ზაფხული ის დროა, როდესაც სიმყუდროვის ყველაზე მეტად მოყვარული ადამიანებიც კი თავგადასავლებს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დროის სასიამოვნოდ გასატარებელი ადგილების ნაკლებობას არ ვუჩივით, გულში ყოველთვის გვაქვს იმის იმედი, რომ ამჯერად ყველაზე უჩვეულო და თავბრუდამხვევ ამბავში ამოვყოფთ თავს.

წელს ასეთი ამბავი ვანის ნაქალაქარში დატრიალდება. ეს ადგილი ხომ ისედაც ჯადოსნურია და დროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა, თუმცა, წელს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დამთვალიერებელს აქამდე უცხო კულტურის გაცნობის საშუალებაც ექნება; "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეი" — ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ივლისისა და აგვისტოს თვეებში მოეწყობა და რომელიც ტრაგიკული ბედის მქონე რომაულ ქალაქში გამოგზაურებთ. ვულკანის ფერფლის ქვეშ მოქცეული პომპეი საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციისთვის უცნობი ადგილი იყო, თუმცა, აღმოჩენის შემდეგ ის ერთდროულად იქცა არქეოლოგიისა და ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროდ და ტურისტებისთვის საყვარელ დანიშნულების ადგილად.

მოგზაურობა ამჯერად რამდენიმეგანზომილებიანია — ვანი კულტურულ და დროის გზაჯვარედინად იქცევა. ის ხომ "კოლხეთის პომპეიდ" გაიცნეს.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება, მისი მხარდამჭერი კი თიბისია. თიბისი უკვე მესამე წელია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური პარტნიორია.

და მაინც — რა საიდუმლოებას მალავს ვანი? ამ სტატიაში ვანის გასაოცარ აღმოჩენებზე თქვენთვის უცნობ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ.

1. აქ მომხდარ საინტერესო ამბებზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ალაპარაკდნენ

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიუხედავად იმისა, რომ ვანის მიდამოებში არქეოლოგიურმა სამუშაოებმა მასშტაბური სახე მეოცე საუკუნის შუა ხანებში მიიღო, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, გაზეთი დროება წერდა, რომ წვიმის დროს გორიდან წამოსულ ნიაღვარს ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები მოჰქონდა. სწორედ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ექვთიმე თაყაიშვილს, ამ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოები დაეწყო. მოგვიანებით, როგორც უკვე ვთქვით, სამუშაოები უფრო მასშტაბური გახდა და მას ოთარ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1985 წელს აქ არქეოლოგიური მუზეუმიც დააფუძნა. დღეს ეს მუზეუმი სწორედ მის სახელს ატარებს.

2. ვანის აღმოჩენები ადასტურებს, რომ კოლხეთი ნამდვილად "ოქრომრავალი" ქვეყანა იყო

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ანტიკური წერილობითი წყაროების თანახმად, კოლხეთის მდინარეებში ცხვრის ტყავს აფენდნენ, რადგან წყალს ოქროს ქვიშა მოჰქონდა. როგორც ჩანს, არც ეს ცნობა და არც ოქროს საწმისის მითი სინამდვილისგან მაინცდამაინც შორს არაა — ვანის აღმოჩენები მოწმობს, რომ კოლხეთი ლოთონებით მდიდარი ქვეყანა იყო, განსაკუთრებით კი, ოქროს სიმრავლით გამოირჩეოდა.

3. ვანის მხოლოდ ერთ, წარჩინებული კოლხი ქალის სამარხში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული, რომელიც 1 500-ზე მეტი ოქროს ერთეულისგან შედგება

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

იმის მიუხედავად, რომ როგორც უკვე ვთქვით, ვანისადმი სამეცნიერო ინტერესი მეოცე საუკუნემდეც არსებობდა, მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციები 1947 წლიდან დაიწყო. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, რომელიც 1969 წელს მიმდინარეობდა, არქეოლოგებმა მდიდრულ სამარხში დიდი რაოდენობით ოქროსა და ვერცხლის სამკაული და ჭურჭელი აღმოაჩინეს. ეს ერთი სამარხიც კი საკმარისია, წარმოვიდგინოთ თუ როგორი მდიდარი იყო კოლხეთი. ეს ნივთები ასევე მოწმობს, თუ რამდენად განვითარებული იყო მათი დამზადების ტექნოლოგია.

4. ვანი ცოდნის ერთ-ერთი უძველესი კერაც იყო

ფოტო: გურამ კაპანაძე / TBC

ვანში ცოდნის და ცეცხლის კერები ერთნაირი წარმატებით ენთო — ასეთი შეფასების უფლებას გვაძლევს აქ აღმოჩენილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამზადების ტექნოლოგია. თითოეული დეტალი ხშირად მაღალ ესთეტიკასთან ერთად, დამზადების ურთულესი ტექნიკით გამოირჩევა. რაც მიგვანიშნებს, რომ კოლხეთში არსებული ოქრომჭედლობის ადგილობრივი სკოლა მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

5. უნიკალურია არა მხოლოდ შესრულების ტექნიკა, არამედ გამოსახულებები

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვანის აღმოჩენებს შორის ყველაზე ცნობილია ყელსაბამი კუს გამოსახულებიანი საკიდებით. კუს თითოეული ფიგურა საგანგებოდაა დამუშავებული. ყელსაბამი უნიკალურია იმითაც, რომ ანტიკურ ოქრომჭედლობაში კუს გამოსახულება ძალიან იშვიათად გვხვდება.

6. ვანში აღმოჩენილ ჭაბუკის ტორსს "ვასიკო" დაარქვეს

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

წერილობითი წყაროებითა და შემდგომ უკვე ვანის აღმოჩენებითაც დასტურდება მჭიდრო კონტაქტები ბერძნულ სამყაროსა და კოლხეთს შორის. ვანში აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი აპოლონის გამოსახულებადაა მიჩნეული. ქანდაკება ახვლედიანების გორაზე, ვასილ ახვლედიანის ეზოში აღმოაჩინეს და ამიტომაც ვასიკო შეარქვეს.

7. ყველა დამსხვრეული ფიგურა დროს არ დაუზიანებია

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვანის ნაქალაქარის ყველაზე ძველ საკულტო მოედანზე დიდი რაოდენობით დამსხვრეული თიხის ჭურჭელი და ფიგურები აღმოჩნდა. მათ შორისაა ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებებიც. მეცნიერთა აზრით, თიხის ეს ნაკეთობები დროს არ დაუზიანებია — დამსხვრევა ერთგვარი რიტუალი იყო და წარსულის უკან მოტოვებასა და ახლის დასაწყისს გულისხმობდა.

8. აქ სამარხებიც განგაცვიფრებთ

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვანის ნაქალაქარზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების მდიდრული სამარხები აღმოაჩინეს, სადაც კოლხი წარჩინებულები ოქროს სამკაულთან, ვერცხლის ჭურჭელთან, ცხენებთან და საკუთარ მსახურებთან ერთადაც კი დაუკრძალავთ. ოქროს სამკაული და ძვირფასეულობა ასევე აღმოჩნდა წარჩინებულ მეომართა სამარხებსა და ქვევრსამარხებსა და ბავშვთა სამარხეშიც კი.

ვანის გათხრებისას ქანდაკების სამარხებიც კი აღმოაჩინეს, რომლებიც, ტრადიციული წესით, ადამიანივით დაუკრძალავთ სუდარითა და თანჩასატანებელი სამკაულებით. არც ისაა გასაკვირი, რომ ვანის აღმოჩენები ამ ფენომენითაც უნიკალურია მსოფლიოში.

9. მუზეუმი, რეალურად, სატაძრო ქალაქის მონუმენტია

ფოტო: ტბელ აბუსერიძე / National Geographic Magazine საქართველო

ვანის მუზეუმი, რომელსაც, სხვათა შორის, ანტიკური ტაძრის ფორმა აქვს, ის ადგილი კი არ არის, სადაც მხოლოდ "მშრალი" არტეფაქტებია გამოფენილი — ეს სივრცეა, რომელიც მითიურ ატმოსფეროსთან ერთად უძველეს ქალაქს აღმოჩენის პროცესითურთ ინახავს. ნაქალაქარის გაცნობას დამთვალიერებელი კარიბჭით იწყებს, შემდეგ ყველა იმ მნიშვნელოვან კუთხეს სტუმრობს, რომელიც თავის დროზე სატაძრო ქალაქს ქმნიდა და ასრულებს იმ მონაკვეთით — რკინის დიდი ტარანით — რომელმაც ქალაქის ისტორიაც დაასრულა, დღეს კი მისი მონუმენტის ნაწილად ქცეულა. სწორედ ამიტომ, ეს პროცესი ძალიან ჰგავს დროში მოგზაურობას.

10. დაბოლოს — აქ თქვენც აღმომჩენი ხდებით

ფოტო: გურამ კაპანაძე / TBC

დროში მოგზაურობასთან ერთად მუზეუმის სივრცეში თქვენ თავად "ხდებით" არქეოლოგი. ეცნობით არა მხოლოდ ინფორმაციას არტეფაქტებისა და ნაქალაქარის შესახებ, არამედ პროცესსაც, როგორ ხდებოდა ათასწლეულებით უკან დაბრუნება და იმის გაგება, თუ როგორ იქმნებოდა მითი რეალობაში.


ამ ყველაფრის შეტყობის შემდეგ, ალბათ შეუძლებელია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მონახულების სურვილი არ გაგიჩნდეს, თუმცა, წლევანდელ წელს ეს მოგზაურობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან აქ პომპეიში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენებიც გამოიფინება.

ვანი, ფაქტობრივად, იმავე მნიშვნელობის მქონეა საქართველოს წარსულის კვლევისთვის, როგორც პომპეი — რომის ისტორიის შესწავლისას. როგორ ცხოვრობდნენ, რას საქმიანობდნენ და, საერთოდ, ვინ იყვნენ კოლხები — ამ შეკითხვებზე პასუხს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იპოვით.

ორი განსხვავებული ამბისა და მითის გაერთიანება — სად ქრება ზღვარი რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის; ალბათ სწორედ ამას გაჩუქებთ პომპეისა და ვანის ტანდემი, ფიქრების თუ არა, მძაფრი შეგრძნებების საშუალებით მაინც.