როგორ წარმოედგინათ კოსმოსი საბჭოთა სამეცნიერო ჟურნალებს — ფოტოები
კრატერებით დაფარულ ზედაპირზე წამომართული მაღალი სვეტი იქვე მდგარი მომცრო კოშკების გასწვრივ გრძელ, მუქ ჩრდილს ქმნის. სწორი ხაზები სტრუქტურებს ერთმანეთთან რუკაზე დახაზული ქუჩების, ანდაც კოსმოსური ჭადრაკის სავარაუდო სვლების მსგავსად აკავშირებს. დედამიწა უშფოთველად ლივლივებს ჩაბნელებულ ცაზე, მის გვერდით კი რუსული წარწერა მოჩანს: "ტექნოლოგია ახალგაზრდობისთვის". ეს 1933 წელს გამოსული საბჭოთა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის სახელწოდებაა. მისი 1969 წლის ნომრის ყდა კი ლუნა-9-ის მიერ გადაღებული ფოტოსურათების შესახებ დაბეჭდილი სტატიის ილუსტრაციაა. ლუნა-9 საბჭოთა უპილოტო კოსმოსური ხომალდი იყო, რომელიც რამდენიმე წლით ადრე მთვარეზე პირველი დაეშვა წარმატებით.
მთვარის ეს წარმოსახვითი ლანდშაფტი ერთ-ერთია იმ 250 სურათიდან, რომლებსაც ალექსანდრა სანკოვას გასულ წელს გამოცემულ ვიზუალურად შთამბეჭდავ წიგნში, საბჭოთა კოსმოსის გრაფიკა: კოსმოსური ხედვა სსრკ-დან, შეხვდებით. კოსმოსის ეპოქის ხელოვნება საბჭოთა სამეცნიერო ჟურნალების პარალელურად გახდა პოპულარული, რომელთა რაოდენობა ცივი ომის პერიოდში 200-ს აღწევდა. 1950-1970 წლებში კოსმოსი საერთაშორისო ბატონობის მოსაპოვებლად ზესახელმწიფოთა ბრძოლის ველად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის ეპოქა საბჭოთა კავშირის მიერ სპუტნიკ-1-ის წარმატებული გაშვებით დაიწყო, ლუნა-9-ის მისიიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ უკვე აშშ გახდა ის ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე პირველ ადამიანს დაადგმევინა ფეხი.
საბჭოთა ილუსტრაციები — ისინიც კი, რომლებზეც მფრინავი თეფშები და იდუმალი ფუტურისტული მოწყობილობებია გამოსახული — თავის შექცევაზე მეტად განათლებასა და კომუნისტური პროექტის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. 1962 წელს ჟურნალში, ტექნოლოგია ახალგაზრდობისთვის, გამოქვეყნებულ კოსმონავტების ღია წერილში ვკითხულობთ: "ყოველ ჩვენგანს სწამს, რომ სწორედ ჩვენი შრომა (დიახ, შრომა!) ქმნის საბჭოთა მეცნიერებას, აძლიერებს საბჭოელ ადამიანს და გვაახლოებს შესანიშნავ მომავალთან, კომუნისტურ მომავალთან, რომელსაც მთლიანი კაცობრიობა აუცილებლად მიაღწევს". როგორც სანკოვა ჰყვება, მეცნიერები, ასტრონავტები და საავიაციო ინჟინრები ცოცხალ ლეგენდებად ითვლებოდნენ, ვინაიდან კოსმოსის იდეა საბჭოთა კავშირისათვის უმნიშვნელოვანესი იყო.
"კოსმოსის სფეროში სსრკ-ის მიღწევები პროპაგანდის გავლენიანი იარაღი გახლდათ", — ამბობს ავტორი. საბჭოთა მოქალაქეების ყოველდღიურობა ამ სურათებითა და კოსმოსში ცხოვრებისა და სიცოცხლის ახალ ფორმებთან შეხვედრის კიდევ უფრო სიურრეალისტური და ფანტასტიკური ვიზუალებით იყო სავსე. ყოველივე ეს იმ აზრის დემონსტრირებას ახდენდა, რომ კულტურული რევოლუცია დედამიწის ფარგლებსაც კი შეიძლებოდა გასცდენოდა.
Atlas Obscura სანკოვას უცხოპლანეტელებზე, საბჭოელი ხელოვანების შთაგონების წყაროებსა და მთვარეზე პირველი ადამიანის გაფრენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რით იყო ხელოვანების მიერ კოსმოსის ასეთი გამორჩეული ხედვა შთაგონებული?
ეს ილუსტრაციები ორი ძირითადი ფაქტორითაა შთაგონებული: სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს ინტენსიური განვითარებითა და დიზაინერებისა და ხელოვანების დიდი ენთუზიაზმით, მეცნიერების სხვადასხვა დარგში სიახლეები აღმოეჩინათ. ხელოვანებს ხშირად ტექნიკური განათლება ჰქონდათ მიღებული. ვიზუალებზე ზეგავლენა წიგნების, რომანებისა და მოთხრობების გამოცემათა ზრდამ და 1920-იან, 50-იან და 60-იან წლებში გამოსულმა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებმაც იქონია.
გამომგონებლებსა და ფილოსოფოსებს კოსმოსში გაფრენის ოცნების ახდენამდე დიდი ხნით ადრე სჯეროდათ, რომ პლანეტებსა და სამყაროებს შორის მოგზაურობა გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა. რუსეთში ეს იდეები კონსტანტინე ციოლკოვსკის ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა, რომლებშიც მეცნიერი არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ლოგიკურობაზე საუბრობს. ციოლკოვსკი პოპულარული არა მხოლოდ ინჟინრულმა საქმიანობამ გახადა, არამედ მის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამაც, რომ არსებობენ განვითარებული არამიწიერი ცივილიზაციები, რომელთაც მატერიასა და ბუნებრივ პროცესებზე ზემოქმედება შეუძლიათ. ციოლკოვსკის სურდა, კოსმოსური ინტელექტი გვეპოვა და კაცობრიობასა და კოსმოსს შორის ორგანული კავშირი დამყარებულიყო.
საბჭოთა მწერლები არამიწიერ ცივილიზაციებთან შეხვედრაზე გასაოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. შემდეგ კი, 1970-1980-იან წლებში, კოსმოსურმა ფანტასტიკამ უკანა ფონზე გადაინაცვლა და ადგილი კოსმოსის კვლევის ნამდვილ პროგრამათა აღწერას დაუთმო.
ჯდება თუ არა ეს ილუსტრაციები საბჭოთა დიზაინის ზოგად ესთეტიკაში?
საბჭოთა გრაფიკული დიზაინი აქტიურად ვითარდებოდა და ქვეყნის მდგომარეობას სწრაფად ირეკლავდა. ამას უმეტესწილად ის განაპირობებდა, რომ პლაკატები, ჟურნალები, წიგნები და ბროშურები პროპაგანდას ყველაზე ეფექტიანად ავრცელებდნენ. მათი დამზადება სწრაფი და იაფი იყო და ისინი ინფორმაციას მკაფიოს, ვიზუალურად აღქმადსა და მარტივად გასაგებს ხდიდნენ.
გამომცემლობები იმ ხელოვანებთან და სახელოსნოებთან თანამშრომლობდნენ, რომლებიც სსრკ-ის ხელოვანთა კავშირში იყვნენ გაწევრიანებული. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალები და დიზაინის კვლევითი ინსტიტუტები კი ხშირად არაკონფორმისტ, იატაკქვეშა ხელოვანებს ასაქმებდნენ. ამ ჟურნალებში მუშაობისას ისინი უჩვეულო, ფანტასტიკურ კონცეფციებს ქმნიდნენ, საგანთა და მოვლენათა არსზე ფიქრობდნენ, ყდებზე დასაბეჭდად აბსტრაქტულ დიზაინებს და იმგვარ რეალობას ხატავდნენ, რომელსაც მათ ნამდვილ სამყაროსთან არაფერი ჰქონდა საერთო.
საბჭოთა დიზაინის ზოგადი ესთეტიკა სტანდარტიზაციისა და გაერთფეროვნების იდეალს ემორჩილებოდა, რაც გეგმიური ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ბუნებრივიცაა. ასეთ დროს სიახლის შემოტანა თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ კოსმოსისა და თავდაცვის ინდუსტრიები იყოს ის ადგილები, სადაც წარმოების ახალი ხაზები იქმნებოდა.
1960-იანი წლებიდან კოსმოსი დიზაინისა და არქიტექტურის მთავარი მოტივიც გახდა. საბჭოთა არქიტექტურაში "კოსმოსურმა სტილმა" დაიწყო ჩამოყალიბება. ახლადაშენებული შენობები პლანეტათაშორის ხომალდებს, სატელიტებსა და მფრინავ თეფშებს წააგავდნენ. სათამაშო მოედნებზე გასაოცარი პლანეტები, რაკეტები და იმპროვიზებული სამეცნიერო სადგურები გამოჩნდნენ, ბაღებისა და სკოლების კედლების მორთვა კი ვარსკვლავებითა და გალაქტიკებით დაიწყეს. კოსმონავტების სურათებს მეტროსადგურების დიზაინში იყენებდნენ. სახალხო ფესტივალებზეც კი კოსმოსის თემატიკა და დიზაინი დომინირებდა. მათზე მეცნიერების უახლესი მიღწევები — მაგალითად, ახალი ხომალდების გაშვება — აღინიშნებოდა. ქუჩები სავსე იყო სლოგანებითა და პლაკატებით, რომლებზეც წაიკითხავდით: "კომუნისტები ვარსკვლავებისაკენ იკაფავენ გზას", "მეცნიერება და კომუნიზმი განუყოფელია".
მეცნიერებასთან ერთად, ბევრი ხელოვანი უცხოპლანეტელთა სამყაროებსაც ხატავდა. მოსწონდა საბჭოელ ხალხს ასეთი ტიპის სამეცნიერო ფანტასტიკა?
შესაძლოა, მართლაც არსებობდა საიდუმლო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც უცხოპლანეტელთა აღმოჩენას ცდილობდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. საბჭოელ ხალხს უცხოპლანეტელები მაინცდამაინც არ აინტერესებდა. მამაჩემი ინჟინერი გახლდათ და მთელი ცხოვრება კითხულობდა სამეცნიერო და ტექნიკურ ჟურნალებს. ერთხელ ვკითხე, უცხოპლანეტელების არსებობის თუ სჯეროდა. მიპასუხა, ალბათ კი, თუმცა მათთან შეხვედრას არ ვისურვებდიო. კოსმოსის კვლევამ ზეგავლენა უმეტესწილად შემოქმედებითი ბუნების ადამიანებზე იქონია. შემდგომში კი უცხოპლანეტელთა ცივილიზაციების აღმოჩენა კინოსა და ანიმაციების პოპულარული თემა გახდა.
საბჭოთა კინოსტუდიები ფილმებს რომანებსა და მოთხრობებზე დაყრდნობით იღებდნენ და კოსმონავტთა კონსულტაციების დახმარებით გასაოცარ, ფანტასტიკურ მულტფილმებს ქმნიდნენ. ბევრი ფილმი ისეთი პოპულარული ხდებოდა, რომ კინოჩვენებებზე დასწრება თითქმის შეუძლებელი იყო. ტელევიზორებში კი მათ ოჯახების სხვადასხვა თაობა, მათი მეგობრები და მეზობლები ერთად უყურებდნენ.
როგორ იცვლებოდა ალტერნატიულ სამყაროთა საბჭოური ხედვა და იქონია თუ არა მთვარეზე ადამიანის გაფრენამ მასზე გავლენა?
1950-იან წლებში ჟურნალებში დაბეჭდილი ილუსტრაციები უფრო რეალისტური გახდა. კოსმოსის რომანტიზება და ახალი აღმოჩენების წინასწარმეტყველება იმ პერიოდის კვლევებისას გადაღებულმა ფოტოსურათებმა ჩაანაცვლა. კოსმოსში გაშვების შემდეგ სამეცნიერო ჟურნალების მთავარი პროტაგონისტი პირველი ხელოვნური თანამგზავრი გახდა, რომელსაც ძალიან ხშირად ბეჭდავდნენ გარეკანებზე. ჟურნალების, მეცნიერება და ცხოვრება და ცოდნა ძალაა, ილუსტრატორებმა რაკეტებისა და ხომალდების უახლესი მოდელების ხატვას მიჰყვეს ხელი და თავიანთი ფანტაზიით მთვარეზე გაფრენის საოცრად დამაჯერებელი დეტალებიც კი დახატეს. ამ ილუსტრაციების შემხედველს გეგონებოდათ, ჟურნალებში კოსმოსში გადაღებული ფოტოსურათები დაბეჭდესო.
თუმცა, ამ პერიოდში ღია კოსმოსში გადაღებული კადრები კვლავაც ძალიან იშვიათი გახლდათ. მკვლევრებსა და კოსმონავტებს პრაქტიკულად ყველა ხელოვანი ან იმ კოსმოდრომების ფონზე გამოსახავდა, სადაც რაკეტები და კოსმოსური ხომალდები იქმნებოდა, ანდაც ლაბორატორიებში, სადაც მთვარესა და პლანეტებს უზარმაზარ ეკრანებზე უჩვენებდნენ. ამ ილუსტრაციებში ადამიანები არა მთავარ გმირებად, არამედ ფუტურისტული ხედების, იმ შორეული პლანეტების უბრალო ნაწილად იყვნენ წარმოჩენილი, რომლებზეც აეროდინამიკური მოწყობილობები დაფრინავდნენ. გამონაკლისი ჟურნალის, ტექნოლოგია ახალგაზრდობისათვის, ილუსტრაციები იყო.
საბჭოელებისა და ამერიკელების კოსმოსში პირველად გაფრენისთანავე ჟურნალები ამ მოვლენის ამსახველი გამოსახულებებით გაივსო. ილუსტრაციებზე კოსმონავტები ილუმინატორებიდან გასცქეროდნენ კოსმოსს და სხვა პლანეტებზე მდებარე ქალაქებსა და მართვის ცენტრებში დააბიჯებდნენ. ოცნებები სრულიად შეიცვალა. თუკი 1950-იან წლებში კაცობრიობა იმაზე ფიქრობდა, სამყაროს საკვლევად რომელი ტექნიკური ხერხი გამოეყენებინა, სულ რაღაც ათი წლის შემდეგ ხელოვანები უკვე ვარსკვლავურ ქალაქებს, სათბურებსა და იმ გიგანტურ კოლონიებს ხატავდნენ, რომლებშიც ხალხი წლობით იცხოვრებდა. "ხრუშჩოვის დათბობა" მხოლოდ ილუსტრაციების შინაარსზე კი არა, ფერთა პალიტრაზეც აისახა. ნახატების სტილი უფრო მკვეთრი და ფუტურისტული, ნათელი ფერისა გახდა. უცხო პლანეტები მეგობრულ, კეთილ სამყაროებად მოჩანდნენ. ასე დაიწყო ახალი, ავანგარდული ციკლი.
1970-იან წლებში ჟურნალების დიზაინში ფსიქოდელიური გრაფიკა, ახალი პერსონაჟები და დეტალები, უჩვეულო პერსპექტივები და რთული სიუჟეტები გამოჩნდა. თუმცა, მათი უმრავლესობა სამეცნიერო და ტექნიკური სახის ინფორმაციას კვლავაც შავ-თეთრი ნახატებითა და დიაგრამებით გამოსახავდა. ჟურნალებს მხოლოდ ყდა და ზოგიერთი დეტალი ჰქონდათ ფერადი. ყოველივე ამის ფონზე ტექნოლოგია ახალგაზრდობისათვის ყველაზე ფერადოვან ჟურნალად ითვლებოდა.
შემდეგ კი იდეალისტური სურათები გაქრა და ილუსტრაციები სულ უფრო პირქუში გახდა. 1980-იან წლებში 60-იანების ოცნებებისა და 70-იანების ფუტუროლოგიის კვალიც აღარ ჩანდა. გამოცემათა დიზაინი ზედმიწევნით რეალისტური, ხოლო გამოყენებული ფერები ნაკლებად მკვეთრი გახდა, ჟურნალებმა კი კოსმონავტებისა და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაიწყეს წერა. ამ პერიოდში კოსმოსური რბოლის ინტენსივობაც შესუსტდა. საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ 1972 წელს შეთანხმება დადეს, რომლის თანახმადაც, კვლევებში ითანამშრომლებდნენ და კოსმოსს მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის გამოიყენებდნენ. კოსმოსის კვლევის სისწრაფე შენელდა, ორბიტაზე მუშაობის სიახლეები კი ჩვეულებრივ ამბებად იქცა.
რომელია ალტერნატიული სამყაროს თქვენი საყვარელი ილუსტრაცია წიგნიდან?
ძალიან მომწონს ცოდნა ძალაას 1969 წელს გამოცემული მე-12 და 1971 წელს გამოცემული მე-11 ნომრების ყდები. ორივე მათგანი აბსტრაქტულია და ისეთ შეგრძნებას ქმნის, თითქოს პარალელური რეალობები, სხვა მიკრო და მაკრო სამყაროები მართლაც არსებობს. ეს აბსტრაქტული ყდები უცხო სამყაროს ინტუიციურ, ასოციაციურ სურათს ქმნის, რაც ამ ნომრებს სხვა პოპულარული სამეცნიერო გამოცემების რეალისტური ყდებისგან ბევრად განასხვავებს.
კოსმოსის საბჭოურ ხედვას დღესაც აქვს გავლენა?
მისადმი ინტერესი ბრუნდება, თუმცა იმის თქმა უფრო სწორი იქნება, რომ ის ბოლომდე არც არასდროს გამქრალა. 60-იან და 80-იან წლებში პოპულარული ისეთი თემები, როგორიცაა ეკოლოგია, ალტერნატიული ენერგია, კეთილგონიერი მომხმარებლობა, ჭარბი მოსახლეობა თუ ნარჩენების გადამუშავება დღესაც რელევანტურია. იმ დროში ეს ფუტუროლოგიის სფეროს ეკუთვნოდა, ჩვენთვის კი რეალობაა.
ალბათ დღეს ამ თემათა რომანტიზებამ იკლო. კოსმოსი თავისთავად მიზნად უკვე აღარ აღიქმება, ის გადარჩენის საშუალებად იქცა. ეს ის ადგილია, სადაც დედამიწისათვის მავნე ნაწარმის გატანა და ენერგიის ახალი წყაროების პოვნაა შესაძლებელი.
ამ ინტერვიუსთვის რომ ვემზადებოდი, Roscosmos-ის [რუსეთის კოსმოსური კორპორაციის] საიტზე გამოქვეყნებული განცხადება ვიპოვე, რომელიც ახალგაზრდებს კოსმონავტთა პროგრამაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. თუმცა, ამას არც პრესაში მოჰყოლია გამოხმაურება და არც სოციალურ მედიაში. დღეს კოსმონავტობასა და ასტრონავტობას ხალხი ჩვეულებრივ პროფესიად აღიქვამს.
კომენტარები