7 საინტერესო ფაქტი ქართული ფულის შესახებ
ფულს ბევრი ალბათ მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საგნად განიხილავს, რომლის გარეშეც არსებობა წარმოუდგენელია. თუმცა, ასეთივე წარმოუდგენელია ქვეყნის ისტორიული ღირებულების განსაზღვრა ეროვნული ვალუტის გარეშე. ეს მარტივი გასაგებია — ნებისმიერ ენციკლოპედიაში, სადაც რომელიმე ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ეძებთ, შესავალშივე წააწყდებით ფულის ნიშანს, რომელსაც ამ სახელმწიფოში იყენებენ.
ივანე ჯავახიშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი — ყველა ამ ადამიანს თქვენ ქართულ ფულზეც შეხვდებით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვალუტა ნამდვილადაა ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული სიმბოლო. ქართული ფული თითქმის 27 საუკუნეა, რაც იჭრება, თუმცა, ამჟამინდელი ლარი შედარებით ახალგაზრდაა. უფრო ახალგაზრდაა მისი სიმბოლო — ₾ — რომელსაც ამ წლის 7 ივლისს შექმნიდან 7 წელი უსრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, მოდით, ქართული ფულის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გადავავლოთ თვალი.
1. ქართული ვალუტა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა
საქართველო ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ფულის ნიშნად ლითონის საგნების გამოყენება დაიწყეს. ძვირფასი მეტალისგან დამზადებული ზოდები და რგოლები ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში პირველმა ოფიციალურმა მონეტამ ჩაანაცვლა — კოლხურმა თეთრმა — რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იჭრებოდა.
„ალექსანდრე მაკედონელის ზეობისას საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გამოჩნდა ბერძნული მონეტები, მოგვიანებით ასევე პართიული და რომაული მონეტები, კიდევ უფრო მოგვიანებით კი სასანიდური და ბიზანტიური საფასეები. საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ცვლილებასთან ერთად ფულის მიმოქცევის არხებში სხვადასხვა საფასეები ხდებოდა დომინანტი.
2. არაბთა მმართველობისას ვალუტას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა
როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები, მათ შორის, დამპყრობლების ლაშქრობები დიდ გავლენას ახდენდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე, მათ შორის, იმაზეც, რაც ზარაფხანაში ხდებოდა. VIII საუკუნეში თბილისში არაბებმა ზარაფხანა დაარსეს, ეტაპობრივად არაბული ვერცხლის ფული დირჰემი ქართულ ეკონომიკაში დომინანტი გახდა, თავდაპირველად თბილისში მოჭრილ არაბულ მონეტებზე არაბთა ხალიფას სახელი იყო დატანილი, მოგვიანებით კი თბილისის ამირას სახელიც გაჩნდა.
3. დავითის მონეტა მეფის ძლიერებას გამოხატავდა
ფოტო: The British Museum
რადგან შესავლიდან მოყოლებული იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის ვალუტა მისი კულტურული სახისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გამომხატველი ერთდროულადაა, რაგასაკვირია, რომ დავით აღმაშენებლის პერიოდში მოჭრილმა ცნობილმა მონეტამ საქართველოს ოქროს ხანა სპილენძის ფულზე ასახა.
დავითს, რა თქმა უნდა, კარგად ესმოდა, რომ მონეტარული პოლიტიკის გატარება ქვეყნის სიძლიერის განმტკიცებისათვის აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ 1118-1125 წლების პერიოდით დათარიღებულ ვალუტაზე, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ სამეფოში იქნებოდა მიმოქცევაში, მეფის ტიტულატურა ასახულიყო: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა..."
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საქართველოში მიმოიქცეოდა ბიზანტიური და სელჩუკური ფულიც.
4. XV საუკუნეში "დაკნინებული" მონეტები იჭრებოდა
ფოტო: ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ეროვნული კატალოგი
ფოტო: ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ეროვნული კატალოგი
მონღოლების პერიოდში საქართველოში რამდენადაც არასტაბილური სიტუაციაც იყო, იმდენადვე არასტაბილურად ჰქონდა საქმე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოქცეულ ვალუტას. XIV საუკუნეში კი, საერთოდ, საოკუპაციო მონეტა — ჯუჩიდების ფულმა — დაიწყო მიმოქცევა.
მომდევნო საუკუნეში, ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის დაქსაქსვის გამო, შეიცვალა მონეტარული პოლიტიკაც და უწარწერო, იგივე "დაკნინებული" მონეტები გამოჩნდა, რომლებზეც ხშირად წარწერების ნაცვლად მხოლოდ ფიგურები იყო გამოსახული.
5. მეფე ერეკლემ მონეტაზე ორთავიანი არწივის დატანას ცალთავიანი ამჯობინა
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მონღოლური ფული წასული არ იყო, რომ ჯერ ირანული და ოსმალური, მოგვიანებით კი ევროპული ფულიც კი — დუკატები და ტალერები — მოვიდა საქართველოში. XVIII საუკუნეში თეიმურაზსა და ერეკლეს ფულის პოლიტიკური მნიშვნელობა ასევე კარგად ესმოდათ, ამიტომაც, ასწლეულის შუახანებიდან მოყოლებული ვერცხლის და სპილენძის მონეტების ინტენსიურად მოჭრა დაიწყეს.
როცა საქართველო რუსეთის იმპერიას გაურიგდა პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ეს ყველაფერი, ცხადია, ვალუტითაც აღინიშნა და მონეტებზე ორთავიანი არწივი გამოჩნდა. ალბათ გემახსოვრებათ, რომ გარიგებას რუსეთი დიდი გულისყურით არ მოკიდებია და არც კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ღალატზე უთქვამს უარი, ამიტომ, მეფე ერეკლემაც დაუნანებლად "მოჰკვეთა თავი" ფრინველთა მეფეს და მონეტაზე მხოლოდ ცალთავა არწივი დარჩა.
6. XX საუკუნეში ევროპულ წიაღში დაბრუნება ფულითაც აღინიშნა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს ყველა სფერო მოიცვა და ჩვენთანაც რუსული რუბლების გამოყენება მოგვიწია. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მონობისგან თავდახსნის შემდეგ საქართველო ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა — ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ადამიანების თანასწორობა ცნო, თავისუფლება და თანასწორობა ასახა ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტშიც.
1919-1921 წლებში, სამწუხაროდ, ძალიან მცირე ხნით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბონები იყო მიმოქცევაში. ულამაზესი დიზაინის მქონე ბანკნოტის ყველაზე მაღალი ნომინალი თავდაპირველად 500 მანეთი იყო, თუმცა, მომდევნო პერიოდში, ინფლაციასთან ერთად, 5000-მანეთიანიც კი გამოვიდა. მართალია, ბონები საბჭოთა ოკუპაციამ გააქრო, თუმცა, ამ ვალუტამ არსებობის მცირე ხანის განმავლობაშიც მოახერხა გამოეხატა ქვეყნის კულტურული სახე და პოლიტიკური მიმართულება.
7. ლარი, ანუ განძი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
იცოდით, რომ სიტყვა ლარი ძველქართულში განძს ნიშნავს? ერთგვარად ალბათ მატერიალური კეთილდღეობის წინაპირობაცაა, როცა ქვეყნის ვალუტა სიმდიდრეს აღნიშნავს, მისი სიმბოლო კი არაფრით ჩამოუვარდება წამყვანი მსოფლიო ვალუტების დიზაინს.
მოკლედ, როცა საბჭოთა ოკუპაციასაც დავეხსენით და 70 წლის შემდეგ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ფუნქცია დაიბრუნა, დაიწყო ახალ ვალუტაზე მუშაობა. საბოლოოდ, ლარი მიმოქცევაში 1995 წლიდან გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი სიმბოლოს შექმნის ჯერიც მოვიდა; 2013 წელს გამოცხადებულ კონკურსში მხატვარ მალხაზ შველიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელიც უკვე მეშვიდე წელია, ქვეყნის ვალუტას აღნიშნავს და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკვე არაერთხელ ნახსენებ ჩვენს ღირებულებებს.
როგორც უკვე ვახსენეთ, ქვეყნის ცენტრალური ბანკი — საქართველოს ეროვნული ბანკი — დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1991 წელს აღდგა. უკვე 30 წელია, რაც ეროვნული ბანკი კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებთან ერთად, ქართული ფულის ნიშნების ემისიის ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს — ის უზრუნველყოფს ბაკნოტებისა და მონეტების შესაბამისი რაოდენობით გამოშვებას, ასევე მათ დაცვას უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით და მიწოდებას კომერციული ბანკებისათვის.
ქართული ფულის შესახებ მეტს სწორედ ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან შეიტყობთ.
კომენტარები