რა არის და როგორ ვლინდება ადამიანის მეტაპნევმოვირუსი — პათოგენი, რომელიც ჩინეთში ვრცელდება
როგორ ვლინდება ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV), რა მდგომარეობაა საქართველოში და რამდენად არსებობს პანდემიის საფრთხე?
ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) შემთხვევები მატულობს, განსაკუთრებით ბავშვებში. საავადმყოფოები გადატვირთულია, ქვეყნის მთავრობა კი სიტუაციის სამართავად სხვადასხვა ზომას მიმართავს. საზოგადოება ამას COVID-19-ის გავრცელებასაც ადარებს, თუმცა, ექსპერტების თქმით, პანდემიის მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს.
როგორც ჩანს, HMPV-ს შემთხვევების მატება ცივ ამინდსა და დახურულ სივრცეებში დიდხანს ყოფნას უკავშირდება. ჩინეთის სახელმწიფო მოხელეები აცხადებენ, რომ ვითარება სეზონური ტენდენციის შესაბამისია.
რა ვირუსია HMPV?
HMPV პნევმოვირუსების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ფილტვის ამერიკული ასოციაციის (ALA) მიხედვით, იგი საკმაოდ გავრცელებული პათოგენია, რომელიც ზედა სასუნთქს სისტემას აინფიცირებს. HMPV ახალი სულაც არ არის — იგი ჯერ კიდევ 2001 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდებში.
ეს ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს/აცემინებს და HMPV-ს შემცველ წვეთებს ავრცელებს. ვირუსი ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით ან დაბინძურებულ ზედაპირებთან (ჭიქა, კარის სახელური და ა. შ.) შეხებით გადადის, შედეგად კი გაციებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს.
ეს სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თავისით გაივლის, თუმცა ბავშვებში, მოხუცებში, ფილტვის დაავადებების ანდა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში გართულებების რისკი ყველაზე მაღალია.
HMPV სეზონურია. იგი ზამთარში ან გაზაფხულის დასაწყისში უფრო აქტიურად ვრცელდება (როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსის შემთხვევაში ხდება ხოლმე).
რა სიმპტომები აქვს HMPV-ს?
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, HMPV-ს ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 3-6 დღეა, ანუ ინფექციის სიმპტომები ვირუსთან კონტაქტიდან 3-6 დღეში იწყება.
ALA-ს თანახმად, HMPV უმეტესად ზედა სასუნთქ სისტემაზე მოქმედებს და გაციებისათვის დამახასიათებელ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს. ესენი შეიძლება იყოს:
- ხველა;
- სურდო ანდა ცხვირის გაჭედვა;
- ყელის ტკივილი;
- მაღალი ტემპერატურა.
ეს სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თავისით გაივლის, ამიტომ სამედიცინო დახმარება საჭირო არ არის. თავის ტკივილის, სიცხის ან ცხვირის გაჭედვის მოსახსნელად შეგიძლიათ ისეთი პრეპარატები გამოიყენოთ, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა და თქვენთვის უსაფრთხოა.
მეორე მხრივ, სამედიცინო დახმარების მიღებას გვირჩევენ, თუ ქოშინი, ძლიერი ხველა ან მსტვინავი სუნთქვა განვითარდა — ეს გართულებულ შემთხვევებს ახასიათებს. ამ დროს, შესაძლოა, ასთმა ან ფილტვის სხვა დაავადებები გამწვავდეს. ვირუსს შეიძლება თან დაერთოს ქვედა სასუნთქი სისტემის ინფექციებიც, მათ შორის: ბრონქიოლიტი, ბრონქიტი ან პნევმონია.
HMPV-ს დიაგნოსტირებისათვის ექიმები პაციენტის ანამნეზს ეყრდნობიან და ზოგჯერ ლაბორატორიულ ანალიზებსაც იყენებენ იმის გასაგებად, თუ რა ტიპის ვირუსმა გამოიწვია ინფექცია.
ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, მკურნალობა კი, შემთხვევის სიმძიმის განურჩევლად, სიმპტომების შემსუბუქებას ან მოხსნას ემსახურება.
რა ხდება ჩინეთში და რამდენად მოსალოდნელია პანდემია?
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) 2 იანვარს ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 23-იდან 29 დეკემბრამდე პერიოდში რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ინფექციების გავრცელებას ასახავს.
წინა კვირასთან შედარებით, HMPV-ს გავრცელება ამბულატორიულ პაციენტებში 0.1%-ით არის მომატებული; ეს ვირუსი განსაკუთრებით ხშირია 14 წლამდე ასაკის პირებში. მომატებულია ინფლუენცასა (6.2%) და რესპირაციული სინციტიალური ვირუსის (0.3%) შემთხვევებიც, სხვა პათოგენების გავრცელებამ კი იკლო. ცნობისთვის, ჩინეთში ამ დროისთვის ყველაზე გავრცელებული ვირუსი ინფლუენცაა, იგივე გრიპი.
CDC მოსახლეობას ურჩევს, რომ ვირუსის პრევენციისათვის ჰიგიენური ნორმები დაიცვან. უწყება პარალელურად უარყოფს, რომ კოვიდპანდემიის მსგავსი საფრთხე არსებობს, ვითარებას კი სეზონური ტენდენციით ხსნის:
"რესპირატორული ინფექციები ზამთრის სეზონზე პიკს აღწევს", — პარასკევს განაცხადა მაო ნინგმა, ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა — "შარშანდელთან შედარებით, როგორც ჩანს, დაავადება მსუბუქია და უფრო მცირე მასშტაბით ვრცელდება".
პანდემიის საფრთხეს არ აღიარებენ არც სხვა ექსპერტები. The Guardian-თან საუბრისას სპეციალისტები აცხადებენ, რომ HMPV არ ჰგავს COVID-19-ს. იგი ახალი ვირუსი არ არის და რამდენიმე ათწლეულია ცირკულირებს, ამიტომ მსოფლიოს მოსახლეობას მის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი უკვე აქვს. ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიის სცენარი ვიხილოთ. ექსპერტების აზრით, შემთხვევების მომრავლება ნაწილობრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით HMPV-ის დაფიქსირება და ამოცნობა უფრო მარტივია.
ვირუსის გავრცელებას ივანე ჩხაიძეც, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიც, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩინეთსა და მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა:
"ეს არის სეზონური მატება, როდესაც მოიმატა არა მხოლოდ მეტაპნევმოვირუსმა, არამედ კორონავირუსმაც, გრიპმაც და, ზოგადად, ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ თემაზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია, რადგან არ მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილში ამ ვირუსის მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს, თუნდაც პანდემიის თვალსაზრისით".
მეტაპნევმოვირუსი საქართველოშიც ფიქსირდება?
ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ HMPV გამოჩენის დროიდან საქართველოშიც გვხვდება, "მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც მძიმე დაავადებები ან სერიოზული ეპიდაფეთქებები გამოეწვიოს".
იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ერთ-ერთი კვლევის შედეგები მოიშველია, რომლის თანახმადაც, HMPV ბავშვების 99%-ს აქვს გადატანილი, ეს მონაცემი კი საქართველოს მოსახლეობაზეც განაზოგადა:
"შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს აქვს ეს ვირუსი გადატანილი. შესაბამისად, ამ ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს".
ჩხაიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ ვირუსების გავრცელებას ლუგარის ლაბორატორია იკვლევს. მათი მონაცემებით, წინა კვირაში ქვეყანაში HMPV-ს ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
"იაშვილი წარმოადგენს ლუგარის ბაზას და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველკვირეულად გვაქვს მონაცემები, რამდენია ქვეყანაში ამ ვირუსების რაოდენობა. [2024 წლის] 50-ე კვირას 6% იყო — შედარებით მაღალი. ბოლო მონაცემებით, 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინ კვირაში გვქონდა 2 შემთხვევა მეტაპნევმოვირუსის, ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული", — განაცხადა მან.
ადამიანის მეტაპნევმოვირუსი პანდემიის საფრთხეს არ ქმნის. მეორე მხრივ, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თავს მოვუფრთხილდეთ და პრევენციული ზომები მივიღოთ: ხშირად დავიბანოთ ხელები და მოვერიდოთ როგორც სახეზე შეხებას, ასევე სხვისი ნივთების გამოყენებასა და ახლო კონტაქტს; ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდებულია სამედიცინო პირბადის გამოყენებაც.
HMPV-თ ინფიცირება იშვიათად იწვევს მძიმე გართულებებს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუარესება ნამდვილად შეუძლია, თუნდაც რამდენიმე დღით.
კომენტარები