უზბეკეთის დაკარგული ლუვრი: მუზეუმი, სადაც სტალინის მიერ აკრძალულ ნამუშევრებს მალავდნენ
ეს მუზეუმი, ყოფილი იმპერიის განაპირა წერტილში, სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ავანგარდული ხელოვნების კოლექციას ინახავს — ნამუშევრებს, რომლებიც სტალინის კლანჭებისგან ელექტრიკოსმა იხსნა. თუმცა, გადარჩენა ახლა თვითონ მას სჭირდება. The Guardian-ის ჟურნალისტი, სუზან მური უზბეკეთს 2019 წელს ესტუმრა და მუზეუმის გარშემო თავისი შთაბეჭდილებები ამ სტატიით აღწერა.
ტაშკენტში, უზბეკეთის კულტურის სამინისტროში, უზარმაზარ მაგიდასთან ვზივარ, სახელმწიფო მოხელეები კი შესანიშნავ შესაძლებლობაზე მესაუბრებიან. ამჟამად საერთაშორისო ვაკანსიაა გამოცხადებული ქვეყნის ერთ-ერთი გალერეის მმართველის პოზიციაზე, სადაც რუსული ავანგარდული ხელოვნების სამყაროში სიდიდით მეორე კოლექცია ინახება. "რა შესანიშნავი სამსახურია", ვფიქრობ, "მისი ცნობადობის გაზრდით, მუზეუმი შეიძლება ცენტრალური აზიის ლუვრადაც კი იქცეს".
თუმცა ოცნების სამსახური, შეიძლება, არც ისე საოცნებო იყოს. მომდევნო დღეს, უღმერთოდ დილაადრიან, ჩრდილოეთ უზბეკეთში მდებარე ნუქუსში მივფრინავ, სადაც "აკრძალული ხელოვნების მუზეუმი" მეგულება. გზაში დაღლილი ვამჩნევ, რომ ტურისტულ ცნობარებშიც კი ძალიან ცოტაა ნათქვამი ამ "არამიმზიდველ ქალაქზე". როგორც ჩანს, ერთადერთი რამ, რაც აქ ხალხს იზიდავს, "კატასტროფების ტურიზმია". არალის ზღვა, ერთ დროს სიდიდით მეოთხე ეპიკონტინენტური ზღვა, საბჭოთა ირიგაციის სისტემებისა და წყალში გაშვებული ქიმიკატების წყალობით დაშრა. ყველა თევზი მოკვდა. ზღვის დამშრალ ფსკერზე, რომელიც ძალიან ჰგავს მთვარის ზედაპირს, დაჟანგული ნავები საოცრად ფოტოგენურ პეიზაჟს ქმნიან. ირგვლივ მომწამლავი მტვერი ტრიალებს — აქ ახალშობილთა სიკვდილიანობის და კიბოს მაღალი მაჩვენებლებია.
არა უშავს, მე ხომ აქ ხელოვნებისთვის ვარ — თვით კულტურის სამინისტრომ მომიწვია. ნუქუსის ხელოვნების მუზეუმი ქვეყნის დასალიერში მდებარეობს, მაგრამ ის უზბეკეთის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია — ამისთვის მადლობა სავიცკის კოლექციას, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ეს ადგილი ყველაფერს მოწყვეტილია.
იგორ სავიცკი, ყოფილი ელექტრიკოსი, რომელიც მდიდარ რუსულ ოჯახში დაიბადა, ამ მხარეში, დაახლოებით 1950 წელს, არქეოლოგიური გათხრების საშუალებით მოხვდა და მას შემდეგ დაიწყო ადგილობრივი არტეფაქტების, ქსოვილებისა და სამკაულის შეგროვება. იმის გამო, რომ სავიცკი მოსკოვიდან (და, ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ცენტრიდან — ტაშკენტიდან) ძალიან შორს იყო, მან დისიდენტური ავანგარდული ხელოვნების ნიმუშების უზარმაზარი კოლექციის შეგროვება შეძლო. შედეგად კი 1966 წელს სავიცკიმ ეს მუზეუმი დააარსა. რეგიონის მოწყვეტილობამ მას აკრძალული ნახატების გამოფენისა და შეძენის საშუალება მისცა — ხელისუფალთ უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდა სავიცკი.
მაგრამ რაც უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს ეს კოლექცია — სადაც ვოლკოვს, კურზინსა და ლისენკოსაც კი ვხვდებით — რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ ადგილს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებთან კონკურენციის გაწევა შეუძლია. როცა ტალახიან გზაზე იმ მოტიტვლებული მოედნისკენ მიიწევ, სადაც მუზეუმი მდებარეობს, პატარა გუბეებს აბიჯებ და მხოლოდ იმაზე გეფიქრება, რომ ირგვლივ ყველაფერი უკაცრიელი და ნახევრად მკვდარია.
შიგნით შესული, რთული კონსტრუქციის კიბეს ვუახლოვდები, სადაც მომხიბვლელი გიდი მხვდება. ხელოვნება ყველგანაა — ზოგან კედელზე წყებებად მიყუდებულიც, რადგან როცა წვიმს, დაზიანებული სახურავიდან წყალი წვეთავს. და როცა ნელ-ნელა იაზრებ, რასაც ხედავ, სუნთქვა გეკვრის.
სავიცკიმ ამ კოლექციისთვის ყველაფერი გარისკა. ზოგიერთი ეს მხატვარი აწამეს, ან მოკლეს, ან მათ გულაგებში მრავალი წელი გაატარეს. ეს კოლექცია იმ რუსი და უზბეკი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც 30-იანი წლების შემდეგ ხატავდნენ — იმ დროს, როდესაც ყველა ნახატი, რომელიც სოციალისტურ რეალიზმს არ ასახავდა, სტალინის მიერ იკრძალებოდა. იმ პერიოდის ყველა სხვა სტილი — ახლადჩასახული კუბიზიმი, ფუტურიზმი და თუნდაც იმპრესიონიზმი — დანაშაულად ითვლებოდა. ფორმალიზმი, როგორც მას სსრკ-ში უწოდებდნენ, დასჯადი იყო, ხოლო სასჯელი — სასტიკი. სავიცკი მიხვდა, რომ ამ ნამუშევრების გადარჩენა შეეძლო. ის მატარებელს მიყვებოდა მოსკოვამდე, რასაც სამი დღე სჭირდებოდა, და მხატვართა ოჯახებს თაფლავდა, რის შედეგადაც მათ სხვენში შენახული ნამუშევრები გამოჰქონდათ. სავიცკი ცნობილი იყო როგორც "ქვრივების მეგობარი". ნაწილობრივ ოპორტუნისტმა, ნაწილობრივ კი შემგროვებელმა, მან იმ კოლექციის შექმნა მოახერხა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია აქ გამოფენილი.
უცნაურია ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფ საგანძურში შესვლა, რომლის ღირებულებაც ხელოვნების საერთაშორისო დილერებისთვის მრავალ მილიონს შეადგენს. ამ ქალაქში მუზეუმის გარდა სხვა არაფერია: არანაირი რესტორნები, მხოლოდ რამდენიმე უვარგისი სასტუმრო. აქ ვერ შეხვდებით ყველაზე წარმატებული გალერეების გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას. იქნებ, მე, უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი დასავლური თვალი მოვარგო იმას, თუ როგორი უნდა იყოს მუზეუმი? სრულიად შესაძლებელია. მაგრამ თვითონ ეს ხელოვნებაც საუბრობს სავიცკის ამ კულტურისადმი მიმართულ კოლონიურ მზერაზე. აქ ნახავთ ნიკოლაევის მიერ შესრულებულ, გოგენის ტილოების მსგავს ულამაზეს ნამუშევრებს, რომლებზე გამოსახულ ადგილობრივ ბიჭებს ყვავილები უჭირავთ და კაცებისთვის ცეკვავენ. ეს მხატვარი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაიჭირეს, მოგვიანებით კი ის ისლამზე მოიქცა. ამ კედლებზე თქვენ სოციალისტურ რეალიზმსა და ორიენტალიზმს შორის არსებული დაძაბულობის ხილვა შეგიძლიათ.
"დეგრადირებული" ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ცხადად პოლიტიკურია და, ამავდროულად, სტილისტურად აღმაფრთოვანებელი. ნახატებში ღიადაა გამოხატული სტალინის კრიტიკა, სადაც ლენინი ჩრდილის სახითაა კუთხეში ჩამალული. ვოლკოვი და კარაჰანი სიახლის გამოხატვისკენ მიისწრაფვიან. კანდინსკი კი უკვე გაქცეულია. სტალინის 1932 წლის ბრძანებამ ლიტერატურული და სახელოვნებო ორგანიზაციების რეკონსტრუქციის შესახებ მხატვრები პოლიტიკური და ესთეტიკური შეხედულებების გაერთიანების მიზნით კომუნისტური პარტიის კონტროლის ქვეშ მოაქცია. ეს ნიშნავდა, რომ ისეთ მხატვარს, როგორიც მიხაილ კურზინი იყო, რომელმაც საბჭოთა კაცის მახინჯად წარმოსახვა გაბედა, ხუთი წელი მიუსაჯეს ციხეში. მისი ნამუშევარი უხეში და შთამბეჭდავია. ოტო დიქსი მახსენდება.
ამ უზარმაზარ კოლექციაში ქალი და ებრაელი მხატვრების მრავალი ნამუშევარია გაერთიანებული. ასეთ ტილოებზე საუბარიც კი სულ ახლახან გახდა შესაძლებელი. როდესაც მუზეუმმა ნადეჟდა ბორავაიას ნახატები გამოფინა — ქაღალდის ნაგლეჯები, სადაც გამოსახულნი არიან გაძვალტყავებული პატიმრები, მკვდარი ბავშვები და საიდენტიფიკაციო ნომრების მქონე ქალები — კატალოგი ვიზიტორებს ეუბნებოდა, რომ ეს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის წარმოსახვითი ნახატები იყო. 1982 წელს იმ სიმართლის თქმა ჯერ კიდევ მიუღებელი გახლდათ, რომ ეს ნაგლეჯები, რეალურად, საბჭოთა გულაგებიდან იყო ფარულად გამოტანილი.
ასევე პატიმრობამისჯილი ვლადიმირ ლისენკოს ცნობილი ნამუშევარი, ხარი, მუზეუმმა კედლიდან "კაგებეს" მოსვლისას ჩამოხსნა. სავიცკიმ მას ფაშიზმი უტევს გადაარქვა და მეორე დღეს ადგილზე დააბრუნა. მსგავსი რამის გაკეთება საბჭოთა კავშირში მხოლოდ პერესტროიკის დროს იყო შესაძლებელი.
სიმართლე რომ ითქვას, დისიდენტობის ამსახველ ასეთ სივრცეს და ადგილობრივ კულტურას ახალ დირექტორზე გაცილებით მეტი სჭირდება. აქ რესტავრატორია საჭირო. გალერეისთვის სასურველ პროდუქტთა სიაში ისეთი ბაზისური მოხმარების ნივთებია, როგორიცაა ჩრჩილის დამჭერი ლენტები და ფაქსის მანქანები. ამჟამინდელი დირექტორი, გულბაჰარ იზენტაევა, ჩაით გაგვიმასპინძლდა და განცვიფრდა, როდესაც გაიგო, რომ მის სამუშაო ადგილზე მიღება იყო გამოცხადებული. ურთიერთობა ტაშკენტსა და მუზეუმს შორის, რომელიც კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაძაბულია. ყოფილმა დირექტორმა პოსტი ქურდობაში დადანაშაულების გამო დატოვა, თუმცა მომავალი დირექტორის არჩევის პროცესში ისიც მიიღებს მონაწილეობას. ამ პარადოქსთან დაკავშირებით გაჩენილ ჩემს კითხვებს საბჭოური თავდაცვითი პოზიციით შეხვდნენ. მუზეუმის ფეხზე დაყენება წარმოუდგენლად რთული იქნება.
სხვა გალერეებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე დავფიქრდი. მართლაც, ზოგიერთი ნახატი მოსკოვში, პუშკინის მუზეუმში იყო კიდეც გამოფენილი. "გადაიტანეთ მუზეუმი ტაშკენტში, უბრალოდ გადაიტანეთ!" — თქვა ვიღაცამ და უკვე ვხვდებოდი, რატომაც.
თუმცა, როცა ნუქუსიდან უდაბნოს გავლით ისეთი მარგალიტისაკენ მივემართებოდით, როგორიც გალავანშემორტმული ქალაქი ხივაა, პრეისლამური უდაბნოს სასახლეებთან გავჩერდით და ისიც გავიაზრე, თუ რით მიიზიდა ამ მხარემ სავიცკი. მე არა მხოლოდ დიდმა მხატვრებმა დამაინტერესა, არამედ უზბეკურმა ქსოვილებმა და კერამიკამაც. აქ ქალები გობელენებს საკუთარი მზითევისთვის ქმნიან და მათზე ნაყოფიერების სიმბოლოებს გამოსახავენ: მწიფე ბროწეულებს, ჩიტებს, რქებს. მათი საიდუმლო სურვილები ნაჭერშია ჩაქსოვილი. სავიცკი ამ ნაჭრებსაც აგროვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთის სხვა ადგილები მართლაც ისეთივე ამაღელვებელი აღმოჩნდა, როგორც ამბობდნენ, ნუქუსი მაინც გულში ჩამრჩა. მუზეუმი, მთელი თავისი უცნაურობით, ძალიან შორსაა იმ ჩვეული, სუვენირების მაღაზიის მონახულებით დასრულებული გამოცდილებისგან, რასაც უმეტესი გალერეებიდან ვიღებთ. ეს ის ხელოვნებაა, რომლისთვისაც ხელოვანები დაიხოცნენ და რომელიც იმან შეაგროვა, ვისაც მისი გადარჩენა სურდა. მას სჯეროდა, რომ ერთ დღეს ეს მხატვრები აღიარებულნი და რეაბილიტირებულნი იქნებოდნენ.
შეუძლია კი ამ უნიკალურ მუზეუმს გადარჩენა მაშინ, როდესაც ისეთი ადგილები, როგორიცაა აბუ დაბი და ვეგასი, საკუთარი კულტურული კაპიტალის საჩვენებლად ხელოვნების გალერეებში უზარმაზარ თანხებს დებენ? ეს სრულიად სხვა შემთხვევაა და მალე ვიღაც იქნება ვალდებული, რომ ადამიანები აქ მოიყვანოს.
კომენტარები