მე-17 საუკუნის ენა, რომელმაც ყველა არსებული ცნება 40 კატეგორიად დაყო
ფოტო: Igor Kisselev / Shutterstock
მე-17 საუკუნის შუა ხანებში ანგლიკანმა ეპისკოპოსმა, ჯონ უილკინსმა რთული მიზანი დაისახა: მან კომუნიკაციის სრულყოფისთვის გადაწყვიტა, ისეთი ენა შეექმნა, რომელიც სამყაროში არსებულ ყველა კონცეფციას, საგანსა და იდეას სულ რაღაც 40 კატეგორიად დაყოფდა.
ჯონ უილკინსი.
ფოტო: Wellcome Images
ამ გზით უილკინსს სურდა, ენა დაეხვეწა და მასში არსებული უწესრიგობა აღმოეფხვრა. ის თვლიდა, რომ სინონიმები, იდიომები და ენის სხვა ელემენტები ხშირად ზუსტად ვერ გადმოსცემდნენ მოსაუბრის სათქმელს და ამის შეცვლა შესაძლებელი იყო.
"ეს ხელოვნური ენა, ბუნებრივი ენებისაგან განსხვავებით, ბუნდოვანი და არაზუსტი არ იქნებოდა. მასში ყოველი ცნება პირდაპირ, სამართლიანად უნდა წარმოჩენილიყო", — წერს ამერიკელი ლინგვისტი, არიკა ოკრენტი წიგნში, ხელოვნური ენების სამყაროში.
დღეს უილკინსის იდეებს ბევრგან შეხვდებით: ბიბლიოთეკათა კლასიფიკაციის სისტემები, ლინეს მცენარეთა და ცხოველთა ტაქსონომია და როჟეს თეზაურუსი სწორედ მათ ემყარება. თუმცა თავად ენა, რომლის არსიც ავტორმა 1668 წლის ნაშრომში, ესე ნამდვილ სიმბოლოთა და ფილოსოფიური ენის შესახებ, ჩამოაყალიბა, სრული მარცხისთვის იყო განწირული.
უილკინსის მიზანი კომუნიკაციის ძირფესვიანად გარდაქმნა და არსებული სისტემის რადიკალურად განსხვავებულით ჩანაცვლება კი არა, ენაში გარკვეული წესრიგის შეტანა გახლდათ. მის თვალში ენა არაპროგნოზირებადი და ტლანქი იყო, ამიტომაც მისი კლასიფიცირება იმ მეცნიერების მსგავსად გადაწყვიტა, რომლებმაც იმავე ხერხი სამეცნიერო რევოლუციის პერიოდში სამყაროს სისტემურად აღწერისთვის გამოიყენეს. როგორც მის ხელნაწერში ვკითხულობთ, "(ზეგავლენისაგან თავისუფალი) ენის მოქნილი და სარგებლიანი ბუნების გამო ადამიანს მისი სწავლისა და გამოყენების სურვილი უჩნდება. მოცემული ნაშრომიც სწორედ ამის მცდელობაა".
ნიუტონის მათემატიკური საწყისების და სხვა მსგავსი ნაშრომების შექმნა მათემატიკის ენის განვითარების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
ფოტო: Andrew Dunn
უილკინსის 600-გვერდიანი ესე ენის მახასიათებლებისა და ისტორიის ვრცელ ახსნას, ყოველი ცნების თითქმის სრულყოფილ კლასიფიკაციას (ცხოველებისა და მცენარეების დაჯგუფებაში მას მეცნიერები, ფრენსის უილობი და ჯონ რეი დაეხმარნენ) და დაახლოებით 160-გვერდიან ლექსიკონს მოიცავს.
უილკინსის კატეგორიათა სტრუქტურა იმ ტაქსონომიურ კლასიფიკაციას ჰგავს, რომლითაც დღეს ცოცხალ არსებებს ვაჯგუფებთ. 40 ყოვლისმომცველ კატეგორიას მან გვარები უწოდა, რომელთაგან თითოეულში ქვეკატეგორიები — სხვაობანი შედიოდა.
მაგალითად, დისკურსის გვარი სხვაობებად ელემენტებს, სიტყვებს, გრამატიკასა და ლოგიკას შეიცავდა. მათში შედიოდა წინადადებები, გამონათქვამები, სიტყვით გამოსვლები და ეპისტოლეები, რომლებიც დამატებით იყოფოდა კითხვის, პასუხის, დასტურის, უარყოფის, მონანიებისა და აღიარების ქვესახეობებად.
სივრცის გვარს სამი სხვაობა განეკუთვნებოდა: დრო, ადგილი და სიტუაცია. თავის მხრივ, დროის სხვაობა სიახლეს, მოახლოებას, მარადისობასა და უსასრულობას მოიცავდა.
თუმცა მსგავსი კატეგორიზაცია თავისთავად ვერ ხსნიდა, როგორ უნდა ყოფილიყო მოცემული სისტემა პრაქტიკაში გამოსადეგი.
უილკინსს სწამდა, რომ ამაზეც ჰქონდა პასუხი. მისი აზრით, ყოველ გვარს, ანუ ყველაზე ვრცელ კატეგორიას, მარტივი და ადვილად გამოსათქმელი მარცვალი უნდა შესაბამებოდა. Do — ლითონებს, Ca — ფიზიკურ მოქმედებებს, Te — ქცევებს... ეს იმას ნიშნავდა, რომ, მაგალითად, To-თი დაწყებული ყველა სიტყვა დაავადებათა გვარიდან იქნებოდა.
უილკინსის ნაშრომის სატიტულო გვერდი.
ფოტო: Wellcome Images
რაც შეეხება სხვაობებს, უილკინსს სურდა, თითოეულისათვის ნებისმიერი 9 თანხმოვანი რიგის მიხედვით შეესაბამებინა. პირველ სხვაობაში გვარის აღმნიშვნელ მარცვალს B თანხმოვანი მოჰყვებოდა, იმავე კატეგორიის მეორე სხვაობაში — D, მესამეში — G, შემდგომ კი P, T Z, C, S და N.
სხვაობაში შემავალი სახეობების გასარჩევად მოსაუბრე ამ თანხმოვნების შემდეგ 9-იდან რომელიმე ხმოვანს ან დიფთონგს გამოიყენებდა.
ყოველივე ზედმეტად რთული თუ მოგეჩვენათ, მართალიც ხართ. ბგერათა კომბინირების თავად უილკინსისეული აღწერილობის წაკითხვაც კი ერთობ დამაბნეველია:
"თუკი Ti ნიშან-თვისებების გვარის აღმნიშვნელია, მაშინ Tid შემდგომ განსხვავებას, ფერს უნდა გამოხატავდეს. Tida ამ სხვაობაში მეორე სახეობის, სიწითლის აღმნიშვნელი იქნება, Tide კი მესამის, ანუ სიმწვანის".
უილკინსის ენამ სიმწვანის ან ნებისმიერი სხვა იდეის გამოხატვა გრძელ, შემეცნებით პროცესად აქცია. თუკი ერთი მოსაუბრე იტყოდა ასოთშეთანხმებას Teb, მისი თანამოსაუბრე უნდა მიმხვდარიყო, რომ Te მარცვალი ქცევათა გვარს აღნიშნავდა, B თანხმოვანი კი რიგით პირველ სხვაობას — ზნეობრიობას. ეს, შეიძლება, გამოსათქმელად კი ყოფილიყო მარტივი, მაგრამ გასააზრებლად — ნაკლებად.
უილკინსმა არაერთი გვერდი დაუთმო იმაზე საუბარს, რომელი თანხმოვანი და ხმოვანი სად უნდა ყოფილიყო, ზედსართავი სახელი, ზმნიზედა, აქტიური და პასიური გვარი, ანტონიმები და სხვა გრამატიკული კატეგორიები რომ სწორად გამოეხატა. კლასიფიკაციის მკაცრ სისტემაში მას თითქმის არცერთი ელემენტი არ გამორჩენია.
ასე იხსნება "ფილოსოფიური ენის" ნაწილი. ახლა კი "ნამდვილ სიმბოლოებს" შევხედოთ.
საერთაშორისო კომუნიკაცია რომ შესაძლებელი გაეხადა, თავდადებულმა ეპისკოპოსმა უნივერსალური დამწერლობა შექმნა. საამისოდ მან მოკლე ხაზები და მარტივი ფორმები გამოიყენა, რომელთა ერთიანობაც იერარქიაში ყოველი სიტყვის ადგილს გამოხატავდა. უილკინსმა მამაო ჩვენოც კი თარგმნა, რათა ეჩვენებინა, როგორ შეეძლოთ სიმბოლოებს ერთ დროს გადაულახავი ენობრივი საზღვრების მიღმა ინფორმაციის გადატანა. მისი აზრით, ახლა ყველა შეძლებდა საერთო ენაზე წერასა და მეტყველებას.
უილკინსის 40 გვარის ჩამონათვალი.
ფოტო: Public Domain
რა გასაკვირია, რომ მასზე მრავალი წელი მუშაობის შემდეგ, უილკინსი ესეს თავის "ძვირფასად" მოიხსენიებდა. ის არც მაშინ შემდრკალა, როცა 1666 წელს ლონდონის დიდ ხანძარში მისი თავდაპირველი ხელნაწერები დაიწვა და ესეზე მუშაობას ხელახლა შეუდგა. 1668 წელს ნანატრი დღეც დადგა: უილკინსი მზად იყო, ნამუშევარი ლონდონის სამეფო საზოგადოებისათვის წარედგინა. საზოგადოების წევრებმა ის ხელგაშლილად მიიღეს.
როგორც ბარბარა შაპირო თავის ბიოგრაფიულ წიგნში, ჯონ უილკინსი, 1614-1672: ინტელექტუალური ბიოგრაფია, მოგვითხრობს, ბუნებისმეტყველმა რობერტ ჰუკმა უილკინსის ენის შესახებ განაცხადა: "იმდენად ჭეშმარიტად ფილოსოფიური და ზედმიწევნით თანმიმდევრულია, რომ სრულყოფილებამდე არა აკლია. ბრწყინვალე დამწერლობისა და ფილოსოფიურობის გამო ეს ენა ფართოდ და მუდმივად უნდა იქნეს გამოყენებული".
თუმცა, დროთა განმავლობაში უილკინსის პროექტის სისუსტეებიც გამჟღავნდა. "ამ ენის გამოყენება შეუძლებელია. ყოველი სიტყვა ერთგვარი მათემატიკური ფორმულაა. როცა საუბრისას სიტყვებს ვიყენებთ, ზუსტად ვიცით, რისი გამოხატვაც გვსურს. უილკინსის ენა ჩვენს სპონტანურ კომუნიკაციას ვერანაირად მოერგებოდა", — ამბობს არიკა ოკრენტი.
იმ დიაგრამის ნაწილი, რომელიც უილკინსის ენაში ბგერათა გამოთქმის წესებს ილუსტრირებს.
ფოტო: King’s College London / Foyle Special Collections Library
კრისტოფ გრენდსერ-კოევოცი ხელოვნურ ენათა საზოგადოების პრეზიდენტია — ეს ხელოვნური ენების მოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანება გახლავთ. გრენდსერ-კოევოცის თქმით, უილკინსის ენა "ჩანასახშივე განწირული უდიდესი მცდელობაა". მისი აზრით, უილკინსის შემოთავაზებული კლასიფიკაციის იერარქიული სისტემა ზედმეტად ჩაკეტილი იყო საიმისოდ, რომ მუდმივად ცვალებადი სამყარო აღეწერა და ის არც წინადადებების ასაწყობად საჭირო გრამატიკულ სტრუქტურებს მოიცავდა. "უილკინსის ენა სამშენებლო მასალების დიდ ტომარას ჰგავს, როცა სინამდვილეში უკვე აშენებული სახლი გჭირდება", — ამბობს ის.
უილკინსის ლექსიკურ სისტემასაც ჰქონდა ნაკლი: ერთსა და იმავე ჯგუფებში შემავალი სიტყვები მსგავსად გამოითქმოდა, ყველაზე ხშირად გამოყენებადი — კონკრეტული სიტყვები კი ყველაზე გრძელი იყო, რაც ენის სწავლას განსაკუთრებით ართულებდა.
ასე დარჩა 600-გვერდიანი ნაშრომი ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა. თუმცა უილკინსის "ძვირფასის" მარცხს ახალი ენების შექმნელთა მსურველები არ შეუშინებია. შესაძლოა, დღესდღეობით ენათა კონსტრუირება ზოგისთვის ისეთ წარუმატებელ ექსპერიმენტად მოჩანს, რომლის ადგილიც მხოლოდ წარსულშია, თუმცა ახალი ენების შექმნა არც ახლაა უცხო ხილი. ენის მრავალი მოყვარული ბუნებრივი კომუნიკაციის გამრავალფეროვნებას უილკინსამდეც ცდილობდა და დღესაც ცდილობს.
უილკინსის მიერ ნათარგმნი მამაო ჩვენო.
ფოტო: Public Domain
სწორედ მათი მცდელობების საფუძველზე შეიქმნა ისეთი წარმატებული ხელოვნური ენა, როგორიც ესპერანტოა. მასზე მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი საუბრობს, მშობლიური ენა კი რამდენიმე ათასისთვისაა. არსებობს ნაკლებად ცნობილი ხელოვნური ენებიც — მაგალითად, სოლრესოლი, რომელზე კომუნიკაციაც მუსიკალური ინსტრუმენტების ანდაც ფერადი დროშების მეშვეობითაა შესაძლებელი.
არც გამოგონილი სამყაროებისათვის შექმნილი ენები უნდა გამოგვრჩეს — მაგალითად, ტოლკინის ელფური ანდაც სტარ ტრეკში გამოყენებული კლინგონური. ამ ენებს ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები დღემდე სწავლობენ.
თუმცა, თუკი ენაში არსებულ პრობლემათა აღმოფხვრას განვიზრახავთ, წარსულის შეცდომები არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. "მგონი, ხშირად ვერ ხვდებიან, რომ მსგავსი შეცდომები უკვე ბევრს დაუშვია. და თუ ხვდებიან, ფიქრობენ, რომ მცირეოდენი ცვლილებებით მიაღწევენ წარმატებას", — ამბობს არიკა ოკრენტი, — "მათ ამ დროს უმთავრესი პრობლემა რჩებათ ყურადღების მიღმა — კერძოდ ის, რომ ადამიანები ენის ნაკლოვანებების აღმოფხვრას სულაც არ მიესწრაფვიან".
უილკინსი ხელოვნური ენის ერთ-ერთი ყველაზე მოწადინებული შემქმნელი გახლდათ, თუმცა სამყაროს 40 კატეგორიაში გამოკეტვით მან საკუთარ თავს მოუჭრა გზები. კაცობრიობა, უბრალოდ, არ იყო იმისთვის მზად, რომ ხმის ამოღებამდე ამდენი ეფიქრა.
-
ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა
გადახედვა
-
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1 სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან
-
კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით კროსვორდი: გამოიცანი ვალუტა ქვეყნით
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება
გადახედვა
-
უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი უკრაინამ და EU-მა €8.35 მლრდ მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
გადახედვა
-
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
გადახედვა
-
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
გადახედვა
-
ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
გადახედვა
-
"ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას "ჯერ საქართველოს" ამოცანა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული იდეის ადვოკატირებაა — ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე "ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
გადახედვა
-
Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა
გადახედვა
-
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
-
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაკავებულია ერთი პირი საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაკავებულია ერთი პირი
გადახედვა
კომენტარები