ბრედ სმიტი მსოფლიოში მესამე ადამიანია, რომელმაც ტვინში ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ჩიპი ჩაიდგა. ის პირველია, ვინც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით (ALS) ეს პროცედურა ჩაიტარა. სმიტმა YouTube ვიდეო ტვინის სიგნალებით დაარედაქტირა და გაახმოვანა.

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელსაც ასევე ლუ გერიგის დაავადებასაც უწოდებენ, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დარღვევაა. ის ძირითადად მოტორულ ნეირონებს აზიანებს — თავის ტვინსა და ზურგის ტვინში მდებარე ნერვულ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი ნებაყოფლობითი მოძრაობების კონტროლზე არიან. დროთა განმავლობაში პაციენტები ამ უნარს კარგავენ, რაც მათ ლაპარაკის, ჭამის, გადაადგილებისა და დამოუკიდებლად სუნთქვის შესაძლებლობას ართმევს.

ფოტო: Deseret News

სმიტმა გასულ კვირას YouTube-ზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც აჩვენა, როგორ იყენებს თავის ტვინის იმპლანტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან ახსენა, რომ ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) მას საშუალებას აძლევს, სიგნალების გამოყენებით მაუსი აკონტროლოს. მისი თქმით, ეს პირველი ვიდეოა, რომელიც Neuralink-ის ან ნებისმიერი BCI-ის გამოყენებით დაამონტაჟა.

ჩიპი მოთავსებული სმიტის მოტორულ ქერქშია და დაახლოებით ხუთი ერთმანეთზე დადებული მონეტის ზომისაა. მასში 1 000-ზე მეტი ელექტროდია. სმიტის თქმით, Neuralink მის ფიქრებს უწყვეტად არ კითხულობს. ჩიპი მხოლოდ ტვინის იმ სიგნალებს უკეთებს ინტერპრეტაციას, რომლებიც მიუთითებს, როგორ და რა მიმართულებით სურს ისრის გადაადგილება.

ფოტო: MIXED Reality News

კაცი თავდაპირველად მაუსის მართვას ხელის მოძრაობის წარმოდგენით ცდილობდა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამის მიღწევა უმარტივდებოდა, როცა ენის მოძრაობასა და ყბის დაჭერაზე ფიქრობდა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი სმიტის ძველი აუდიოჩანაწერების ანალიზისთვის გამოიყენეს. ისინი იმ დროს იყო ჩაწერილი, როცა კაცს ლაპარაკი შეეძლო. ჩანაწერების საფუძველზე მისი ხმის სინთეტიკური ვარიანტი შეიქმნა. ეს მას საშუალებას აძლევს, ვიდეოები თავისი ბუნებრივი ხმით გაახმოვანოს.

ჟურნალისტმა და ილონ მასკის ბიოგრაფმა ეშლი ვანსმა ცალკე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ურეკავს მასკი სმიტს Neuralink-ის გუნდის ვიზიტისას.

"ვიმედოვნებ, ეს შენთვის და შენი ოჯახისათვის გარდამტეხი მომენტი იქნება", — უთხრა მასკმა სმიტს.

"ამ ჩიპს სიხარულით ველოდი, რათა თვალის მოძრაობის ტექნოლოგიის გამოყენება აღარ დამჭირდეს", — უპასუხა სმიტმა კომპიუტერის მეშვეობით. მან განმარტა, რომ ადრე თვალის მოძრაობის საფუძველზე კომუნიკაციის ტექნოლოგიას იყენებდა, თუმცა ის მხოლოდ ბნელ ოთახებში მუშაობდა. Neuralink-ის იმპლანტის საშუალებით კი მას კომუნიკაცია უკვე ღია სივრცეში და სხვადასხვა განათების პირობებში შეუძლია.

გარდა ამისა, იმპლანტი სმიტს შვილებთან ერთად ვიდეოთამაშების თამაშის საშუალებასაც აძლევს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ თამაშობს ის "Mario Kart"-ს.

ფოტო: bhaskarenglish

"აქამდე მოსასვლელად წლები დამჭირდა და დღემდე მეტირება", — უთხრა მან ვანსს — "მშვენიერია, როცა დიდი მიზნები გაქვს. მოხარული ვარ, რომ მომავალში ეს ტექნოლოგია სხვებსაც დაეხმარება".

Neuralink-მა, რომელიც აქამდე ახალ ტექნოლოგიას მაიმუნებზე ცდიდა, 2024 წლის იანვარში ადამიანის ტვინის იმპლანტაცია პირველად ჩაატარა. პირველი პაციენტი ნოლანდ არბო გახდა, რომელიც კისრის ტრავმის შედეგად კვადრიპლეგიით, კუნთების პარალიზებით, ცხოვრობს.

არბომ Business Insider-თან საუბარში აღნიშნა, რომ იმპლანტმა მას ცხოვრების დამოუკიდებლობის განცდა და კონტროლი დაუბრუნა და საშუალება მისცა, ახალი სოციალური კავშირებიც დაემყარებინა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.