როგორ საკვებს ეტანებიან ბუზები — კვლევა
უკეთესი გემო უფრო პრიორიტეტულია თუ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება?
ბუზებს დახვეწილი გემოვნება აქვთ და, როგორც გურმანი მენიუს გულდასმით შესწავლისას, ისინიც დიდ დროს უთმობენ ტკბილი, მარგებელი კალორიების ძებნას, ხოლო მწარე, პოტენციურად მომწამვლელ საკვებს თავს არიდებენ.
თუმცა, რა ხდება მათ ტვინში, როდესაც საკვებთან დაკავშირებით აკეთებენ არჩევანს? იელის მკვლევრებმა ამის გასარკვევად საინტერესო გზა გამონახეს.
კვლევაში, რომელმაც შესაძლოა შუქი იმასაც მოჰფინოს, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები საკვებს, მკვლევრებმა მშიერ დროზოფილებს მწარე ქინაქინათი შეზავებულ ტკბილ, სასარგებლო საკვებსა და ნაკლებად ტკბილ, მაგრამ არც მწარე, დაბალკალორიულ საკვებს შორის მისცეს არჩევანი. შემდეგ ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას, მათ ტვინში მიმდინარე ნეირონულ აქტივობას ნეიროვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით დააკვირდნენ.
თქვენი აზრით, მაღალმა ენერგეტიკულმა ღირებულებამ მოიგო თუ უკეთესმა გემომ?
"გააჩნია, რამდენად მშივრები არიან. რაც მაღალია შიმშილის დონე, მით უფრო იტანენ მწარე საკვებს, რათა მეტი კალორია მიიღონ", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა მაიკლ ნიტაბახმა, იელის სამედიცინო სკოლის უჯრედული და მოლეკულური ფიზიოლოგიის, გენეტიკის და ნეირომეცნიერების პროფესორმა.
მიუხედავად ამისა, 5 ივლისს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რეალური პასუხი იმაზე, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამგვარ არჩევანს, მეტად კომპლექსურია.
იელის ასოცირებული მკვლევრის, პრიტი სარინის გუნდზე დაყრდნობით, ბუზები სენსორულ ინფორმაციას ტვინის მარაოს ფორმის სხეულად წოდებულ ნაწილში გზავნიან. სიგნალები სწორედ აქ ერთიანდება და მოქმედებაში მოჰყავს ის, რაც მწერის ნაირსახეობას აღმასრულებელ გადაწყვეტილებას უსადაგებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ნეირონულ აქტივობათა კანონზომიერებები მარაოს ფორმის სხეულში სიტუაციისდა მიხედვით იცვლება, როცა საკვებზე ახალი არჩევანია გასაკეთებელი, რაც საკვების თაობაზე ბუზის გადაწყვეტილებას განსაზღვრავს.
მაშინ, როდესაც მკვლევრებმა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს, საკითხმაც მეტად უცნაური ელფერი შეიძინა. მათ აღმოაჩინეს, რომ ბუზის არჩევნის შეცვლა ტვინის იმ რეგიონებში ნეირონთა მანიპულაციით შეეძლოთ, რომელიც მარაოს ფორმის სხეულს აწვდის ინფორმაციას. მაგალითისთვის, როცა მათ მეტაბოლიზმში ჩართულ ნეირონთა აქტივობა შეამცირეს, შეამჩნიეს, რომ ამან მშიერ ბუზებს უფრო დაბალკალორიული საკვები აარჩევინა.
"ეს ერთი დიდი მარყუჟია უკუკავშირის პროცესში და არა უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალური იერარქიით მართული პროცესი", — განაცხადა ნიტაბახმა.
მისი თქმით, ესაა ის მონაკვეთი, სადაც ბუზებისა და ადამიანების კვებითი არჩევანი უკავშირდება ერთმანეთს. ნეირონულ აქტივობას ბუზისა და ადამიანის ტვინებში ნეიროპეპტიდებისა და ნეიროტრანსმიტერ დოპამინის გამოყოფა არეგულირებს, რაც ადამიანებში ჯილდოს შეგრძნებებს აწესრიგებს. ამ ქსელში არსებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის საკვებზე ტვინის პასუხიც შეცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვებითი გადაწვეტილებები, რომლებსაც, ჩვენი აზრით, გაცნობიერებულად ვიღებთ, შესაძლოა ნეიროქიმიით იყოს მართული.
"კვლევა იმის გასაგებ ნიმუშს გვთავაზობს, თუ რა გავლენას ახდენს შიმშილი და შინაგანი ემოციური მდგომარეობები ჩვენს ქცევაზე", — თქვა ნიტაბახმა.
სერინი და ლი იან მაკკერდი, იელის სამედიცინო სკოლის ასპირანტები, კვლევის თანაავტორები არიან.
კომენტარები