რატომ მიიჩნევს კულტურა სიმსუქნისადმი სექსუალურ ინტერესს არაჯანსაღ ფეტიშად
"კულტურა გვკარნახობს, რომ ჩემნაირი სხეულები სიყვარულს არ იმსახურებს", — მწერალი ობრი გორდონი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჰყვება, საიდან იღებს სათავეს ეს ნორმა და რატომ არ უნდა დავუჯეროთ მას.
ჩემი პირველი შეყვარებული სახელოვნებო სკოლაში სწავლობდა. ურთიერთობის დაწყებიდან მალევე სტუდენტურ გამოფენაზე დამპატიჟა თავისი ფოტოების დასათვალიერებლად. კედელზე დაკიდებული ავტოპორტრეტული ნამუშევრები მისი სხეულის ცვლილებას ასახავდნენ. მან ტესტოსტერონის მიღება ჩვენ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და ორმაგი ექსპოზიციით მიღებულ ფოტოებზე მოჩვენებასავით გამოსახული სხეულის ცვლილება ნათლად ასახავდა ჰორმონების მოქმედებას.
ჩვენ ერთმანეთისგან ორი შტატის დაშორებით ვცხოვრობდით და კვირის ბოლოს შუაგულ ბოსტონში მთელ დღეს ერთად ვატარებდით. წერილებს თითქმის ყოველდღე მწერდა და მეც ელვის სისწრაფით ვუბრუნებდი პასუხს. მისი სასიყვარულო სიტყვები ყოველ ჯერზე ქარის დაბერვასავით იყო — ფეხებიდან მიწას მაცლიდა. პასუხებს სქელ ქაღალდზე ვუწერდი და ხანდახან სუნამოსაც ვაპკურებდი. ის ამ წერილებს საძინებელში, სარკის წინ აწყობდა და მეუბნებოდა — "შენ ისეთ სასიამოვნო რაღაცებს ამბობ ჩემზე, მგონია, თუ ხშირად შევხედავ, მეც დავიჯერებ".
დროთა განმავლობაში ბოსტონში სეირნობა მის ბინაში გატარებულ უქმეებში გადაიზარდა. შეგვეძლო, მის პატარა საწოლში ვწოლილიყავით და გვეოცნება მომავალზე, როცა სწავლის დასრულების შემდეგ ბოსტონში გადავიდოდი საცხოვრებლად. მე სამსახურის ძებნა დავიწყე, მან კი — ჩვენი საერთო ბინის.
მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს მომავალს წარმოვიდგენდი, იქ საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. ეს მშვენიერი ცხოვრება სხვას ეკუთვნოდა, ის კი ვინმე ჩემზე უკეთესს იმსახურებდა. უფრო ლამაზს, თავის თავში დარწმუნებულს და, რა თქმა უნდა... უფრო გამხდარს.
მე ყოველთვის მსუქანი ვიყავი.
მსუქანი და არა — პუტკუნა ან ფუმფულა. იმ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, 155 კილოს ვიწონი და ქალის სამოსის 26 ზომას ვიცვამ. ჩემი სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღმწერს როგორც "ავადმყოფურად ჭარბწონიანს" ან "უკიდურესად ჭარბწონიანს". და, მართალია, მე ნამდვილად არ ვარ დედამიწაზე ყველაზე მსუქანი, თუმცა BMI-ის მიხედვით, ამაზე მეტის დაფიქსირება, უბრალოდ, შეუძლებელია. სამი წლის წინ 180 კილოგრამი ვიყავი და 30 ან 32 ზომას ვიცვამდი. სკოლის გამოსაშვებზე წითელი ზედა მეცვა, 24 ზომა — ყველაზე დიდი, რისი შოვნაც მაშინ შევძელი.
ჩემთვის ჩემი სხეულის ზომა უბრალო ფაქტია. არ მაქვს პრობლემები თვითშეფასებასთან და არც ჩემს ტანს აღვიქვამ ნეგატიურად. ძილის წინ არ ვოცნებობ უფრო გამხდარ სხეულზე, რომელთანაც 45 კილოგრამი მაშორებს. ჩემთვის ჩემი სხეული არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ ჩემია.
თუმცა არასდროს მინახავს შეყვარებული მსუქანი ქალი — არა მხოლოდ ცხოვრებაში, ეკრანზეც კი არ მინახავს. არასდროს მინახავს მსუქანი ქალი პაემანზე. არ მინახავს თავდაჯერებული მსუქანი ქალი, რომელსაც პარტნიორი პატივს სცემს. და რადგან ეს დაფარული ტერიტორია იყო, ჩავთვალე, რომ ის არც არავის გაეკვალა. შედეგად, ჩემი განიერი, რბილი სხეულიდან რისკებზე წასვლის შემართება ნელ-ნელა განვდევნე. როგორ შეეძლო მას ჩემი შეყვარება თუ ეს, ასევე, ჩემი სხეულის შეყვარებასაც ნიშნავდა?
მართალია, ხშირად გამეგონა, რომ "ძალიან ლამაზი სახე" მაქვს, სამყარო გამუდმებით მახსენებდა, რომ შეუძლებელია, ჩემი სხეული ვინმეს მიმზიდველად მიაჩნდეს. სადაც უნდა გამეხედა, ყველგან ღიად აკრიტიკებდნენ და აფასებდნენ სხეულებს — ჩემი ტანი კი ამ შეფასებებში ყოველთვის ყველაზე დაბალ ქულებს იღებდა. რაც შეეხება ჩემს შეყვარებულს, მხოლოდ სიგამხდრეც კი გაცილებით მაღალ საფეხურზე აყენებდა მის სხეულს. ურთიერთობის ინდექსის ამ ბოროტ მთვლელში ჩვენი ციფრები არასდროს ემთხვეოდა.
ეს მხოლოდ მას არ ეხებოდა. მე უკვე ნასწავლი მქონდა, რომ თითქმის ყველასთვის არასასურველი ვიყავი. წლების განმავლობაში ჩემი სხეული რომანტიკულ ურთიერთობებში ცენტრალურ პოზიციას არ თმობდა. პაემნებზე ყოველთვის აქცენტს აკეთებდნენ ჩემს სიმსუქნეზე, რაც იმ დისკომფორტის ქვეცნობიერი გამოხატულება იყო, თავიანთი სურვილების გააზრება რომ იწვევდა მათში. დროთა განმავლობაში ჩემდამი გამოვლენილ ყველა ინტერესს ეჭვის თვალით ყურება დავუწყე — თითქოს ჩემი სხეულის მიმზიდველად აღქმა საშიშროებას შეიცავდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, მე ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ვღელავდი — მეგონა, რომ მხოლოდ ძალადობას შეეძლო ჩემი რბილი სხეულისადმი სურვილის აღძვრა. ვღელავდი, რომ სექსუალური ფეტიშის ობიექტად აღვიქმებოდი: ჩემით მხოლოდ სიახლის განცდის სურვილით დაინტერესდებოდნენ და არა — სიყვარულის შედეგად.
ჩემნაირი სხეულისადმი სურვილის გაჩენა იმას ნიშნავდა, რომ ჩემი პარტნიორები ან ირაციონალურები იყვნენ, ან სულელები, ანდაც მათ იმაზე ნაკლებით დაკმაყოფილება გადაეწყვიტათ, ვიდრე რეალურად სურდათ. პირველი დაშორების შემდეგ წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემ მიმართ გამოხატული ინტერესი კითხვების დასმის გარეშე მიმეღო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა პოტენციური პარტნიორი ან რამხელა ენთუზიაზმს გამოხატავდა — ძალიან მიჭირდა მათი ნდობა. სხეულში გამცრიდა ხოლმე მათი შეხებისას და ისე ვიშორებდი ხელებს, როგორც ცხელ უთოს. მეგონა, რომ მათი ინტერესი შეუძლებელი ან პათოლოგიური იყო. ინტიმურობა დაუცველობის შეგრძნებას მიჩენდა, დაუცველობა კი თავს შეურაცხყოფილად მაგრძნობინებდა.
რადგან ეს პატარა ნაიარევები ღრმა ჭრილობებად გადაიქცნენ, მე მათი გადახვევა ჩვენი ურთიერთობის ჩემებურად გააზრებით გადავწყვიტე. ეს კავშირი არასდროს ყოფილა შესაძლებელი — ის ზედმეტად ლამაზი და ნაზი იყო რეალობისთვის. შეიძლება, ჩემმა პარტნიორმა მოწყალება გაიღო და საქველმოქმედო საქმე ჩაიდინა პატარა მსუქანი გოგოსადმი ინტერესის გამოხატვით. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მას ჩემთან ყოფნა არ უნდოდა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ზედმეტად გულჩვილი იყო იმისთვის, რომ ის გაეკეთებინა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა — დამშორებოდა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ საუკეთესო, რაც მისთვის შემეძლო გამეკეთებინა, წასვლა იყო. ასე რომ, წავედი.
მე არ ვიცოდი, როგორ უნდა ვყვარებოდი ვინმეს. არ მეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამიტომ ორივეს გული გავტეხე.
მოგვიანებით, მეგობრის მეგობართან ხანმოკლედ ურთიერთობის მერე, გადავწყვიტე, გაცნობის აპლიკაციებს დავბრუნებოდი. Bumble-ზე ერთ დღეზე ნაკლებში ვიღაც გამომეხმაურა. მივწერე — უბრალოდ ხელის დაქნევის ემოჯი გავუგზავნე, რომ გამეგო, როგორ მიპასუხებდა. ეს მოკვლევის პირველი საფეხური იყო, რომელსაც მეორემდე აღარ მიუღწევია.
მე მივესალმე, მან კი მომწერა: "მსუქანი ქალები მიყვარს. დიდი გოგო, როგორც წესი, დიდ პირს ნიშნავს. მსუქანი ხელებიც უფრო კარგად მუშაობს ჰაჰა. დიდმა გოგოებმა უფრო კარგად იციან, როგორ ასიამოვნონ თავიანთ კაცებს".
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაცნობის აპლიკაციებში.
ყველა ქალის მსგავსად, მეც ველოდი უხამს ფოტოებს, არასასურველ თხოვნებს და უარის შემდეგ შესაბამის ეპითეტებსაც. თუმცა ამ ყველაფრის ზემოდან ისეთ შეტყობინებებსაც ვიღებდი, რომლებშიც ჩემს მსუქან სხეულზე უფლების ქონა იკითხებოდა — იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ეს სხეული, მხოლოდ მისი ზომის გამო, მათ განკარგულებაში იყო. მათ თვალში მორიგი დასაპყრობი ტერიტორია არ ვიყავი, ამიტომ მოლოდინი ჰქონდათ, რომ საკუთარი ნებით, მადლიერად დავნებდებოდი.
ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მიღებულ შეტყობინებაში ჩემი გამოცდილებები აისახა. ის ეხმიანებოდა "საძმოს" შეჯიბრებებს, ვინ უფრო მსუქან გოგოსთან დაწვებოდა, და დაუსრულებელ სატელევიზიო "ხუმრობებს" სიმსუქნეზე. ის ეხმიანებოდა ცხოვრების იმ ეპიზოდს, როცა ბარში ბიჭმა ნომერი კეთილი და უცოდველი სახით მთხოვა, შემდეგ კი თავისი მეგობრების მაგიდას ტრიუმფალურად დაუბრუნდა, რადგან თამაშში წაგებული სანაძლეო — ყველაზე მსუქანი გოგოსთვის ნომრის გამორთმევა აესრულებინა. ის ეხმიანებოდა მომენტს, როცა პაემანზე ბიჭმა, რომელიც ერთ დროს მსუქანი იყო, თავდაჯერებულობა შემიქო, შემდეგ კი დაამატა — "მეც ასე ვიყავი, სანამ არ მივხვდი, რომ უკვე ნებისმიერთან სექსის ქონაზე ვიყავი მზად" — და თავის სახლში დამპატიჟა. ის ეხმიანებოდა მეგობრებისა და ახლობლების წუხილს, როცა ამბობდნენ, რომ თუ ცოტას დავიკლებდი, სიყვარულით სავსე, ჯანსაღი ურთიერთობა მექნებოდა — "უბრალოდ მინდა, ვიღაც იპოვო".
ამასთან, იყო ისეთი შეტყობინებებიც, რომლებშიც ჩემს სხეულს უსულო საგანივით მოიხსენიებდნენ — მარტივად ხელმისაწვდომად, ერთჯერადად, ნაგვად. მსუქანი ადამიანები არ არიან ერთადერთნი, ვინც ანტისიმსუქნის მსგავსი გზავნილებისგან ზარალდებიან. ასეთი შეტყობინებები ასევე რთული გადასატანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვხვდებით, ვუყვარვართ, ჩვენზე ქორწინდებიან ან ჩვენთან სძინავთ. ისინიც ხაფანგში ებმებიან. სულ რომ არაფერი, ჩვენს კულტურაში მსუქანი პარტნიორის ყოლა, საუკეთესო შემთხვევაში — წარუმატებლობა, უარეს შემთხვევაში კი სასირცხვილო, პათოლოგიური ფეტიშია. მსუქანი ადამიანის ნდომა გადახრაა, სამარცხვინოა და უნდა დაიმალოს.
თუმცა სექსუალობის შესახებ კვლევები აბსოლუტურად სხვა სურათს აჩვენებს. პროექტის, A Billion Wicked Thoughts-ის ნეირომეცნიერებმა, ოგი ოგასმა და საი გადამმა პორნოგრაფიის მაყურებელთა ისტორიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა გააანალიზეს. მათ აღმოაჩინეს, რომ განურჩევლად გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, ადამიანები საძიებო სისტემებში მსუქან სხეულებს გაცილებით ხშირად ეძებდნენ, ვიდრე — გამხდარს. უფრო მეტიც, "მსუქანი პორნო" ყველაზე პოპულარულ კატეგორიებში მე-16 ადგილზე იყო და ისეთ საძიებო სიტყვებსაც უსწრებდა, როგორიც "ანალური სექსი"(18), "ჯგუფური სექსი" 24), "ფელაცია"(28) და "გამხდარი"(30) არის. "საძიებო სისტემაში შეყვანილ ყოველ გამხდარ გოგოზე სამი მსუქანი გოგო მოდის", — წერია ნეირომეცნიერების კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ყველა ზომის ქალია, პორნოს მაყურებლები თავიანთი სურვილების გამჟღავნებას ვირტუალურ, დაცულ სივრცეში ამჯობინებენ — სამყაროს ბოროტი თვალებისგან შორს.
მართალია, ოგასის და გადამის კვლევა მხოლოდ სექსუალურ სურვილებს მოიცავს და არა — რომანტიკულ მისწრაფებებს, თუმცა ის მაინც კარგად ასახავს, რამდენად ტაბუდადებულია ჩვენს კულტურაში ეს საკითხი. ეს შედეგი გვეუბნება, რომ იმ მოსაზრების ფესვები, თითქოს გამხდარი ხალხი თავისთავად მიმზიდველია და მსუქნები ერთმნიშვნელოვნად არასასურველნი არიან, კულტურაშია გადგმული და რეალობას ნაკლებად ასახავს. კვლევა იმისკენ მიგვანიშნებს, რომ მსუქანი სხეულები ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველნი არიან, თუმცა ეს სურვილი რეპრესირებულია, რასაც, დიდი ალბათობით, არსებული სტიგმა იწვევს.
უამრავი კაცი, რომელსაც მსუქანი ქალები იზიდავს, თავისი სურვილების განსახორციელებლად განსჯისა და სტიგმისგან უსაფრთხო ადგილს ეძებს — მაგალითად, საიდუმლოდ აქვს სექსი მსუქან ქალთან, რადგან ამ კავშირის სრულფასოვან ურთიერთობად ქცევის ეშინია ან ამ პერსპექტივას ზიზღის თვალითაც კი უყურებს. ვირჯი ტოვარი სტატიაში, საიდუმლო ურთიერთობები მსუქან ქალებთან, საკუთარ მაგალითზე აღწერს ასეთ ურთიერთობას — "ყველაფერი ინტიმური და საოცარი იყო, როცა მარტო ვიყავით, შემდეგ კი უცებ ეს უბრალოდ წყდებოდა. მომხიბლავი ექსცენტრული ბოჰემურობიდან ამაზრზენი თავისტკივილი ვხდებოდი".
არასწორად არ გამიგოთ — ნამდვილად არსებობს სიმსუქნისადმი მიზიდულობა, რომელსაც იმდენად სპეციფიკური ფორმა აქვს, რომ ფეტიშიზმში გადაიზრდება. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ იმის ყურებით, როგორ ჭამს მათი მსუქანი პარტნიორი ან როგორ ემატება მას კილოგრამები. ამას გარდა, ზოგს სიამოვნებას ანიჭებს მძიმე სხეულის ქვეშ ყოფნა. ზოგიერთი მსუქანი ადამიანი სიამოვნებით თანხმდება ამგვარ შემოთავაზებებს (ხანდახან თანხის სანაცვლოდ), ზოგი კი — არა. თუმცა უამრავმა იძულების გზით გამოცადა ფეტიშიზმი — ისე, რომ ამაზე არ დათანხმებულა.
სიმსუქნის ფეტიშს ბევრ მსუქან ადამიანში — განსაკუთრებით კი, ქალებში — ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ზოგისთვის ზომა, სურვილი, სირცხვილი და სექსი ერთმანეთშია გადახლართული. ადამიანები, რომლებიც სიმსუქნეზე ისეთი ნეგატიური სტერეოტიპების ინტერნალიზებას ახდენენ, როგორიც ის გავრცელებული აზრია, თითქოს სიმსუქნე თავისთავად არამიმზიდველი და არასასურველია, ხშირად იტანჯებიან კვებითი აშლილობებით. ამასთან, ბევრ მათგანს სექსუალური შევიწროებაც გამოუცდია. სიმსუქნის მიმღებლობის სივრცეებში ხშირად მოისმენთ ისტორიებს იმაზე, თუ როგორ ასაიდუმლოებდნენ პარტნიორები მათთან ურთიერთობებს. ზოგი იმასაც ჰყვება, როგორ მოიკრიბა გამბედაობა სექსუალური ძალადობის გამოცდილებაზე ხმამაღლა სასაუბროდ და პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ მას არ დაუჯერეს. მსგავსი გამოცდილებების სიმრავლის გათვალისწინებით, კითხვას აღარ ბადებს ის, თუ რატომ აღიქვამს ზოგიერთი მსუქანი ადამიანი თავის მიმართ გამოვლენილ ლტოლვას საშიშად და მტაცებლურად.
რა თქმა უნდა, ყველა მსუქან ადამიანს არ უწევს ასეთი საშინელი ურთიერთობების ისტორიების საკუთარ თავზე გამოცდა. თუმცა უამრავი ჩვენგანი იმდენად ვართ მოქცეული ამ ნორმის დამამკვიდრებელი კულტურის წნეხის ქვეშ, რომ სიმსუქნისადმი გამოვლენილ ინტერესთა უდიდეს ნაწილს ფეტიშად ვნათლავთ. მსუქანი ადამიანების სექსის ან პაემნებზე სიარულის განხილვისას უბრალო მიზიდულობაზე ცოტა თუ საუბრობს. არადა, გამხდარი ადამიანები ხომ ხშირად იხიბლებიან ერთმანეთით და ამას სულაც არ ვუწოდებთ ფეტიშიზმს. მათ თამამად შეუძლიათ, ყავისფერთმიანები, დაკუნთულები ან მაღლები მოსწონდეთ; შეუძლიათ, თავისუფლად ისაუბრონ სასურველი პარტნიორის ფიზიკურ მახასიათებლებზე: გამოკვეთილ ყბებზე, გრძელ თმაზე ან წვრილ ფეხებზე. გამხდარი ადამიანების სამყაროში ეს მახასიათებლები — "ტიპებად", მათდამი ინტერესი კი იმდენად უნივერსალურად აღიქმება, რომ ნეიტრალურობის სტატუსს იძენს.
ჩვენ გვასწავლიან, რომ თითოეული ადამიანისთვის სასურველი პარტნიორი კონკრეტულ ტიპს მიეკუთვნება. თუმცა როცა გამხდარ ადამიანს მსუქნები იზიდავს, ეს უკვე ტიპად აღარ აღიქმება, ნორმის ფარგლებს სცდება და ფეტიში ხდება. ჩვენ გვასწავლიან, თითქოს მსუქნები იმდენად კატეგორიულად არასასურველები ვართ, რომ ჩვენდამი ნებისმიერი მიზიდულობის გაჩენა ბნელ ფიქრებთან და უკონტროლო სურვილებთან არის დაკავშირებული.
მჯერა, რომ სიყვარულს ვიმსახურებ ამ სხეულით და არა — მის მიუხედავად. ჩემი სხეული არ არის დაბრკოლება, სასირცხვილო ფაქტი ან უიღბლო სიმართლე. ჩემი სხეულისადმი გამოხატული სურვილი არ არის პათოლოგიური ქმედება. და მე მარტო არ ვარ. მიუხედავად დაუსრულებელი წინააღმდეგობებისა, მსუქანი ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილში პოულობენ და აშენებენ მათთვის სასურველ ურთიერთობებს. აქ არ არსებობს საგზაო რუკა, ასე რომ, ჩვენ თავად ვიქნებით კარტოგრაფები და საკუთარ გზას გავიკვალავთ.
ჩვენ არაჩვეულებრივი ცხოვრება გვაქვს. ჩვენ ვუყვარვართ ჩვენს ოჯახებს, პარტნიორებს, მეგობრებს. მსუქან ადამიანებს თავდავიწყებით უყვარდებათ. მსუქანი ადამიანები ქორწინდებიან. მსუქან ადამიანებს საუცხოო სექსი აქვთ. მსუქანი ადამიანები წარმოუდგენლად ბედნიერები არიან. ეს ადამიანები მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მათი ცხოვრება დიდებული, მშვენიერი რამაა — ენერგიით სავსე და რაღაც ისეთი, როგორზეც ბევრ ჩვენგანს დაასწავლეს, რომ მხოლოდ წარმოდგენებში ექნებოდათ. ასე რომ, მოდი უფრო მეტის წარმოდგენა შევძლოთ.
კომენტარები