კოსმოსური მისიები, რომლებიც 2025 წელს არ უნდა გამოგრჩეთ
2024 წელი კოსმოსის კვლევის მხრივ ნაყოფიერი იყო. მაგალითად, ვიხილეთ რაკეტა Starship-ის საცდელი ფრენები, რომლებიც ყოველ ჯერზე უმჯობესდება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე Europa Clipper-ის გაშვება, კერძო მისიის ფარგლებში მთვარისკენ აპარატ ოდისევსის გაგზავნა და ჩინეთის მიერ მთვარის შორეული მხრიდან ნიმუშების ჩამოტანა.
კაცობრიობა კოსმოსის ათვისებას აქტიურად განაგრძობს, ამიტომ 2025 წელიც საკმაოდ დატვირთული იქნება. მომდევნო თვეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მისიაა ჩანიშნული, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.
აი, როგორია 2025 წლის კოსმოსური მისიების კალენდარი:
მთვარეზე დაშვებები
იანვრის შუა რიცხვებში კომპანია Firefly Aerospace დასაშვებ მოდულ Blue Ghost 1-ს მთვარეზე გაუშვებს. ის თან NASA-ს 10 ხელსაწყოსაც გაიყოლებს და ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ დაჯდება, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული.
აპარატი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, რომელიც მთვარეზე დაახლოებით 14 დედამიწური დღის ეკვივალენტურია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა (რეგოლიტის) და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე, მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც, მისიის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება.
აღსანიშნავია, რომ Blue Ghost 1-თან ერთად იაპონურ მისია Hakuto-R Mission 2-საც გაუშვებენ. ის Mare Frigoris-ად წოდებულ რეგიონში 4-5 თვეში დაეშვება და ზედაპირზე მინიმავალ Tenacious-საც განათავსებს.
თებერვალში მთვარის მორიგი მისია იგეგმება. ესაა კომპანია Intuitive Machines-ის IM-2, რომელსაც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე გაგზავნიან. ის რეგოლიტში არსებულ აქროლად ქიმიურ ნაერთებს შეისწავლის, რისთვისაც სპეციალურ ბურღსა და სპექტრომეტრს გამოიყენებს. მასთან ერთად გაშვებული პატარა თანამგზავრი Lunar Trailblaz წყლის დანალექების ადგილმდებარეობას დაადგენს და NASA-ს Artemis-ის მისიებისთვის დაშვებისთვის შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
მოგვიანებით შეიძლება შედგეს მთვარის მისია IM-3-იც. ასევე, 2025 წელსაა ჩანიშნული Blue Origin-ის Blue Moon Mark 1-ისა და Astrobotic Technology-ის Griffin Mission 1-ის გაშვება.
Starship-ის საცდელი ფრენები, მათ შორის ორბიტული მისია
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს სურს, რომ 2025 წელს Starship-ის 25-მდე საცდელი ფრენის ნებართვა მიიღოს. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თანამედროვე რაკეტა, რომელიც მომავალში მარსზე ადამიანების ტრანსპორტირებასა და იქ ბაზის დაარსებაში დაგვეხმარება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მასკის გეგმა.
მარტშია ჩანიშნული უმნიშვნელოვანესი სადემონსტრაციო მისია, რომლის მიზანიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ერთი Starship-დან მეორეში საწვავის გადატანაა. ამ რაკეტებს დაახლოებით 3 კვირის შუალედით გაუშვებენ, რათა ერთგვარი ტანკერის ფუნქციის მქონე მეორე აპარატმა პირველს საწვავის მარაგი შეუვსოს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს SpaceX-ისვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება, რადგან ამით დაგვანახებს, რომ Starship-ს მთვარემდე და მარსამდე უპრობლემოდ მიღწევის პოტენციალი აქვს. სწორედ მასზე ამყარებს იმედებს NASA, რომელსაც 2027 წელს ამ რაკეტით მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნა სურს. შესაძლოა, კომპანიამ წელს ეკიპაჟზე მორგებული Starship-იც გამოცადოს.
NASA-ISRO-ს დედამიწის შემსწავლელი პირველი ერთობლივი მისია
2025 წლის მარტში NASA და ინდოეთის კოსმოსური ორგანიზაცია ISRO დედამიწაზე დასაკვირვებლად პირველ ერთობლივ მისიას გაუშვებს. მას NASA-ISRO Synthetic Aperture Radar (NISAR) ეწოდება და მიზნად ჩვენი პლანეტის ხმელეთსა და ყინულზე თითქმის ყოველკვირეულ დაკვირვებას ისახავს.
ამისთვის ის ისეთი მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში დედამიწის ზედაპირს ღრუბლების მიღმაც დაბრკოლების გარეშე აღიქვამს, თანაც მაღალი გარჩევადობით. მსგავსი დეტალური მონაცემების წყალობით მეცნიერებს საშუალება მიეცემათ, რომ ხმელეთის ისეთი ცვლილებები დააფიქსირონ, რომლებიც პოტენციურ ვულკანურ ამოფრქვევებსა და მიწისძვრებზე მიანიშნებს. ასევე, სპეციალისტები თვალს მიადევნებენ ტყეებისა და სამეურნეო მიწების დინამიკას.
უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ-ისა და ინდოეთის თანამშრომლობით 2025 წლის აპრილში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი ინდოელი ასტრონავტის გაგზავნა იგეგმება, რაც კერძო მისია Axiom Mission 4-ის ფარგლებში მოხდება.
მარსის ორბიტაზე ორი იდენტური ზონდის გაშვება
მარსის ორბიტაზე NASA-ს ახალი ზონდების განთავსება 2024 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა მისია გადაიდო და ახლა ის 2025 წლის გაზაფხულზე განხორციელდება. კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) შექმნილ თანამგზავრებს "Blue" და "Gold" შეარქვეს იმ ფერების შესაბამისად, რომლებიც ამ სასწავლო დაწესებულების ემბლემაზე გვხვდება (ლურჯი და ოქროსფერი).
ხელოვნური თანამგზავრები წითელი პლანეტის ორბიტაზე სხვადასხვა ადგილას იმოძრავებს და ციური სხეულის შესახებ მონაცემებს ერთდროულად შეაგროვებს. კერძოდ თითოეული მათგანი დააკვირდება როგორც პლაზმას, ისე მაგნიტურ ველს. ამით გავიგებთ, როგორ "იჟონება" ატომები მარსის ატმოსფეროდან.
ეს ყველაფერი მისია ESCAPADE-ს ნაწილია, რომელიც გასული წლის სექტემბერში რაკეტა New Glenn-ის არამზაობის გამო გადაიდო. დედამიწასა და მარსს შორის ხელსაყრელი "ფანჯარა" ყოველ 26 თვეში ერთხელ იხსნება, ამიტომ მცირე დაბრკოლებები ამგვარი მისიების თვეობით გადავადებას იწვევს. შესაბამისად, ფრენისთვის მომდევნო იდეალური პერიოდი გაზაფხულზე დადგება, რაც ვენერასთან ჩავლას და მისი გრავიტაციის გამოყენებასაც ითვალისწინებს.
ჩინეთის მისია ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოსატანად
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. დედამიწის ორბიტაზე მისი დამოუკიდებელი კოსმოსური სადგური უკვე არსებობს, წარმატებული მისიები შედგა მთვარესა და მარსზეც.
2025 წლის მაისში ჩინეთი აპარატ Tianwen 2-ს ასტეროიდზე გაუშვებს, რისთვისაც რაკეტა Long March 3B-ს გამოიყენებენ. ზონდი დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტ 469219 Kamo'oalewa-ს ეწვევა და დაშვებისა თუ ნიმუშების მოპოვების ორ სხვადასხვა ტექნიკას მიმართავს. ვარაუდობენ, რომ ეს ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტია, რომელიც შეჯახების შედეგად 1-10 მილიონი წლის წინ გაიტყორცნა, ამიტომ ის მეცნიერებისთვის საინტერესოა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, Tianwen-2 ასტეროიდზე მოპოვებულ გრუნტის ნიმუშებს დედამიწაზე კაფსულით 2026 წელს ჩამოუშვებს. შემდეგ ის კომეტა 311P/PANSTARRS-ისკენ გაემართება, რომლამდე მისაღწევადაც 7 წელი დასჭირდება.
ESA-ს უეკიპაჟო კოსმოსური ლაბორატორიის გაშვება
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) წლის მესამე კვარტალში კოსმოსში Space Rider-ს გაგზავნის, რომელიც უეკიპაჟო რობოტი-ლაბორატორიაა. ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე ორი
თვის განმავლობაში შენარჩუნდება და მიკროგრავიტაციის პირობებში ტექნოლოგიურ დემონსტრაციებს, ასევე ექსპერიმენტებს, ავტომატურად განახორციელებს.
მისიის დასასრულს Space Rider, რომელიც კოსმოსური თვითმფრინავია, ორბიტიდან დედამიწისკენ დაეშვება და საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე არსებულ კოსმოდრომზე დაჯდება. ამის შემდეგ ის კიდევ სულ მცირე 5-ჯერ გაფრინდება.
ეს კოსმოსური თვითმფრინავი ESA-ს საშუალებას აძლევს, რომ კომერციულ კლიენტებს გაშვების ხელმისაწვდომი სერვისი შესთავაზოს, რითაც ევროპა დედამიწის ორბიტაზე დამოუკიდებელ და რუტინულ წვდომას შეინარჩუნებს.
NASA-ს ახალი კოსმოსური ობსერვატორია
2025 წლის თებერვალში NASA კოსმოსური ობსერვატორიის გაშვებას აპირებს, რომელსაც SPHEREx (სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტრო-ფოტომეტრი, რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი) ეწოდება.
ის ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება, რომელიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა.
SPHEREx-ის მონაცემები სამყაროს რუკის შედგენაში დაგვეხმარება, რისთვისაც ის ირმის ნახტომში არსებულ 100 მილიონ ვარსკვლავსა და 450-ზე მეტ შორეულ გალაქტიკას აღბეჭდავს. ეს ინფორმაცია უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორ ფორმირდება გალაქტიკები; როგორაა გადანაწილებული ვარსკვლავთწარმომქმნელ ნისლეულებში წყალი და ორგანული მოლეკულები; როგორ/სად ყალიბდება მნათობები აირისა და მტვრისგან.
ბოლოს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს დედამიწაზე დაბრუნდებიან ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8 დღით გაუშვეს, მაგრამ იქ 8 თვის გატარება მოუწიათ. ასევე, დავემშვიდობებით ზონდ Juno-ს, რომელიც იუპიტერს 2016 წლიდან იკვლევს. ის ამჟამად გახანგრძლივებული მისიის ფარგლებში ფუნქციონირებს, მაგრამ სექტემბერში ექსპლუატაციიდან გამოვა.
აი, ასეთი დატვირთულია 2025 წელი კოსმოსური მისიების მხრივ. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, ვეცდებით, მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ და სიახლეებით მთელი წლის განმავლობაში მოგამარაგოთ.
კომენტარები