი და ვერ დაველოდებოდით", — ამბობს ლადო.
ახსოვს მძღოლი, რომელიც უარს ამბობდა მის საავადმყოფოში წაყვანაზე, რადგან ბავშვის მდგომარეობის ნახვის შემდეგ ცუდად გახდა და ფიქრობდა, მანქანის ტარებას ვერ შეძლებდა. მერე სხვა დასვეს საჭესთან.
"გზაზე მეძინებოდა, ენერგია არ მქონდა, გამოფიტული ვიყავი. ჩემებს ეგონათ, რომ ვკვდებოდი, ამიტომ ვცდილობდი არ დამეძინა.
ამის შემდეგ მახსოვს საავადმყოფო, თეთრხალათიანი ქალი დიდი მაკრატლით, რომელმაც თეთრი პერანგი და უკვე დახეული ჩემი საყვარელი ჯინსის შარვალი შემომაჭრა და კუთხეში მიაგდო".
ყველაზე ცუდი დღეები პალატაში გადაყვანის შემდეგ დაიწყო: გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, გამაყუჩებლებიც ვერ უმკლავდებოდა.
"მთელი სოფელი, რაიონი, ნათესავები, უცხო ადამიანებიც მოდიოდნენ ჩემ სანახავად და უამრავი სათამაშო მოჰქონდათ. თამაში მინდოდა, მაგრამ ისეთი ტკივილები მქონდა, ჭამაც არ შემეძლო. როცა ნარკოტიკს მიკეთებდნენ, მაშინ არ მტკიოდა, მაგრამ მერეოდა წამალი, მაძინებდა და მაინც ვერ ვთამაშობდი".
ლადოს ტკივილები, დაახლოებით, ერთი წელი გაუგრძელდა. მერე იყო პროთეზისთვის მზადება, რასაც, ასევე, ტკივილები ახლდა. ფეხი სულ უღიზიანდებოდა. სიტუაციას დაბალხარისხიანი პროთეზი უფრო ამძაფრებდა. მისი მორგება უჭირდა.
"ამ შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ხუთი სკოლა გამოვიცვალე. ჩემები იშვიათად ჭამდნენ პურს და ისიც ცრემლებით უნდა ეჭამათ. დაიჩაგრა ჩემი ძმაც, რადგან დედაჩემი სულ ჩემთან იყო საავადმყოფოში".
მეგობრები ეხმარებოდნენ, რათა მათთან ერთად ფეხბურთიც ეთამაშა. ამ დროს უდიდეს ტკივილს განიცდიდა, მაგრამ არ ნებდებოდა.
მთაში რომ მიდიოდნენ, მიჰყავდათ. პროთეზით ბანაობის აზრს ვერ ხედავდა, მაგრამ მეგობრებს მაინც ეუბნებოდნენ. დაჰყავდათ სხვა სოფელში ფეხბურთის სათამაშოდაც. განსხვავება ის იყო, რომ ლადოს გამო უფრო ადრე გადიოდნენ და ლადოც უკვე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.
"ბევრი იყო განსხვავება, მაგრამ დიდად არ განვიცდიდი. უფრო სწორად განვიცდიდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ბევრჯერ დასველებულა ცხარე ცრემლებით ჩემი ბალიში, პატარაობისას.
ახლა ნევროზი მაქვს. მაღიზიანებს ადამიანების არასწორი ქცევები. ფსიქოლოგი წამლებს არ მინიშნავს, რადგან შენ ისეთი ცხოვრება გაქვს გამოვლილი, ყველა ეტაპზე შეიძლება წამოიწიოს ნერვოზმა და აქტიური ცხოვრების წესით უნდა დაამარცხოო. მეც ვცდილობ, წამლების გარეშე ვიყო".
როცა სახელმწიფო დაზარალებულად "ვერ გცნობს"
ლადო შონია დღეს კონფლიქტში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ქართული მხარისგან სამართლებრივი გზით ითხოვს. მას ეს სტატუსი დღემდე არ აქვს და სახელმწიფოსთვის იმის დამტკიცება უწევს, რომ დაზარალებულია. სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით უკვე ყველა შესაბამის უწყებას მიმართა, თუმცა მხოლოდ პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი და 220-ლარიანი პენსია აქვს.
"ყველა სხვადასხვა უწყებასთან მამისამართებდა. მივმართე სახალხო დამცველსა და პრეზიდენტის აპარატსაც, რომლის მაშინდელმა მრჩეველმა მითხრა, რომ პროკურატურისთვის უნდა მიმემართა, რადგან ასეთი ფაქტის დროს გამოძიება უნდა დაიწყოსო".
მისი საქმე ახლა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას აქვს გადაცემული, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ.
ლადო შონიას ომში დაზარალებულის სტატუსს ვერ ანიჭებენ ვერც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. როგორც უწყებაში On.ge-ს განუმარტეს, ამის მიზეზი არის ის, რომ 2001 წელს მაშინ, როცა ლადო ნაღმზე აფეთქდა, საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა.
სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვალერი ჯაფარიძის თქმით, სტატუსის მინიჭებისას ისინი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ.
"თუ საომარი მოქმედებების პერიოდებს სცდება, მაშინ, სამწუხაროდ, ვერანაირად განიხილება ვეტერანების სამსახურში და ჩვენი ბენეფიციარი ვერ იქნება. ეს პერიოდებია: 1990-1993 წლები. 90-დან 93 წლის ივნისამდე არის ომი სამაჩაბლოში. 93 წლის აგვისტოდან 93 წლის სექტემბრის ბოლომდე — აფხაზეთი და შემდეგ უკვე 2008 წლის ომი. ეს არის ომის პერიოდები, საიდანაც შეიძლება მიენიჭოს სტატუსი. ერთადერთი გამონაკლისი სახელმწიფომ 1998 წლის გალისა და 2004 წლის სამაჩაბლოს მოვლენებთან დაკავშირებით დაუშვა. სხვა პერიოდები არ აისახება", — ამბობს ვალერი ჯაფარიძე.
მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, ლადომ სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრება შეძლო. ის მესამე წელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პარასპორტის მიმართულებით მუშაობს.
მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდა. კონფლიქტის გადაჭრის გზებზე ფიქრობს და მშვიდობის მშენებლობის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. ამ მიზნით ის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობს და აფხაზ და ოს თანატოლებს ხვდება.
მისი აზრით, კონფლიქტი შეიძლება გაღვივდეს მაშინ, როცა კომუნიკაციის, ინფორმაციის, ნაკლებობაა. ის ამბობს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ.
უხილავი საფრთხე
გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან ერთად, ომის დროს დადებულ ნაღმებისგან ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობაც დაზარალდა. ასეთ თანატოლებს ლადოც იცნობს. მათთან ერთ-ერთმა არსამთავრობო ორგანიზაციამ დააკავშირა.
ბრიტანული გამნაღმველი ორგანიზაცია HALO TRUST-ის ინფორმაციით, 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთში 10 000-მდე ნაღმი იყო დადებული. ნაღმებისგან თავისუფლად კონფლიქტის ზონა მხოლოდ 2011 წელს გამოცხადდა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, საფრთხე ისევ რჩება და მათთვის აქამდე უცნობი აუფეთქებელი ნაღმების შესახებ ინფორმაცია ისევ მოსდით.
HALO TRUST-ში, ასევე, ამბობენ, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ, 1993 წლიდან, ნაღმებს 654 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
როგორც ორგანიზაციაში იხსენებენ, ბოლოს საბრძოლო მასალა გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში 2017 წელს აფეთქდა. შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 64 დაშავდა.
"მეორეხარისხოვანი" მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში
კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ომის შედეგებს დღემდე იმკის. თუმცა გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, მით უფრო 2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
აგვისტოს ომის შემდეგ, გალელ ქართველებს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული საბუთი დასჭირდათ. იმის გამო, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურმა მხარემ მათზე ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყო.
ბინადრობის დოკუმენტის აღება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და რომელიც გალელ ქართველებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მოქალაქეობის მისაღებად აფხაზური მხარე გალელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ან მეგრული გვარის აფხაზურად გადაკეთების სანაცვლოდაც სთავაზობს.
გალელ მოსწავლეებს სკოლაში მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ქართული გალის რაიონებში როგორც უცხო ენა, მხოლოდ ერთ საგნად, კვირაში ორი საათი ისწავლება.
თუმცა, აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა აქვთ. მაგალითად, იქ მცხოვრებ სომხებს აქვთ სომხურენოვანი სკოლები. იგივე წესი ქართველი მოსწავლეების შემთხვევაში არ მოქმედებს.
გალში დარჩენილი ქართველები ხედავენ, რომ მსგავსი პოლიტიკით მათ საკუთარი სახლების დატოვების გარდა, სხვა არჩევანს არ უტოვებენ.
თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თანახმად, გალის რაიონის მოსახლეობა, დაახლოებით, 30 000-დან 40 000-მდეა. აქედან 99%-ს ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. შემდეგ მოდიან აფხაზები, რუსები და სომხები.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკის კომიტეტის თანახმად, აფხაზეთში 2019 წლის მონაცემებით, 46 905 ქართველი ცხოვრობს, აქედან 30 268 მხოლოდ გალის რაიონში.
ამ მონაცემებით, ქართველები რეგიონში, აფხაზების შემდეგ, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან. მესამეზე — სომხები, 41 870 მცხოვრებით, მეოთხეზე კი, რუსები, 22 468 ადამიანით. რეგიონში სულ 245 424 პირი ცხოვრობს.
იმედის ბოლო ნაპერწკალი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის ახლადარჩეული ბჟანია/ანქუაბის დე ფაქტო მთავრობაა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ასლან ბჟანიამ გალის რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვით, გალის რაიონის მცხოვრებლები აფხაზეთის სხვა რაიონების მოსახლეობისგან განსხვავებით, მიწის გაორმაგებულ გადასახადს იხდიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება აფხაზური მხარის მორიგი ნაბიჯი გალელ ქართველებთან მიმართებით. მოხდება თუ არა გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების უზრუნველყოფა და დასრულდება თუ არა ეთნიკური კუთხით დისკრიმინაცია, რომელიც აფხაზეთის ქართულენოვან რაიონში საუკუნის მეოთხედია მიმდინარეობს.
კომენტარები