მეცნიერებმა თაგვებში ტვინსა და ცხიმის წვას შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს
პორტუგალიელმა მკვლევრებმა ინოვაციური აღმოჩენა გააკეთეს იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებს, წვავს და არეგულირებს ტვინი ვისცერალურ ცხიმის ქსოვილებს, რომლებიც ორგანოებს აკრავს გარს.
მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ვისცერალურ ცხიმს იმუნური და ნერვული სისტემები ერთმანეთთან თანამშრომლობით მართავდნენ. ამის ფიქრის საფუძველს იძლევა ამ ორ სისტემას შორის არსებული კომუნიკაცია ფილტვების გარშემო არსებული ცხიმის სამართავად. თუმცა, მსგავსი კომუნიკაცია არ შემჩნეულა სხვა ორგანოების გარშემო არსებული ცხიმის შემთხვევაში, ამიტომ, როგორც Science Alert იუწყება, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, დანარჩენი ორგანოების ვისცერალური ცხიმის მართვის მექანიზმი შეესწავლათ.
ახლა კი, ჟურნალ Nature-ში გასული კვირის ოთხშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში მეცნიერებმა ტვინის სპეციფიკური უბნები გამოავლინეს, რომლებიც ვისცერალური ცხიმის მართვაზე არიან პასუხისმგებელნი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამოავლინეს უჯრედული "შუამავალი", რომელიც ნეირონულ სიგნალებს იღებს და აქტიურად არეგულირებს ცხიმს. შუამავალს მეორე ტიპის თანდაყოლილი ლიმფური უჯრედები (ILC2) წარმოადგენს, რომლებიც ჰიპოთალამუსიდან იღებენ ინსტრუქციას და შემდეგ ვისცერალური ცხიმის დასარეგულირებლად იწყებენ მოქმედებას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში შეძლებენ თაგვებში არსებული ამ მექანიზმის ადამიანებზე, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრებზე გადმოთარგმნას.
ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის რეალური მაჩვენებელი, რომ მსგავსი მექანიზმი არსებობს ადამიანებშიც — ამიტომ მისი, როგორც წონის დასაკლები ახალი მარტივი ხრიკის იმედად ვერ ვიქნებით. როგორც Science Alert აღნიშნავს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გვესმის ILC2-ების შესახებ, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მათი არსებობა მეცნიერებისთვის წლების მანძილზე უცნობი იყო.
კომენტარები