ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია რიგგარეშე არჩევნები საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შემდეგ უფუნქციო დარჩა.

"ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა 2 პოლიტიკური ძალა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იყო მთავარი დამნაშავე ამ შეთანხმების ანულირებაში, მეორე — მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რა თქმა უნდა, გახარია. მისი პარტია შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად დახმარებოდა ნაც. მოძრაობას იმაში, რომ ქართულ ოცნებას ვერ აეღო 43% და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციო", — თქვა მან იმედის ეთერში.

28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. თუმცა, ენმ-ის მიერ ხელმოწერის საჭიროებაზე მანამდეც კეთდებოდა განცხადებები.