22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პასუხობდა კითხვებს, რომლებიც 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დღის წესრიგში დგას. ის ამ პერიოდში საჯაროდ სულ რამდენჯერმე გამოჩნდა — აქედან ერთხელ კითხვებს არ უპასუხა, მეორედ კი მედიის პროტესტის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარემ გომელაურის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად მის მოსაზრებებს ტელეეთერიდან ვისმენდით.

მინისტრმა, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიაზე ნადირობის შემდეგ ითხოვს, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა მოძალადეების დასჯის აუცილებლობაზე და მთელი გადაცემის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ისიც "მანდ" არის და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა.

პრაიდის კვირეული

გომელაურმა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრებზე ისაუბრა და ახსენა, რომ როცა კვირეული დაანონსდა, იყო გამოხმაურებები მისი ჩატარების წინააღმდეგ. შსს-მ იცოდა, რომ მოწინააღმდეგე და აგრესიულად განწყობილი ადამიანები შეკრებას აპირებდნენ.

"როდესაც დაანონსდა ეს ერთკვირიანი პრაიდის თემა, თავის პირველი, მეორე, მესამე ღონისძიებით, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა გამოხმაურება, რომ "ჩვენ ამას არ დავუშვებთ", "არ ჩავატარებინებთ ამ ღონისძიებას". რამდენიმე ჯგუფის მხრიდან ეს მოხდა, ეს დავაფიქსირეთ ჩვენც. მას შემდეგ, რაც ეს განაცხადეს, რომ ეს კვირეული უნდა ჩატარებულიყო, ჩვენ შევხვდით ამ ჯგუფებს, ვისაუბრეთ, თუ რა ღონისძიებებზე იყო და ჩვენ როგორ შეგვეძლო დახმარება", — განაცხადა მან.

მისი აზრით, პირველმა ორმა ღონისძიებამ ხმაურით, თუმცა "მშვიდობით" ჩაიარა. რაც შეეხება 5 ივლისს, ქვეყნის მთავარ გამზირზე ძალადობის დაშვებისთვის პასუხისმგებელი პირი აცხადებს, რომ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ.

"4-ში შევხვდით ელჩებს, საფრთხეები ავუხსენით კარგად, რაც იყო დავანახეთ ყველაფერი [...] ანუ ეს ადამიანები აანონსებდნენ 30 ათასიდან 50 ათასამდე შევგროვდებითო, მაგდენი არ იყო, რა თქმა უნდა, 5 ივლისს, მაგრამ თუნდაც 20 ათასი თუ მოვიდა, ძალიან რთული იქნება 20 ათასი ადამიანისგან დაცვა ამ მარშის დროს", — აღნიშნა მინისტრმა.

პოლიცია

გომელაურმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების დიდ რაოდენობას და თავი იმით იმართლა, რომ მათ 15 და 20 ათასი პოლიციელის გამოყვანის საშუალება არ აქვთ. მისი თქმით, მთლიანობაში 5 ივლისს 3 200-დან 3 400 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

"სამწუხაროდ, მაქსიმუმი რაც არის თბილისის მასშტაბით და კიდევ დამატებული გვყავდა მცხეთის რაიონიდან. სამწუხაროდ, არა გვაქვს ჩვენ 20 ათასისა და 15 ათასი პოლიციელის გამოყვანის საშუალება. მე მეტსაც გეტყვით, ბევრ ქვეყანაში ასეა, რომ პოლიციელი არასდროს არ ეყოფა დიდ ღონისძიებას, რთულია ძალიან. ყველგან პრობლემაა ეს, საფრანგეთში, ბრიტანეთში. პირობითად რომ ავიღოთ, 20 ათასს კაცს სჭირდება მინიმუმ მაგდენი და ორი მაგდენი, რომ მართო. 20 ათასი პოლიციელი ფიზიკურად არ არსებობს, ამას ვერ გამოვიყვანდით", — განაცხადა გომელაურმა.

მინისტრმა დაადასტურა ის, რასაც რეალურად 5 ივლისს ყველა ხედავდა და თქვა, რომ იქ მყოფი პოლიციის ფუნქცია ნაცემი ადამიანების გამოყვანა და არა მოძალადეების დაკავება იყო, რადგან 3 000 კაცს "ფიზიკურად ვერ დააკავებ".

"ანუ პოლიცია დგას რაღაც რაოდენობით, ვთქვათ, ათასი კაცი თუ არის, ასი პოლიციელი, რომ ვიღაცა თუ გამვლელი იქნება, რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდეს, ეს ადამიანი გამოაცალონ, ჩასვან მანქანაში და განარიდონ ამ თემას. ეს არის მათი ფუნქცია-მოვალეობა, ვინც იქ არიან. ის არა, რომ ეს ადამიანები, თუ ვთქვათ, რაღაცას გააფუჭებენ, 3 ათასი კაცი დააკავონ. ვერ დააკავებ ფიზიკურად, ეგეთი რაღაც არ არსებობს", — თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა და თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, შს მინისტრი ვერ ხედავს სპეცსაშუალებების გამოყვანის აუცილებლობას, რადგან, მისი თქმით, იქ "ყველა ერთმანეთის მომხრე" ადამიანი იყო შეკრებილი.

"ვთქვათ იკრიბება ლელო, ქართული ოცნება ან ნაციონალური მოძრაობა, რატომ უნდა გამოუყვანო სპეცსაშუალებები, როცა ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მომხრეები? ორი დაპირისპირებული მხარე როცაა და ორი ჯგუფი მოდის და ერთმანეთთან უნდა იჩხუბონ, იქ, კი ბატონო, უნდა გამოიყვნაო ეს თემა. მაგრამ ეს თემა იყო, საღამოს 6 საათზე. იქ მობილიზებული იყო სპეცსაშუალებები, წყლის ჭავლი, გაზი, ყველაფერი, აღჭურვილობით. ეს ადამიანები რომ დაგვჭირდებოდა, ვთქვათ, ფილარმონიასთან გაგვეწყვიტა ეს თემა, რომ ერთმანეთთან ახლოს არ მისულიყვნენ. მაგრამ როცა დილაა 10 საათზე, ამათთან რატომ უნდა გამოგვეყენებინა სპეცსაშუალებები?", — სვამს კითხვას გომელაური.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 ივნისს აქციის მონაწილეები სხვა აქციის მონაწილეებს არ უსწორდებოდნენ, მაგრამ სპეცრაზმი მაინც გამოიყვანეს.

გომელაურმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ საკმარისი რაოდენობის პოლიცია, როცა 10 ათასი კაცია გამოსული, ვერასდროს იქნება. მინისტრის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ 8 ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული, აგრესორთა მობილიზება სხვადასხვა ტერიტორიაზე სულ უფრო იზრდებოდა და ეს "8 ლოკაცია, გახდა 18". უცნობია, ამ 8 ლოკაციას შორის იყო თუ არა თბილისი პრაიდის ოფისი და თუ იყო, რატომ არ იდგა იქ პოლიცია და რატომ მისცა ძალადობრივ ჯგუფებს ოფისის დარბევის უფლება.

"კიდევ ერთხელ ავხსნი ამ თემას — ყველა ლოკაციაზე იყო პოლიცია განაწილებული, ყველა ლოკაციაზე. საკმარისი პოლიციელი ვერასდროს ვერ იქნება, როცა 10 ათასი კაცია გამოსული. ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ადამიანები გამოეყვანათ. მთელი პოლიცია, რომელიც 6 საათისთვის უნდა ყოფილიყო რეზერვში, 12 საათისთვის ყველა იყო გაშლილი, განაწილებული, 3 500 კაცამდე იყო განაწილებული ამ წერტილებში", — აცხადებს ის.

5 ივლისიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია, რომელმაც იქ შეკრებილებს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში გადასვლისკენ მოუწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოფისში შეჭრა სცადეს, პოლიციამ არ შეაკავა. გომელაურმა ამასაც მოუძებნა ახსნა.

"პირველ რიგში, პირველი ამოცანაა პოლიციის, რომ როცა საფრთხეა, ადამიანი გამოარიდოს და არა დაკავებით დაიწყოს. მეორე — როცა არის მასა და მასების მართვის თემაა ყოველთვის, სწორია დეესკალაციისკენ თემის წაყვანა. ეს ადამიანი ვიცი, მე მოვკითხე, რატომ შეატარე და რატომ შეიხედა, პირობითად მორგოშიამ, თუ ვინც არის. იმათ თქვეს, არ მიდიოდნენ უკან, არ ტოვებდნენ თემას, მანდ გყავთ სადარბაზოში დამალულებიო და ვუთხარით, რომ შეიხედეთ, არავინ არ არის და წადით ახლა. მოვიდნენ, ნახეს თემა და მერე მოხდა მათი უკან დაბრუნება პარლამენტთან", — ახსნა მინისტრმა.

მისი მტკიცებით "ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე".

"იმ შემთხვევაში, რომ დაუძაბო და დაძაბვაში შეხვიდე, როცა სუფთაა და არაფერი ხდება, კი, ბატონო, ნახე რომ არ არის და წაბრძანდი", — განაცხადა მან.

გამოძიება

ჰომოფობიურ და ძალადობრივ კონტრაქციებზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია მხოლოდ 27 ადამიანი. გომელაურის განცხადებით, შსს ზუსტად იმას აკეთებს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, არავინ დარჩეს დაუსჯელი. მიუხედავად ამისა, კითხვაზე, არასაკმარისია თუ არა დაკავებულთა რაოდენობა, უპასუხა, რომ "ფარდობითობით არ უნდა შევხედოთ ამ თემას".

"27 პირი დაკავებულია, თუმცა პირველად ერთი ადამიანი იყო დაკავებული, დღეს უკვე 27-ია. ხვალ რამდენი იქნება დაკავებული ვერ ვიტყვი ზუსტად და არ ვიცი, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამაზე, თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა: აქ არიან პიროვნებები, ერთი ადამიანი, მაგალითად, 4 ეპიზოდში მონაწილეობდა, არის მეორე სამ ეპიზოდში", — განაცხადა მან.

5 ივლისს მედიაზე ძალადობა არაერთი არხის საშუალებით გადაიცემოდა, მაგრამ გომელაურმა მაინც ჟურნალისტებს სთხოვა, რომ გამოძიებაზე "მიბრძანდნენ" და თუ აქვთ ახალი ვიდეო ფაილები, უწყებას მიაწოდონ.

"ჩვენ ვმუშაობთ, თუმცა ძალიან გვიჭირს თემა და მოვუწოდებდით ჟურნალისტებს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნება მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები, თუ აქვთ ახალი ვიდეო ფაილები. ასობით ვიდეო ფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით. თუ აქვთ რაიმე ახალი თემა, იქნებ მოგავწოდონ, ძალიან კარგი იქნება", — თქვა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, გომელაურის მტკიცებით, შსს მუშაობს. მინისტრის თქმით, "გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით".

"წესი ასეა. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ. გავაკეთე პირველადვე განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რამდენით გაიზრდება, ვერ ვიტყვი ზუსტად, რა თქმა უნდა, არ ვიცი", — განაცხადა მან.

გომელაურმა ისაუბრა TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზეც და თქვა, რომ ისინი "იძულებულები გახდნენ" მისი გადაადგილების კადრები გამოექვეყნებინათ. მინისტრის მტკიცებით, "ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს".

"იძულებული გავხდით, მერწმუნეთ. არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე, არც ჩემს თანამშრომლებს, მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და პირდაპირ ენახათ მის ოჯახის წევრებს. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოგვიწია, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კადრების გაშვებაც მოგვიწია, იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებაში წამოვიდა თემა, ინფორმაცია გააჟღერეთ, რა მოხდა, გვითხარით, რა მოხდა. უკვე იძულებულები ვიყავით, ძალიან აიწია ტემპერატურამ", — აცხადებს ის.

მისი თქმით, იმის უფლებაც ჰქონდათ, რომ გარდაცვლილის სხეული ოჯახის წევრების სურვილის წინააღმდეგ პროზექტურაში წაეღოთ.

"ეს არის საგამოძიებო პროცედურა, აუცილებლად ჩასატარებელი პროცედურა [...] უფლება აქვს, როცა საგამოძიებო უწყება იტყვის, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, შეგიძლია გამოიყვანო ძალით და გადაასვენო ადამიანი. ბევრჯერ ყოფილა თემა, როცა ასე არ გამოატარეს [...] რა თქმა უნდა, უფლება გვაქვს ჩვენ, რომ გვამი გადავასვენოთ პროზექტურაში, თუ ნებით არა, შეგვიძლია ძალა გამოვიყენოთ და გადავასვენოთ", — თქვა მან.

ლექსოს გარდაცვალებიდან მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტომ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება. ახლა კი გომელაური ამბობს, რომ მათ ლექსოს გარდაცვალების შესაძლო მიზეზი არ დაუანონსებიათ.

"რატომღაც ასე გააჟღერეს, რომ წინასწარ დააანონსეს მისი გარდაცვალების მიზეზი, ეს ასე არ ყოფილა. იყო ფაქტი ის, რომ როგორ მოძრაობდა, სად მოძრაობდა, ნარკოტიკების თემა, ბოლოს დაიდო ექსპერტიზის ქიმიური დასკვნა, რომელსაც სჭირდება ნაკლები დრო, ვიდრე 25 დღე და იქ დაფიქსირდა, რომ იქ იყო მაღალი დოზის ნარკოტიკის შემცველობა. შეიძლება გამოიწვია ამან, საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ, ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც", — აცხადებს ის.

თანამდებობის დატოვება

გომელაური ფიქრობს, რომ მის გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აღებული აქვს. შესაბამისად, თანამდებობის დატოვებასაც იმ შემთხვევაში დააპირებს, თუ ამას ქართული ოცნება გადაწყვეტს.

"თუ გულისხმობთ, ჩემი თანამდებობის დატოვება-არდატოვების თემას, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება — მე უნდა დავტოვო თანამდებობა, არ უნდა დავტოვო თანამდებობა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ შემთხვევაში, 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.

აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ, მე უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები", — თქვა მან.