არსებობს გამონათქვამი რომ თეორიები კბილის ჯაგრისებს ჰგავს — ყველას თავისი აქვს და არავის უნდა სხვისი ჯაგრისის გამოყენება.

ეს ხუმრობით, მაგრამ როდესაც საქმე ცნობიერების შესწავლას ეხება — შეკითხვისას, თუ როგორ გვაქვს საერთოდ რაიმეს სუბიექტური გამოცდილება — ხუმრობა სიმართლისგან არც ისე შორს არის.

2022 წელს ბრიტანელმა ნეირომეცნიერმა ანილ სეთმა და მონაშის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა, ტიმ ბეინმა ერთობლივი ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ტვინის ბიოლოგიაზე დაფუძნებული 22 თეორია. 2024 წელს, ამერიკელმა საზოგადო მოღვაწემ რობერტ კუნმა 200-ზე მეტი ასეთი თეორია დაითვალა.

სწორედ ამ ფონზე გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში Cogitate Consortium-ის სახელით ცნობილი ჯგუფის "შეთანხმებული თანამშრომლობის" შედეგები, რომელიც ორ მნიშვნელოვან თეორიაზეა ორიენტირებული: გლობალური ნეირონული სამუშაო სივრცის თეორია და ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია.

ორი დიდი თეორია ერთმანეთს ეჯახება

ამდენი იდეისა და თეორიის შემოწმება ადვილი საქმე არ არის. მართლაც, სხვადასხვა თეორიის მომხრეებს შორის დებატები ენერგიული და ზოგჯერ მწვავეც კია.

Cogitate-ს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების პირველადი გამოცხადების შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია არა მხოლოდ მცდარი იყო, არამედ სამეცნიეროდაც კი ვერ კვალიფიცირდებოდა.

მიუხედავად ამისა, გლობალური ნეირონული სამუშაო სივრცის თეორია და ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია ოთხი დიდი თეორიიდან ორია, რომლებიც დომინირებს ცნობიერების შესახებ მიმდინარე დისკუსიებში. (დანარჩენი ორი თეორია უმაღლესი რიგის წარმომადგენლობისა და ლოკალური ხელახალი შესვლის თეორიაა).

თეორიების შეჯამება რთულია, მაგრამ ორივე მათგანი ცნობიერებას ტვინის სხვადასხვა ნაწილში ნეირონების აქტივობას უკავშირებს.

პროგნოზები და შედეგები

ჯგუფი შეთანხმდა, რომ ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიის თანახმად, ცნობიერება ტვინის იმ ნაწილთან არის დაკავშირებული, რომელსაც ჩვენ უკანა ქერქს (ტვინის უკანა კორტიკალური რეგიონი) ვუწოდებთ.

მეორე მხრივ, მკვლევრების აზრით, გლობალური ნეირონული სამუშაო სივრცის თეორია პროგნოზირებს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს იმის გაშიფვრა, თუ რას აცნობიერებს ადამიანი პრეფრონტალური ქერქის აქტივობიდან.

უკანა ქერქი შედგება პარიეტალური, საფეთქლისა და კეფის წილებისგან. პრეფრონტალური ქერქი შუბლის წილის წინა ნაწილია.

ფოტო: Images Plus

ეს ჰიპოთეზები (სხვა ჰიპოთეზებთან ერთად) მთელი მსოფლიოდან ბევრმა მკვლევარმა გამოცადა. შედეგები ურთიერთგამომრიცხავიც იყო. ზოგიერთი დაკვირვება შეესაბამებოდა ერთ თეორიას, ხოლო დანარჩენი მეორეს.

მაგალითად, მკვლევრებმა ვერ შეძლეს ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიით პროგნოზირებული მდგრადი სინქრონიზაციის პოვნა უკანა ქერქში. ამავდროულად, გლობალური ნეირონული სამუშაო სივრცის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ცნობიერების გაშიფვრა პრეფრონტალური ქერქიდან ვერ ხერხდება.

მეცნიერების გამარჯვება

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევა ცალსახად არცერთ თეორიას ემხრობა, ის მეცნიერებისთვის გადამწყვეტი გამარჯვება იყო. კვლევა წარმოადგენს აშკარა წინ გადადგმულ ნაბიჯს, იმ მხრივ თუ როგორ უდგებიან მეცნიერები თეორიის ტესტირებას.

მკვლევრები ხშირად ეძებენ მტკიცებულებებს საკუთარი თეორიის განსამტკიცებლად. მეორე მხრივ, ცნობიერების მეცნიერებაში ამ პრობლემის სერიოზულობა მხოლოდ 2022 წელს გახდა ნათელი, როდესაც Cogitate Consortium-ში ჩართული მკვლევრების ნაშრომი გამოქვეყნდა. ნაშრომმა აჩვენა, რომ შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ცნობიერების რომელ თეორიას ემხრობა კონკრეტული კვლევა და ეს მხოლოდ მისი დიზაინის საფუძველზე.

ცნობიერების თეორიების "შემოწმების" მცდელობების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ თეორიების დამცველებმა განახორციელეს. შედეგად, მრავალი კვლევა თეორიების დადასტურებაზე იყო ორიენტირებული.

ბოლო კვლევის პირველი მიღწევა იყო კონკურენტი თეორეტიკოსების შეთანხმება ორი თეორიის გარშემო. ეს განსაკუთრებით რთული იყო, რადგან როგორც გლობალური სამუშაო სივრცის, ასევე ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიები საკმაოდ აბსტრაქტული ტერმინებით არის ჩამოყალიბებული.

კიდევ ერთი მიღწევა იყო ერთი და იგივე ექსპერიმენტების ჩატარება სხვადასხვა ლაბორატორიაში.

პროექტის ადრეულ ეტაპზე გუნდმა კონსულტაცია გაიარა ფსიქოლოგ დენიელ კანემანისთან, რომელიც კვლევებში ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეების გაერთიანების მომხრეა.

კანემანის თქმით, არ უნდა ველოდოთ, რომ შედეგები ვინმეს აზრს შეცვლის. მისი აზრით, როდესაც საქმე ეხება ცნობიერებას, მეცნიერები საკუთარი თეორიების ერთგულები არიან.

ირაციონალურობის სარგებლიანობა

ამგვარი ირაციონალური სიჯიუტე შეიძლება პრობლემად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. სწორი სისტემების არსებობის შემთხვევაში, მსგავს ირაციონალურობას სამეცნიერო პროგრესის მოტანაც შეუძლია.

ვინაიდან ამ ეტაპზე არ ვიცით, ცნობიერებისადმი რომელი თეორიული მიდგომაა ყველაზე სწორი, სამეცნიერო საზოგადოებამ ცნობიერებას სხვადასხვა პერსპექტივიდან უნდა შეხედოს. რაც უფრო მეტი ვერსია იარსებებს და რაც უფრო აქტიურად გამოიკვლევენ მათ მეცნიერები, ზუსტ პასუხთან მისასვლელი გზის აღმოჩენის შანსები გაიზრდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.