ოკეანეებში "მკვდარი ზონები" იმატებს — ეს კლიმატის ცვლილებასთანაა კავშირში
ჰიპოქსიური ზონა, რომელსაც მკვდარ ზონასაც უწოდებენ, არის გარკვეული ზონა წყალში, სადაც ჟანგბადის დონე ეცემა და გარემო სიცოცხლისთვის არახელსაყრელი ხდება. ზღვის ორგანიზმები ამ გარემოდან თავის დაღწევას ცდილობენ და ნაწილი ახერხებს კიდეც, ნაწილი კი ბენთოსურ ორგანიზმებთან ერთად იღუპება.
ამჟამად, ორეგონის მახლობლად ჰიპოქსიური ზონა დაახლოებით 20 000 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება. ექსპერტებმა Washington Post-ს განუცხადეს, რომ სავარაუდოდ, ჰიპოქსიური ზონა ამ ზაფხულის ბოლოს კიდევ გაიზრდება, ამის მთავარ მიზეზად კი ისინი კლიმატის ცვლილების შემაშფოთებელ ტენდენციას ასახელებენ.
გასული კვირის ბოლოს ABC-ის შვილობილ არხ KATU-სთან ინტერვიუში ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა, ფრენსის ჩანმა განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელი წყალქვეშა ზონების წარმოქმნა უფროდაუფრო ხშირი ხდება.
"ჰიპოქსიური ზონის შუაგულის დანახვა რომ შეგვეძლოს, უჟანგბადობის შედეგად დამხრჩვალ ზღვის ვარსკვლავებს, ჰოლოთურიებსა და კობორჩხალებს დავინახავდით", — განუცხადა მან KATU-ს. "იზრდება იმ მკტიცებულებების რიცხვი, რომლებიც მიანიშნებენ, რომ მკვდარი ზონების გავრცელების მთავარი გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა".
ამას მარტივი ახსნა აქვს — რაც უფრო თბილია წყალი, მით ნაკლები ჟანგბადი იხსნება მასში. იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა განაგრძობს მატებას, კლიმატის ცვლილება ოკეანისთვის საშინელ შედეგებს მოიტანს.
ჩანმა ისიც დაამატა, რომ ექსპერტები ჯერ დარწმუნებულნი არ არიან, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს ოკეანის სხვადასხვა მკვდარი ზონები მის საერთო ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ ათწლეულებში კლიმატის ცვლილებამ მსოფლიო ოკეანიდან ჟანგბადის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა გამოიწვია, მომავალში, ალბათ, გლობალური გარემოს განადგურების ფონზე, ოკეანეებში უფრო მასშტაბურ და ხშირ მკვდარ ზონებს უნდა ველოდოთ.
კომენტარები