კალიფორნიაში, შესაძლოა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს სიფხიზლისათვის გადაუხადონ
კალიფორნიაში კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს სიფხიზლისათვის გადაუხადონ.
The Associated Press-ზე დაყრდნობით, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ფედერალური მთავრობიდან ნებართვა მოითხოვა, რათა "მედიკეიდის" (მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენისთვის გაწეული უფასო სამედიცინო დახმარება) საშუალებით გადასახადებიდან მიღებული თანხა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს გადაუხადონ სიფხიზლისთვის. ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა ამჟამად კალიფორნიის კანონმდებლობაში დევს და აშშ-ის სენატს უკვე გადაეცა.
პროცესს "გაუთვალისწინებელ შემთხვევათა მართვა" ეწოდება და საკმაოდ მარტივი გასაგებია.
ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები თანხას ტესტებისთვის იღებენ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში უტარდებათ. როგორც The Associated Press-ი ახსენებს, მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსს გაივლით და ნარკოტიკების გამოყენებაზე არც ერთი ტესტი არ მეტყველებს, შეგიძლიათ სასაჩუქრე ბარათის სახით რამდენიმე ასეული დოლარიც კი მიიღოთ.
ასევე იხილეთ: აშშ-ში 2027 წლიდან გამოშვებული ავტომანქანები მძღოლებს ალკოჰოლზე შეამოწმებენ — შესაძლო კანონი.
იდეა საკმაოდ რადიკალურად ჟღერს, თუმცა ფედერალური მთავრობა ვეტერანებში ნარკოტიკების მოხმარებასთან ბრძოლისთვის უკვე იყენებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიდგომა წამალზე დამოკიდებულებასთან ბრძოლისას გასაოცარი ეფექტურობით გამოირჩევა.
კონცეფციის წარმატებული ხორცშესხმა შეგვიძლია ტაირონ კლიფორდის შემთხვევით ვიხილოთ, რომელმაც San Francisco AIDS foundation-ის — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც "გაუთვალისწინებელ შემთხვევათა მართვის" პროგრამა უზრუნველყო — ანალოგიურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
კლიფორდმა პრესას განუცხადა, რომ პირველი ნარკოლოგიური ტესტის უარყოფით პასუხში 2 დოლარი გადაუხადეს, შემდეგი ტესტების განმავლობაში კი თანხა კიდევ იზრდებოდა. 12 კვირის შემდეგ, მას პროგრამიდან დაახლოებით 330 დოლარი ჰქონდა მიღებული.
"ვიფიქრე, რომ 12 კვირით ამას ნამდვილად შევძლებდი. აქამდეც გამიკეთებია, როდესაც ჩემი ნარკოდილერი ციხეში იჯდა. ვიფიქრე, რომ დასრულების შემდეგ 330 დოლარი მექნებოდა ნარკოტიკებისთვის".
მაგრამ, ნაცვლად ფულის ნარკოტიკებზე დახარჯვისა, მან ლეპტოპი შეიძინა, რომელიც სკოლაში დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა. მისი თქმით, პროგრამის დასრულებიდან 11 წელი გავიდა და ნარკოტიკი ჯერაც არ გამოუყენებია.
მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროგრამამ, შესაძლოა, ძალიან დიდი გავლენა იქონიოს საზოგადოების იმ წევრებზე, რომელთაც ასე ესაჭიროებათ დახმარება. თუ კალიფორნიის შემთხვევაში მიდგომა გაამართლებს, სამომავლოდ, შესაძლოა, მსგავსი კანონპროექტი სხვა შტატებშიც ვიხილოთ.
კომენტარები