"მებრძოლთა კლუბის" ტაილერ დერდენი — გმირი თუ ბოროტმოქმედი?
სტატია შეიცავს მებრძოლთა კლუბის წიგნის და ფილმის სპოილერებს.
დაახლოებით 20 წლის, როდესაც დევიდ ფინჩერმა ჩაკ პალანიკის 1996 წლის რომანის, მებრძოლთა კლუბის მიხედვით ფილმი გადაიღო, კრიტიკოსების აზრი ორად გაიყო. ბევრმა არ იცოდა, რა რეაქცია ჰქონოდა ამ ჩახლართულ ალეგორიაზე, რომელიც რეჟისორმა ედვარდ ნორტონის მიერ შესრულებული ამერიკელი "ხელფასის მონის" სახით გადმოსცა. ნორტონის პერსონაჟი კაპიტალისტურ ეკონომიკაში მხოლოდ პატარა ჭანჭიკია და თავისი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ყველა სხვა ჭანჭიკმა გამართულად იმუშაოს. ის სადაზღვევო სარჩელებს აფასებს და, სანაცვლოდ, გამომუშავებულ ფულს იკეას კატალოგიდან გამოუსადეგარი ნივთების გამოწერაზე ხარჯავს.
ამასთან, პერსონაჟი — რომელიც ხშირად მოხსენიებულია როგორც უბრალოდ მთხრობელი, მაგრამ ფილმში ის საკუთარ თავს "ჯეკს" ეძახის — ამ მანქანის ნაწილად ყოფნისას მზარდ მოუსვენრობასაც განიცდის. უძილობით დატანჯული, ის იტყუება, რომ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სათესლე ჯირკვლის კიბოთი ან ანემიით დაავადებულთა მხარდამჭერ ჯგუფებში მონაწილეობით და სხვების ფიზიკური და ემოციური ტკივილის ყურებით ცდილობს სიმშვიდის და შვების მოპოვებას.
მიუხედავად ამისა, სანამ ტაილერ დერდენს არ შეხვდება, მთხრობელი მაინც ვერაფრით ივსებს სულიერ სიცარიელეს. ტაილერი ყველაფერია... რაც ნარატორი არ არის. დასაწყისისთვის, ის ბრედ პიტია. მომხიბვლელი, სიმპათიური, იდეალური სხეულითა და საზოგადოების ნორმებისგან სრულიად თავისუფალი. ტაილერი სამყაროს წინააღმდეგ შურისძიების ერთკაციან მისიაზეა: ძვირადღირებული რესტორნების სამზარეულოებში კერძებში ისაქმებს და კლინიკებიდან ლიპოსაქციის პროცედურის შემდეგ მოპარული ადამიანის ცხიმით საპონს ამზადებს, რომელსაც შემდეგ ისევ იმ მდიდარ ქალებს ჰყიდის, რომელთა წყალობითაც ეს საპნები დაამზადა.
ტაილერი მთხრობელს დაანახებს, რომ ყოვლისმომცველი კონსუმერიზმი, რომელშიც ისაა ჩაბმული, აღმოსაფხვრელი პრემილენიალური დაავადებაა. ის აჩვენებს, რომ ერთადერთ საშუალება, რომ კაცმა თავი რაღაცად იგრძნოს, მიწისქვეშა "მებრძოლთა კლუბებში" სხვა კაცების დასისხლიანებამდე ცემაა. თავიდან ასეთი მხოლოდ ორი კლუბი არსებობს, მაგრამ თხრობის განვითარებასთან ერთად "მებრძოლთა კლუბი" შტატების მასშტაბით გაუკონტროლებელი მოძრაობა ხდება.
ფილმი, მებრძოლთა კლუბი, ბრუტალური, სექსუალური, აგრესიული, მომხიბვლელი და, ერთი შეხედვით მაინც, ძლიერი გზავნილის მქონეა — საგნები, რომლებიც შენ გეკუთვნის, ბოლოს შენვე გისაკუთრებენ. მაგრამ, ნამდვილად არის ეს მთავარი გზავნილი? არის ეს ანტიკონსუმერისტული განცხადება თუ, სინამდვილეში, საერთოდ სხვა რამაა?
შეიძლება, სწორედ ბუნდოვანება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფილმით თავდაპირველად მრავალი არ მოხიბლულა. უკვე დიდი ხანია, ის 90-იანი წლების — და ზოგჯერ ყველა დროის — საუკეთესო ფილმების სიებში რეგულარულად ხვდება. თუმცა გამოსვლისას, 1999 წლის შემოდგომაზე, მას ნაკლები ენთუზიაზმი ერგო. ვენეციის კინოფესტივალზე იმ ხმაურიანი პრემიერის შემდეგ, რომელმაც ინდუსტრიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ფილმმა ვერ მოახერხა ბევრი ბილეთის გაყიდვა და კრიტიკოსების პოზიციებიც გაიყო.
Rolling Stone-ის კრიტიკოსს, პიტერ ტრევერსს ფილმი მოეწონა. "მებრძოლთა კლუბი ჩაგითრევს, შენს წარმოდგენებს შეარყევს, სამყაროს შეგიქანებს და უფსკრულის წინ მოცინარს დაგტოვებს", — წერდა ის, — "ფილმი ცოცხალია და უკომპრომისო ამერიკული კლასიკაა".
აი, სხვა ცნობილ კრიტიკოსს, როჯერ ებერტს კი ფილმმა სულ სხვა შთაბეჭდილებები დაუტოვა. "მებრძოლთა კლუბი არის ყველაზე გულწრფელად და მხნედ ფაშისტური ვარსკვლავური ფილმი Death Wish-ის შემდეგ, ძალადობის ზეიმი, რომელშიც გმირები საკუთარ თავებს დალევის, მოწევის, სექსისა და ერთმანეთის ცემის ლიცენზიას უწერენ", — წერდა ის გაღიზიანებული, — "ზოგჯერ, მრავალფეროვნებისთვის, ისინი საკუთარ თავებსაც სცემენ. ეს მაჩო პორნოგრაფიაა". პიტერ ბრედშოუც, ბრიტანული გამოცემა The Guardian-იდან, არც ისე დიდი მოწონებით აღნიშნავდა, "დასასრულს, ფილმი კატასტროფულად ხმამაღალ, ზედაპირულ, ქედმაღლურ მოწყენილობად გადაიქცა, თითქოს და მოულოდნელი დასასრულით, რომელიც, სინამდვილეში, არ მუშაობს".
ბრედშოუ ნამდვილად არ ყოფილა ფანი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მან ნამუშევრის არსის გაგება ფილმის მრავალ დამცველზე უკეთ მოახერხა. გარკვეული პერიოდი ბევრი პოზიტიური რეცენზია ტაილერ დერდენის მხრიდან კაპიტალისტურ კულტურაზე თავდასხმას ტაშს უკრავდა, ბრედშოუმ კი ფილმი სხვანაირად გაიგო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მებრძოლთა კლუბი, დასაწყისში მაინც, "მასკულინობის თანამედროვე ყალბი კრიზისის" სატირაა. ეს ის ელემენტია, რომელიც, შესაძლოა, განსაზღვრავს კიდეც ფილმის არსს და ორი ათწლეულის შემდეგაც კი ბევრისთვის გაუგებარი რჩება.
მთავარი მოულოდნელობა
მოულოდნელ დასასრულში, რომელზეც ბრედშოუ საუბრობს, რასაკვირველია, მთხრობელი და ტაილერ დერდენი რომ ერთი და იგივე პიროვნებაა, ის იგულისხმება. პირველმა მეორე საკუთარ ავატარად შექმნა — იმის სათქმელად და საკეთებლად, რისი თქმაც და ჩადენაც თავად შიშს ჰგვრიდა. პერსონაჟი დამცირებული, დაჩაგრული და პარალიზებულია, ტაილერი კი მისი ქვეცნობიერი გასაქცევი გვირაბია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ფილმის კულმინაციამდე ვერ აანალიზებს.
მთხრობლისათვის — ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამ სიმართლეს გააცნობიერებს — გარდამტეხი მომენტი მაშინ დგება, როდესაც მიხვდება, რომ დერდენი "მებრძოლთა კლუბის" მილიციურ დაჯგუფებად, "პროექტ ქაოსად" გარდაქმნას ცდილობს. ტაილერმა ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთის დასისხლიანებაში შვება და მიზანი პოვეს, საზარელი ტერორისტული თავდასხმის გეგმის განსახორციელებელ კერძო არმიად გარდასახა.
მთხრობელი ოპერაციის შესაჩერებლად მთელ ქვეყანაში მოგზაურობს... მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ მიხვდეს, ის თავადაა ტაილერი. შედეგად, ნარატორსა და მისი იდენტობისგან შექმნილ არსებას შორის ბრძოლა ჩაღდება.
რაც შეეხება მაყურებელს, მართალია, ფილმის შუა ნაწილამდე ტაილერს ვგულშემატკივრობთ მისი რობინ ჰუდისეული მისწრაფებების გამო (მას საკრედიტო ბარათების კომპანიების აფეთქება და მილიონობით ამერიკელის საკრედიტო ისტორიის წაშლა სურს), მაგრამ ფილმის დასასრულს ჩვენ, ისევე როგორც მთხრობელი, ვაანალიზებთ, რომ ტაილერი ბოროტმოქმედი, ფრანკენშტაინის უკონტროლო მონსტრია.
მაგრამ ეს ფილმის მხოლოდ ერთ-ერთი გაგებაა, რადგან როდესაც საქმე მებრძოლთა კლუბს ეხება, ყველა სულაც არ ფიქრობს, რომ ტაილერი ცუდი ტიპია... პირიქით, უამრავი ადამიანი მას დღესაც გმირად მიიჩნევს.
ფილმი რომ გამოვიდა, ინტერნეტი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ეს იყო იქამდე ერთი ათწლეულით ადრე, სანამ ადამიანთა უმრავლესობა ტვიტერისა და ფეისბუქის მსგავსი სოციალური ქსელების მოხმარებას დაიწყებდა. მაგრამ ალტერ-ეგოს ფენომენის ანალიზით, ფილმმა — და მანამდე პალანიკის წიგნმაც — იწინასწარმეტყველა დრო, როცა ადამიანები საკუთარ ონლაინ პერსონებს ქმნიან და მათ უკან დამალულებს ისეთი აზრების გამოთქმა შეუძლიათ, როგორის რეალურ ცხოვრებაში გაჟღერების გამბედაობაც არასდროს ეყოფოდათ.
Reddit-ის აკვიატება
შეიძლება გასაკვირი არაა, რომ უკიდურესად გაბრაზებული მაჩო ფანტაზიის ფიგურა, ტაილერ დერდენი კაცთა უფლებების აქტივიზმის არაირონიული სიმბოლო გახდა. კაცთა უფლებების მოძრაობა ფემინიზმის საპასუხოდ უკვე ათწლეულებია, არსებობს, მაგრამ მან განსაკუთრებით ინტერნეტის ეპოქაში მოიკიდა ფეხი. და თუ მისი მიმდევრების საუბრებს რედიტის ფორუმების განხილვებით ადევნებთ თვალს, შემჩნეული გექნებათ, რომ მებრძოლთა კლუბი და დერდენი მათი აშკარა აკვიატებაა.
ამგვარი დამოკიდებულების სახასიათო ნიმუში მომხმარებლის, The Motte-ს მიერ დაწერილი ეს სიტყვებია: "დღეს კაცები თანამედროვეობის სოციალურ მოთხოვნებთან არსებითი შეუთავსებლობის გამო იტანჯებიან. ევოლუციურად ჩვენ სანადიროდ, საბრძოლველად, მოსაკლავად, გადასარჩენად ვვითარდებოდით, მხოლოდ საკუთარი კუნთების ძალისა და ინსტინქტის იმედად... თანამედროვე სამყარომ ცხოვრების ეს ასპექტი სრულიად გაანადგურა და ის სუსტი, გაფუჭებული კონსუმერული კაპიტალიზმით ჩაანაცვლა. კაცებს არა მხოლოდ ეკრძალებათ, იყვნენ ძლიერები, აგრესიულები და ნამდვილი ბიოლოგიური სურვილებით მართულნი, მათ დამატებით იმასაც ეუბნებიან, რომ ეს მიდრეკილებები ბარბაროსული და სასჯელის ღირსია... ნამდვილად ვფიქრობ, ტაილერ დერდენის ფილოსოფია იმ რეალურ პრობლემებს ეხება, რომლებსაც გარკვეული სახით ყველა ჩვენგანი გრძნობს. მგონია, რომ ცხოვრებაში რეალური რისკის გარეშე კაცები თავს დაუკმაყოფილებლად გრძნობენ, ასეთ რისკს მათ ადრე სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებები აგრძნობინებდა".
ტაილერი მხოლოდ მმართველი ძალების წინააღმდეგ არ მიდის. მას სურს, ჩამოანგრიოს ის მთლიანი სტრუქტურა, რომელიც მას თანამედროვე სამყაროში თითქოს და დამამცირებელ, "არამამაკაცურ" ადგილს უჩენს, რაც ქორწინებით, შვილებითა და შუა ეკონომიკური ფენისთვის დამახასიათებელი კარიერიზმით შებოჭვას გულისხმობს. ტაილერი თავის გრძელ სიტყვაში, რომელშიც მასკულინობის დასუსტებას ეწინააღმდეგება, აცხადებს: "ჩვენ ქალების მიერ აღზრდილი კაცების თაობა ვართ. ნუთუ, კიდევ ერთი ქალია ის პასუხია, რაც ჩვენ გვჭირდება?"
გმირი თუ ტოქსიკური ნარცისი?
შეიძლება, "ტოქსიკური მასკულინობა" 1999 წელს ისეთი პოპულარული ტერმინი არ იყო, როგორიც დღესაა, თუმცა უდავოა, რომ ტაილერ დერდენი ამ სიტყვებში დატეული აზრის ერთ-ერთი მთავარი ილუსტრაციაა. მაგრამ რატომ გახდა ის ამდენი ადამიანის გმირი — და თუ მისი გმირად აღიარება შეცდომაა, ეს ფილმის ბრალია თუ მაყურებლის?
ლორი პენი, ფემინისტი ჟურნალისტი და მწერალი, საკუთარი ანტიკაპიტალისტური ხედვის მიუხედავად, ტაილერ დერდენში სოციალური სამართლისთვის ყალბ მებრძოლს ხედავს. "ის კონსუმერიზმზე წმინდად ესთეტიკურ დონეზეა გაბრაზებული. სინამდვილეში, მას არავითარი სახის სოციალური პროგრამა არ აქვს. ფილმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სცენაში ის აზიური რესტორნის თანამშრომელს იარაღს უმიზნებს და უხსნის, რომ მადლიერი უნდა იყოს, რადგან ეს გამოცდილება თავს ცოცხლად აგრძნობინებს. სამყარო ასე საერთოდ არაა მოწყობილი. ეს ადამიანი რესტორანში იმიტომ არ მუშაობს, რომ ხელმოცარული და კონსუმერიზმს დამორჩილებულია. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ფული სჭირდება. ახლა კი ზემოდან პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც აქვს მოძალადე ეგოისტის წყალობით, რომელიც მას ქუჩაში თავს დაესხა. ყოჩაღ, ტაილერ".
მართალია, პენი დერდენის ფანი არ არის, მაგრამ ამბობს, რომ თავად ნაწარმოების ფანი ნამდვილად გახლავთ. "პალანიკის წერის სტილის თაყვანისმცემელი ვარ", — ამბობს ის და აღიარებს, რომ როდესაც ფილმი გამოვიდა, ნამდვილად მოეწონა, თუმცა დროის გასვლამ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მისი გრძნობები შეცვალა. პრობლემას განსაკუთრებით იმ ფაქტში ხედავს, რომ ამბის ფილმისეულ ინტერპრეტაციაში ტაილერის გზავნილი და ქარიზმა უფრო ძლიერია, ვიდრე იდეა, რომ რეალურად დერდენი არასწორია.
"ფილმი იმდენ სიამოვნებას იღებს მისი შეშლილ მოჩვენებად წარმოჩენისგან, რომ ავიწყდება, ის საშიში პერსონაჟი უნდა იყოს", — ამბობს პენი, — "ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ უამრავ ახალგაზრდა კაცს მართლა სჯერა, რომ მიზოგინია ერთგვარი გაბედული სოციალური ამბოხის ფორმაა. მათთვის ქალები და ქალურობა ჩაგვრასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარეობს სისულელე ქალების მიერ აღზრდილი კაცების თაობის შესახებ. კაცების რომელი თაობა არ აღუზრდია ქალებს? ტოქსიკური მასკულინობა სოციალური ცვლილებებისთვის რევოლუციური ძალა არაა. მგონი, ასე არც პალანიკი ფიქრობს. მაგრამ აშკარაა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ გვეთანხმება".
ნიშნავს თუ არა, რომ ამ "ცუდი ფანების" გამო მინიმუმ ფილმი მაინც პენისთვის გამოუსწორებლად გაფუჭებულია? "არ მიმაჩნია, რომ ხელოვნების ნიმუშის ინტერპრეტირებისთვის არსებობს ერთი სწორი გზა, მაგრამ აშკარაა, ჩემთვის უფრო ძნელია, კარგი კადრების წყობითა და შესანიშნავი საუნდტრეკებით ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორსაც ცამეტი წლისა ვიღებდი. ან, შეიძლება, უბრალოდ გავიზარდე იმისთვის რომ, კონსუმერიზმის სიძულვილის გამო უცნობებისთვის სახეში დარტყმა კარგ საქციელად მომეჩვენოს".
თავად ავტორის ხედვა
ალბათ ის ადამიანი, ვისაც ტაილერ დერდენის თაობაზე გადამწყვეტი აზრი უნდა ვკითხოთ, თავად ჩაკ პალანიკია. თუმცა ავტორი სწორხაზოვანი პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს. "ჩემი პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ჩემი ნამუშევრისა და პერსონაჟებისათვის ზუსტი მნიშვნელობა ან განზრახვა არ მიმენიჭებინა", — ამბობს ის, — "ეს მკითხველს მონაწილეობის საშუალებას არ მისცემდა. სიტუაცია იმას ჰგავს, რორშახის ტესტის დროს რომ ვიკითხო, რას მეტყვით, ეს სისხლისმწოველი ღამურას ფოტო რას გაგონებთ-მეთქი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პასუხისგან გაქცევას ვცდილობ, მაგრამ რატომ უნდა ჩავუშხამო მკითხველს სიამოვნება?"
ამის მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას წიგნისა და ფილმის დერდენებს შორის არსებულ განსხვავებებს. ფილმის სცენარის ავტორმა, ულსმა ისეთი ელემენტები შემოიტანა, რომლებიც პერსონაჟის გმირული მახასიათებლების გაძლიერებას ემსახურებოდა: მაგალითად, მისი ეგრეთ წოდებული "პროექტი ქაოსი" ფილმში უფრო მნიშვნელოვანია, მისი გეგმა საკრედიტო კომპანიების განადგურების შესახებ კი დარდენს ლამის ფილანთროპად წარმოგვიჩენს.
"ჯიმ ულსმა იფიქრა, რომ ტაილერის სიგიჟის ასახსნელად რაიმე უფრო დიად და ხელშესახებ მიზანს უნდა ეარსება", — ამბობს პალანიკი, — "[მაგრამ] მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ისტორია ერთი ადამიანის გამოსწორებაზე უფროა, ვიდრე — საზოგადოების". მწერალი ტაილერ დერდენს ჯორდან პიტერსონს ადარებს — არაერთგვაროვანი რეპუტაციის მქონე კანადელ ფსიქოლოგსა და მწერალს, რომელიც კაცებისთვის ერთგვარი გურუ გახდა საკუთარი ფილოსოფიით იმის შესახებ, რომ გენდერული პოლიტიკისგან დახეიბრებულ კაცებს გაძლიერება სჭირდებათ. "ტაილერი ყოველთვის მკაცრ [ცხოვრების სტილის] მწვრთნელად წარმომედგინა, რომელიც მთხრობლის მორჩილ ბიჭობასა და დამოუკიდებელ მოზრდილობას შორის ხიდის გასადებად შეიქმნა. ჯოზეფ კემპბელის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ტაილერი 'მეორადი მამის' ფიგურაა — ერთგვარი მასწავლებელი, მწვრთნელი, მოძღვარი ან ინსტრუქტორი, რომელიც შვილობილს იმაზე მეტი გამოწვევების გადალახვისკენ უბიძგებს, ვიდრე ამას ბიოლოგიური მამა გაბედავდა".
მწერალმა ნილ სტრაუსმა 2005 წელს ცნობილი წიგნი, თამაში, გამოსცა, რომელშიც "ფიქ-აფ არტისტების", ანუ ქალების შესაცდენად ფსევდო-მეცნიერული ტექნიკების გამომყენებელთა წესები და მეთოდები შეკრიბა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი, რომელზეც სტრაუსი წერს, ტაილერ დერდენის სახელს ატარებს. მისი ნამდვილი სახელი ოუენ ქუქია და საკუთარი "რჩევების" გასავრცელებლად ფიქ-აფ ვებგვერდიც შექმნა, სახელად, ნამდვილი სოციალური დინამიკა.
შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რომ ტაილერ დერდენის ასეთი გამოყენება პალანიკს უნდა აღიზიანებდეს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მწერალი მიზანმიმართულად ნეიტრალური რჩება. "კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ადამიანს რორშახის ტესტის ან სარკეში დანახულის არასწორად წაკითხვა შეუძლია?" — ამბობს ის ამ საკითხზე, — "ნილ სტრაუსმა ტაილერის სახელი თავის წიგნში გამოიყენა და ბევრად მეტი ფული გააკეთა, ვიდრე მე. ყველამ ვიცით, რისი ყველაზე გულწრფელი ფორმაცაა იმიტაცია".
რომანში იმის გარდა, რომ ტაილერი ნაკლებად ალტრუისტია, ამასთან მეტად უკონტროლო და მკვლელობისკენ მიდრეკილიცაა — ის მთხრობლის ნამდვილი ბნელი მხარეა. ნაწარმოებში საერთოდ არ არის ნახსენები რაიმე ისეთი სახის აშკარა ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც ბრედ პიტს აქვს. ამან, რომანისეული ტაილერისგან განსხვავებით, ფილმისეული ტაილერის როლურ მოდელად ქცევას უდავოდ შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, პალანიკისთვის ეჭვგარეშეა, რომ ბრედ პიტი იდეალური დერდენია.
"პიტი აშკარა არჩევანი იყო — შეიძლება, ერთადერთიც კი — როგორც კლარკ გეიბლი რეტ ბატლერის როლზე", — ხსნის მწერალი, — "რეჟისორ დევიდ ფინჩერს სურდა, რომ როდესაც პიტი ასეთ რამეს იტყოდა — მე ისე გამოვიყურები, როგორც შენ გსურს, გამოიყურებოდე. მე მასთან ვწევარ, ვისთანაც შენ გინდა, იწვე — ამ სიტყვებს მეტამნიშვნელობა შესძენოდა. რომელი სხვა მსახიობი შეძლებდა ასეთი სცენის შესრულებას 1998 წელს, როდესაც ფილმს იღებდნენ? არ იქნებოდა ბრედი, არ იქნებოდა ფილმი".
ფილმის გარეშე ტაილერის სახით გმირის ფიგურაც არ იარსებებდა კაცთა უფლებების მოძრაობისთვის. ირონიულია, რომ მას ამგვარი გავლენა სულაც არ ექნებოდა ამ ადამიანებზე, რომლებსაც, სინამდვილეში, ბრედ პიტობა სურთ. ფილმში ტაილერი თავის გრძელ, მანიფესტის მსგავს მონოლოგში წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ თანამედროვე კაცის ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორებიც მსოფლიო ომი ან დიდი დეპრესიაა. ამის მერე კი ამატებს: "ჩვენ ტელევიზორების წინ გავიზარდეთ და გვჯეროდა, რომ ერთ დღესაც ყველანი მილიონერები, კინოს ღმერთები და როკ-ვარსკვლავები ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ მოხდება. ჩვენ ნელ-ნელა ვაცნობიერებთ ამას".
კომენტარები