აშშ-ში 2027 წლიდან გამოშვებული ავტომანქანები მძღოლებს ალკოჰოლზე შეამოწმებენ — შესაძლო კანონი
ახლო მომავალში, მართვის დაწყებამდე შესაძლოა ავტომანქანისთვის საკუთარი სიფხიზლის დამტკიცება დაგჭირდეთ.
როგორც Motherboard იუწყება, ამჟამად კონგრესი ინფრასტრუქტურული კანონპროექტის უახლესი ვერსიის 1 066-ე გვერდზე მოყვანილ დებულებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც 2027 წლიდან წარმოებულ ნებისმიერ ავტომობილს გარკვეული სახის საკონტროლო სისტემა უნდა ჰქონდეს ყველას დასაფიქსირებლად, ვინც კი მანქანის მართვას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეეცდება. იდეა იმ მხრივაა საინტერესო, თუ როგორ შეიძლება საავტომობილო მრეწველობამ უფრო აქტიური როლი შეასრულოს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, როგორც Motherboard აღნიშნავს, მიზეზი გვაქვს, რომ სკეპტიკურად განვეწყოთ ალკოჰოლ-აღმომჩენი ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც ამჟამად მუშავდება.
ამჟამად, ალკოტესტ ჩასასუნთქ მოწყობილობებს, რომელთა მიმაგრება ნასვამ მძღოლთა ავტომობილებზე შეიძლება, შეცდომების მაჩვენებელი მცირე აქვს, მაგრამ არა — ნულოვანი, როგორც Motherboard აღნიშნავს. თუ ავტომანქანის ჩასართავად ქვეყანაში ყველას მოუწევდა ხელსაწყოში ჩაბერვა, პუბლიკაციის უხეში გამოთვლის თანახმად, ყალბი დადებითი შედეგის გამო მილიონობით ადამიანი ვერ შეძლებდა სასურველ ადგილას წასვლას ყოველდღიურად.
საკანონმდებლო მონახაზი არანაირი პროგრამისა თუ ტექნოლოგიის სახელს არ აკონკრეტებს, მაგრამ, Motherboard-ის ვარაუდით, იგულისხმება, რომ მომავალში ისეთ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელსაც ამჟამად უსაფრთხოების პროგრამისთვის განკუთვნილი მძღოლის აკლოჰოლზე შემოწმების სისტემა (DADSS) ავითარებს.
DADSS ორ პასიურ სისტემას ამუშავებს, რომელიც მთვრალ მძღოლებს გამოიჭერს. ერთი მანქანის შიგნით ალკოჰოლის ამონასუნთქს გააკონტროლებს ჰაერში, მეორე კი მძღოლის სისხლში ალკოჰოლის დონეებს განსაზღვრავს კანის საშუალებით, როდესაც იგი ავტომობილის დასაქოქ ღილაკს დააჭერს.
ამჟამად DADSS-ის სუნთქვის სენსორი "ყველაფერი ან არაფრის" პრინციპით მუშაობს და მხოლოდ ალკოჰოლის არსებობასა თუ არარსებობას ზომავს იმის ზუსტად განსაზღვრის ნაცვლად, აღემატება თუ არა კანონიერ ლიმიტს სისხლში მისი რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ განახლებებზე მუშაობს, რომელიც ტექნოლოგიას მეტი სიზუსტით უზრუნველყოფს და ნაკლებად შემაწუხებელს გახდის.
კომენტარები