10 შემთხვევა, როცა ჩცდ-მა ძალადობის საფრთხე თვალნათლად გვაჩვენა
პოპულარული ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები წლების განმავლობაში არაერთ სოციალურ პრობლემას გამოეხმაურა. შემქმნელებმა, ცხადია, ვერც ძალადობის თემას აუარეს გვერდი — იმის მიუხედავად, რომ ჩცდ თავდაპირველად სატირულ პროექტად იყო ჩაფიქრებული, მასში რეალობის პირქუში მხარე შეულამაზებლად ვიხილეთ. სერიალში სხვადასხვა სახის ძალადობისა და მისი თანმხლები გარემოებების ასახვა სცადეს და ეს მეტისმეტად რეალისტურიც გამოუვიდათ.
სტატია შეიცავს სპოილერებს ჩცდ-ის განვლილი სეზონებიდან
1. ოჯახში ძალადობა ზაზას მხრიდან
სერიალის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზი, რომელიც პირველივე სეზონიდან ვითარდება, ზაზას და ქეთის ურთიერთობაა. მათი ოჯახი დასაწყისიდანვე ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივ კავშირს წარმოადგენდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონების განმავლობაში პერსონაჟების მრავალგვარი განვითარება ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა არ შეცვლილა.
ქეთიზე ზაზას მხრიდან ძალადობის ცალკეული შემთხვევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს — ნინას ძიძასთან "ეჭვიანობის" სცენებით დაწყებული, მეგობრებთან ერთად გართობის შეზღუდვით დამთავრებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ამ ოჯახში ვიხილეთ, ქორწინებაში ქეთის მიერ წამოწყებული ახალი ურთიერთობაა. ეს ისტორია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საშუალება მოგვცა, კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა, როგორ განსხვავებულად აღიქვამს საზოგადოება ქალისა და კაცის ერთსა და იმავე ქმედებას. ამ დამოკიდებულების ყველაზე თვალსაჩინო განსახიერება კი ზაზას დედაა, რომელიც თავისი შვილის ძალადობას, ასევე ქორწინებაში დაწყებულ ახალ ურთიერთობებს, წლების განმავლობაში აფარებდა ხელს "ოჯახის გადარჩენის" მოტივით. თუმცა, სრულიად სხვაგვარი იყო მისი პოზიცია, როცა "მოღალატის როლში" არა თავისი შვილი, არამედ "ოჯახის შემარცხვენელი რძალი" აღმოჩნდა.
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, კიდეც, რომ ბოლო სეზონებში ზაზა "გამოსწორდა" და ქეთის "ყველაფერი აპატია". თუმცა, მაშინაც აშკარა იყო, რომ იგი ასე ერთადერთი მიზნით იქცეოდა — ყოფილი ცოლის გასაკონტროლებლად. ქეთისა და თავისი შვილის სახლში დაბრუნებაზე უარს იმიტომ კი არ ამბობდა, რომ დედის სიტყვის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, არამედ იმიტომ, რომ "ოჯახის შემარცხვენელ ცოლთან" შერიგებას არაფრის დიდებით არ უშვებდა. ამავდროულად, ქეთის პირად ცხოვრებაში სიახლეების შესახებ გამუდმებით ეკითხებოდა.
2. ნატაშკასა და პაატას ძალადობრივი ურთიერთობა
კიდევ ერთ აშკარა ძალადობას ნატაშკასა და პაატას ურთიერთობაში ვხვდებოდით. ნატაშკას მაგალითზე მართლაც თვალნათლივ დავინახეთ, რამდენად რთულია ქალის ცხოვრება მოძალადე ქმართან თუნდაც გაშორების შემდეგ. რადგან მასკულინურ კულტურაში "ოჯახის სიწმინდის" დამცველად ქალი მიიჩნევა, იგი ამ ინსტიტუტის ერთგვარი ტყვე ხდება და მისგან თავის დაღწევას გაშორებითაც ვერ ახერხებს. პაატას ძალადობრივი ქმედებების მოტივი სწორედ ყოფილი ცოლის მიერ მისი "სახელის შებღალვა" იყო. მეტიც, მუდმივად ცდილობდა, ეს დამოკიდებულება გარდატეხის ასაკში მყოფი შვილებისთვის ჩაენერგა, რათა მათ დედა მამის საპატიმროში ყოფნისას "გაეკონტროლებინათ". ნიშანდობლივია ისიც, რომ პაატა საპატიმროდანაც კი ახერხებდა ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ამ ურთიერთობამ კიდევ გვაჩვენა, რა გავლენა აქვს მოძალადე მშობლის ყოლას არასრულწლოვნებზე. ავტორიტეტად მიჩნეული პირისგან ისინი ხშირად არა მხოლოდ მენტალიტეტს იღებენ, არამედ იმეორებენ კიდეც მის ქმედებებს. მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა პასუხად "არგუმენტზე", რომ "ოჯახის" შენარჩუნება შვილების გამო ღირს. ნატაშკასა და პაატას ურთიერთობამ გვანახვა, რომ მოძალადის ერთადერთი ადგილი საპატიმროა.
3. კატოსა და დიტოს ძალადობრივი ურთიერთობა
სერიალში კატოს ბევრი არაჯანსაღი ურთიერთობა ვიხილეთ, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პარტნიორი, რომელიც პერსონაჟს ჰყავდა, ზოგჯერ მის ყველაზე დიდ სიყვარულად მოხსენიებული დიტოა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ უკანასკნელმა არაერთი მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურა. რეალურად კი, ცალკეული შემთხვევის გახსენებაც არაა საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ დიტოც ისეთივე მანიპულატორი და "ეჭვიანი" მოძალადე იყო, როგორიც ზაზა — ერთადერთი განსხვავებით: მისთვის მანიპულაციის იარაღი შიში კი არა, კატოს სიურპრიზებით განებივრება იყო.
4. თინას სექსუალური შევიწროება ავთოს უფროსის მხრიდან
ძალადობის გამმართლებლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მსგავსი ქმედება მოძალადის გაღიზიანებას მოსდევს — მის "გამოწვევას" საქციელით, ან თუნდაც ჩაცმულობით. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ძლიერი და თავდაჯერებული ქალი არ შეიძლება ძალადობის მსხვერპლად იქცეს. ავთოს უფროსის მხრიდან თინას სექსუალური შევიწროება ამ ორივე მტკიცებაზე საპასუხოდ გამოდგება.
ეპიზოდში, სადაც ავთომ (ნელიკოს პარტნიორმა) თავისი თანამშრომლები შინ დაპატიჟა, ვნახეთ, რომ სუფრასთან მყოფი ერთ-ერთი ნასვამი კაცი წამოდგა და თინას გაცილება მოისურვა. მოგვიანებით, მას თავს დაესხა და სექსუალურად შეავიწროვა. ფემინისტი პერსონაჟი, რომელიც სხვა ქალების უფლებებს იცავს, თავადვე იქცა ძალადობის სამიზნედ. ცხადია, მან შესაბამისადაც იმოქმედა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოძალადესთან მანამდე კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია, რაც მსგავსი დანაშაულის მაპროვოცირებელი ფაქტორის ძებნის აბსურდულობას უსვამს ხაზს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თინამ ამ ქმედებაზე პასუხის გაცემა თავადვე შეძლო და უარი თქვა ავთოს ჩარევაზე. ასე მან უარყო მასკულინური ნარატივიც, რომელიც ქალი განივთებული ფიგურის დაცვის ვალდებულებას კაცს აკისრებს.
5. ოჯახში ძალადობა დათოს მხრიდან
რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ოჯახში ძალადობის მაგალითი ვიხილეთ გოცირიძეებთანაც. თანაც, ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შემთხვევა — ზაზას მეგობარი დათოც წლების განმავლობაში ძალადობდა ცოლზე. სხვათა შორის, ამას თინა ყოველთვის ღიად ამბობდა.
პირველივე სეზონებში აშკარაა, რომ ოჯახში მოვალეობები არათანაბრადაა განაწილებული. მეტიც, დათო მუდმივად ცდილობს, ნინას პროფესიულ განვითარებაში ყველა შესაძლო გზით შეუშალოს ხელი. აპროტესტებს მის მცირეხნიან მუშაობას, მინიმალურად (თითქმის არ) უწყობს ხელს საშინაო საკითხების მოგვარებაში — მათ შორის, შვილებთან ურთიერთობაში.
ნინა აგრეთვე არის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, რადგან, სურვილის მიუხედავად, საკუთარი შემოსავალი არ აქვს და საარსებო წყაროც მხოლოდ ქმრის ხელფასია. მოგვიანებით, პერსონაჟი სპეცეპიზოდში ამბობს, რომ დათომ "ამდენი შვილიც იმიტომ გააჩენინა", რომ წასასვლელი აღარსად ჰქონოდა.
6. ჯეკოს ბულინგი სკოლაში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სერიალის სცენარისტი შეეხო, სკოლაში ბულინგია. თავდაპირველად თემა მაშინ გაჩნდა, როცა ჯეკოს და მის მეგობარს უფროსკლასელებთან პრობლემა შეექმნათ. ამას მოჰყვა დაძაბულობა და ჩხუბი მეგობართან, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების უმოქმედობა ან არასწორი მოქმედება; როცა ჯეკო თავისი მესიჯების ხმამაღლა წაკითხვის გამო მეგობარს ფიზიკურად დაუპირისპირდა, მასწავლებელმა საქმეში გარკვევის გარეშე გადაწყვიტა მისი დადანაშაულება.
მოგვიანებით, წლების შემდეგ, ჯეკოს პრობლემა სკოლაში ისევ შეექმნა და ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამ შემთხვევაში უმოქმედო გარშემომყოფების როლში პერსონაჟის მშობლებიც აღმოჩნდნენ. მოძალადეებმა ჯეკოს ფიზიკურთან ერთად მორალური შეურაცხყოფაც მიაყენეს და აკაკი შუკაკიძის გარდა მისი დახმარება ვერავინ შეძლო. რომ არა გამომძიებელი, შესაძლოა, სცენარს სხვაგვარი, ტრაგიკული განვითარება ჰქონოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოძალადის მამა საპატიმროში მყოფი, მსგავსი მენტალიტეტის მქონე ადამიანი იყო, რომელსაც შვილი ავტორიტეტად აღიქვამდა.
ამ ორივე შემთხვევამ დაგვარწმუნა, რამდენად გულისხმიერები და დაკვირვებულები უნდა იყვნენ მშობლები, მასწავლებლები და სხვა გარშემომყოფები, როცა საქმე მოზარდს და მის უცაბედად შეცვლილ ხასიათს, ქცევებს ან დამოკიდებულებებს ეხება.
7. ტასოს ბულინგი სკოლაში
თუმცა, სკოლაში დასაქმებული პირები ზოგჯერ უმოქმედო კი არა, პირდაპირ მოძალადის როლში რომ გვევლინებიან, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ტასოს "ქურდობის" შემთხვევაა. ალბათ გახსოვთ, როცა პერსონაჟმა ქუჩაში შემთხვევით იპოვა ფული, რომელიც მის მასწავლებელს დაუვარდა. რა თქმა უნდა, ტასოს ქურდობა დაბრალდა — ყოველგვარი გამოძიების ან საქმეში გარკვევის გარეშე. ნიშანდობლივია კვლავაც ის, რომ პერსონაჟი სრულიად მარტო აღმოჩნდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და მოძალადეების პირისპირ; მისი არ დაიჯერა არავინ (თინას გარდა), მათ შორის, არც მშობლებმა და არც კლასის დამრიგებელმა.
მოგვიანებით, როცა დანაშაულის დაბრალების გამო ტასოს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოუხდა, მან სკოლის კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვა. მიზეზი, რა თქმა უნდა, სამაგიეროს გადახდა იყო. ეს იმის მაგალითიცაა, რომ ძალადობის შედეგი ხშირად მოზარდში განვითარებული არაჯანსაღი დამოკიდებულებებია. სამწუხაროდ, მარტო დარჩენილი მოზარდი დაგროვებულ ბრაზს და აგრესიას საკუთარი თავისკენ მიმართავს.
8. ტრანსფობია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
ჩცდ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი სერიალში ტრანსგენდერი პერსონაჟის გამოჩენა იყო. სამწუხაროდ, გმირის შესრულება სისგენდერ მსახიობს მოუწია, თუმცა, ნინოს მაყურებლისთვის გაცნობამ ტრანსხილვადობის გაზრდისა და ტრანსგენდერთა პრობლემების ასახვის თვალსაზრისით საზოგადოებაში მაინც დიდი როლი ითამაშა.
ამის მიუხედავად, ნინოს მცირეხნიანი ხაზი სულაც არ ყოფილა სასიამოვნოდ საყურებელი. ცხადია, იმიტომ, რომ აქ წარმოჩინდა ის დიდი თუ პატარა პრობლემები, რომელთაც ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან — საზოგადოების ნაწილმა კი ამაზე საერთოდ არაფერი იცის, ან იცის და თვალს ხუჭავს. ტრანსფობიურ გარემოში განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს არ იღებენ ოჯახში, სამსახურსა და სამეზობლოშიც კი. ყველა ამ დაბრკოლებას ნინოც წააწყდა, მაგრამ თავისი ბედნიერებისთვის ბრძოლა მაინც გადაწყვიტა, სანამ... ალბათ გახსოვთ, როგორც განვითარდა პერსონაჟის ისტორია. ეს დასასრულიც და მისი შედეგიც პირდაპირ მიუთითებდა რეალობაში არსებულზე — სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ საზოგადოებისა და საგამოძიებო უწყებების გულგრილობაზე.
9. ბაქარის ურთიერთობა სხვა ადამიანებთან
ბაქარის ხაზს ჩცდ-ის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი განვითარება ჰქონდა — როგორ იქცა მორცხვი მოზარდი მოძალადე და მანიპულატორ ბიზნესმენად. პერსონაჟის მორალურ მხარესა და ღირებულებებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან თვალნათლივ ვიხილეთ, როგორ იყენებდა კაპიტალით მოპოვებულ თავის გავლენას ფსიქოლოგიური და ფინანსური ძალადობისთვის — როგორც პარტნიორებზე, ასევე სხვა ადამიანებზე. ბაქარის სამივე ცოლი, ისევე როგორც მიმი გელაშვილი, მისი მსხვერპლია. თუმცა, ყველაზე დიდი მსხვერპლი, ცხადია, ალექსანდრე გელაშვილი და მისი ოჯახია, რომელიც ავანტიურისტმა პერსონაჟმა გზაზე უნებლიეთ გადაღობვის გამო გაანადგურა.
10. სოსოს ტოქსიკური და ძალადობრივი ურთიერთობა კატოსთან
დაბოლოს — ამ ჩამონათვალში უკვე მეორედ მოხვდა კატოსა და მისი პარტნიორის ურთიერთობა. თუმცა, მგონია, რომ სოსოს მხრიდან ძალადობის შემთხვევა მაინც ხაზგასმას იმსახურებს, რადგან ამას საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
მაყურებლების ნაწილი სოსოს პერსონაჟის აქტიურად გამოჩენისთანავე ვარაუდობდა, რომ ის აღმოჩნდებოდა მოძალადე, რომელიც კატოს ნდობისა და სიყვარულის მოპოვების შემდეგ მის გაკონტროლებას შეეცდებოდა. ისინი არ შემცდარან — პერსონაჟმა, რომელიც წინათ, რატომღაც, დადებით ემოციას იწვევდა ზოგიერთში, ნელ-ნელა დაიწყო პარტნიორის ცხოვრების საკუთარ ხელში მოქცევა; ვისთან ურთიერთობდა, სად ვარჯიშობდა, ვინ ურეკავდა — ამ ყველაფრის შემდეგ ვიხილეთ, რომ საქმე ფიზიკურ ძალადობამდეც მივიდა. არადა, კატო სოსოს გამო თითქმის ყველაფრის, საკუთარი თავისუფლების დათმობისთვისაც კი იყო მზად.
ამდენად, ამ ისტორიამ მაყურებელს ისიც აჩვენა, სად შეიძლება დაუშვას ადამიანმა ურთიერთობაში დიდი შეცდომა.
კომენტარები