თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანას ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერმინისტრი ჰყავს.

"ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერმინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!", — წერს თაბაგარი ფეისბუქგვერდზე.

დღეს, 5 ივლისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღიბაშვილმა განაცხადა, რომ ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან ოპოზიცია დგას მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: