ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა "მოწოდების სიმაღლეზეა" და პანდემიას მართავს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შესახებ, რომელმაც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხალხმრავალ ქეიფში მონაწილეობის შემდეგ, განაცხადა, რომ რეგულაციებს დაცვა ყველას ვალდებულებაა.

"არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაპირისპირება ეს არის ყურით მოთრეული თემა, მოგონილი თემა, იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერი არ ხდება, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას", — განაცხადა მან.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც აცრილიც კი არ იყო, ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც.

"იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს, თუმცა, პრემიერს ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.

"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.

გაიგე მეტი: