2020 წელს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო — ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,2%-ით შემცირდა და მუდმივ ფასებში ეკონომიკის ზომამ 40,3 მილიარდი ლარიდან 37,8 მილიარდ ლარამდე იკლო.

2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე პერიოდის მაჩვენებლები გასული წლის სრულად გაჩერებული ეკონომიკის მონაცემებს დარდება, ზოგჯერ სტატისტიკა რეკორდულად მაღალი ჩანს. მთავრობაც არ აყოვნებს და ხშირად გვახსენებს, რომ "ქვეყნის ეკონომიკა დუღს და მუშაობს".

მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ხშირად გვესაუბრება შთამბეჭდავ ზრდაზე, როცა გვადარებს ევროპის ქვეყნებს და ამბობს, რომ ამხელა ზრდა არავის აქვს, ქვეყანაში ინფლაციის ბოლო 10 წლის ანტირეკორდი ფიქსირდება. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირებულია და ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებლებს 30%-თაც კი ვერ უახლოვდება. ამის ფონზე, მთავრობა ისევ 2020 წელთან შედარებით ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე აპელირებს.

იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 5%-ის ფარგლებში იზრდებოდა, მიმდინარე წლის ორნიშნა ზრდის მაჩვენებლები ნამდვილად გასაოცრად გამოიყურება. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა იმალება ამ "შთამბეჭდავი" მონაცემების უკან და რასთან გვაქვს რეალურად საქმე — ციფრებით მანიპულაციასთან, თუ ეკონომიკურ ბუმთან.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა რეალურად შევაფასოთ, მიმდინარე წლის მაჩვენებლები როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის მონაცემებს უნდა შევადაროთ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ სახის ანალიზს გთავაზობთ.

ტურიზმი

მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოში უცხოეთიდან 403,7%-ით მეტი, 230 900 უცხოური ვიზიტი განხორციელდა — ტურისტთა ეს რაოდენობა პანდემიის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია და პროცენტული ზრდის მაჩვენებელიც შთამბეჭდავი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემი 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 73,8%-ით ჩამორჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ყველაზე აქტიურ ტურისტულ პერიოდში სექტორი 2019 წლის 26,2%-ზეა აღდგენილი.

მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით კი, საქართველოში სულ 695 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,5%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემს 83%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება საქართველოში ტურისტების მიერ დახარჯულ თანხებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში უცხოური ტურიზმიდან 299,8 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 34%-ით, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 79%-ით ნაკლებია.

ჯამში, 2019 წელს ტურიზმიდან 3,3 მილიარდის, ხოლო 2020 წელს 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)

ინფლაცია

2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა — ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.

ივლისში ყველაზე მეტად გაძვირებული 10 პროდუქტიდან 8 სურსათს მიეკუთვნება. ეროვნულ ბანკშიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილმა ფასებმა მოახდინა. ასევე, მნიშვნელოვნად არის მომატებული საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე დამატებით ახდენს გავლენას.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ივლისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14,1%-ით გაიზარდა, რამაც წლიური ინფლაციის ფორმირებაში ყველაზე მეტი, 4,1%-იანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ სურსათზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან ისინი მათი შემოსავლის ძირითად ნაწილს სწორედ საკვების შესაძენად ხარჯავენ. შესაძლებელია ითქვას, რომ მაღალი ინფლაცია ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად აღარიბებს.

რაც შეეხება, მიმდინარე ფასების დონის ცვლილების 2019 წელთან შედარებას, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონე 18,2%-ით არის გაზრდილი.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2011-2021 წლებში თვეების მიხედვით

საგარეო ვაჭრობა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უცხოეთში 2,28 მილიარდი დოლარის საქონელი გავყიდეთ (ზრდა — 27,8%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა — 19,3%).

მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, ხოლო იმპორტის ნაწილში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი ლიდერობს.

რაც შეეხება მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად თურქეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ვივაჭრეთ.

2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტის სახით 2,11 მილიარდი დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 7,7%-ით, ხოლო იმპორტი 0,1%-ით გაიზარდა.

ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)

ინვესტიციები

უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხელს უწყობს დასაქმების ზრდას, ამცირებს სოციალურ უთანასწორობას და დადებითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე — შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 132,2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა, რაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 22,7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 58,3%-ით არის შემცირებული.

2021 წლის იანვარ-მარტში ინვესტიციების შემცირების უმთავრეს მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის კლება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა დასახელდა. რეინვესტიციაში კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნება იგულისხმება — როდესაც რეინვესტიცია მცირდება, ამ დროს კომპანია ან ნაკლებ მოგებას იღებს, ან მას დივიდენდების სახით ანაწილებს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების საერთო მოცულობის 75% საფინანსო სექტორში ჩაიდო — სავარაუდოდ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს კაპიტალი) დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. 2020 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლიურად 57,2%-ით იკლო და 572 მილიონ დოლარამდე დაეცა. FDI-ს ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 452,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ფულადი გზავნილები

უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მოცულობა იმ იშვიათ პარამეტრებს შორის არის, რომელიც პანდემიის პერიოდშიც გაიზარდა. თუ 2019 წელს უცხოეთიდან 1,73 მილიარდი დოლარის გზავნილი გადმორიცხა, 2020 წლისთვის გზავნილების მოცულობამ 1,89 მილიარდ დოლარს მიაღწია — შესაბამისად, 2020 წელს ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 8,8% იყო.

შესაძლებელია ითქვას, რომ ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. გზავნილების მოცულობის მუდმივი ზრდა იმაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ქვეყანაში ემიგრანტების მხრიდან დახმარების მიღების საჭიროება მზარდია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი შვიდი მონაცემებს, 2021 წლის იანვარ-ივლისში სულ 1,29 მილიარდი დოლარის გზავნილი მივიღეთ, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდს 34,8%-ით, ხოლო 2019 წლის პირველ შვიდ თვეს 34,4%-ით აღემატება.

შეჯამება — ეკონომიკური ზრდა

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენს გავლენას, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გამოითვლება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 18,7%, მაისში — 25,8%, ხოლო აპრილში — 44,8% იყო. შესაბამისად, მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 29,8%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში კი 4,5%-იანი კლება დაფიქსირდა.

2021 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გასული წლების ზრდის მონაცემებთან შედარებით მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა გარდა ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებისა, გასათვალისწინებელია ის ტექნიკური ფაქტორებიც, რომელთა გამოც ეკონომიკური ზრდის ამგვარი მაჩვენებლები ფიქსირდება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მსგავსი მონაცემები მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ. საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდთან მიმართებით გამოითვლება — შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ვარდნა 7,7%, მაისში — 13,5%, ხოლო აპრილში — 16,6% იყო.

თუ მიმდინარე პერიოდის მონაცემებს 2019 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, ასეთ შედეგს მივიღებთ: მარტივი გაანგარიშების საშუალებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ივნისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ეკონომიკა გაზრდილია 9,6%-ით, მაისში — 8,8%-ით, ხოლო აპრილში — 20,8%-ით. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიით გამოწვეული 2020 წლის ვარდნა რომ არა, ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდებოდა, თუმცა ზრდის მონაცემები რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა.