შავი ზღვა პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

ამის მიზეზი ისაა, რომ ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, ქერჩის სრუტიდან დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით, წყალში დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. საუბარია მაზუთზე, რომელიც ნავთობისა და ბენზინის გამოხდის შემდეგ მიღებული ნარჩენია. ის საწვავად გამოიყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალში მოხვედრისას ეკოსისტემას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

როგორ აღმოჩნდა ათასობით ტონა მაზუთი შავ ზღვაში

15 დეკემბერს ქერჩის სრუტის მიმდებარედ რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, კერძოდ — შტორმი და ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საათში 70 კილომეტრს აღწევდა. ეს არახელსაყრელი აღმოჩნდა მოძველებული რუსული ნავთობტანკერისთვის, ვოლგონეფტ 212-ისთვის, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაში იყო. ის 50 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, 1969 წელს.

ასეთი ძველი ტანკერი შავ ზღვაში არსებულ 3-მეტრიან ტალღებსა და ძლიერ ქარს ვერ გადაურჩა. ის შუაზე გაიხლიჩა და მასში არსებული ნავთობპროდუქტის ნაწილი წყალში გაიჟონა. დაზიანდა მეორე გემიც, რომელსაც ვოლგონეფტ 239 ეწოდება. ამის შედეგად შავ ზღვაში მაზუთი იქიდანაც ჩაიღვარა. ის 1973 წელსაა შექმნილი და 136-მეტრიან ვოლგონეფტ 212-ს სიგრძით ოდნავ ჩამოუვარდება. რამდენიმესაათიანი უკონტროლო ტივტივის შემდეგ ვოლგონეფტ 239, საბოლოოდ, ტამანის პორტთან ახლოს მეჩეჩზე შეჯდა.

პირველი ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა:

ორივე ტანკერზე 9000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში დაახლოებით 4300 ტონა მაზუთი მოხვდა. ეს აღემატება 2007 წელს მომხდარ მსგავს გაჟონვას, რომელმაც ქერჩის სანაპირო დააბინძურა და წყლის ბინადრებსა თუ ფრინველებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტანკერზე ეკიპაჟი იმყოფებოდა: ვოლგონეფტ 212-ზე 13 ადამიანი იყო, ვოლგონეფტ 239-ზე კი — 14. მათი ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ერთი პირი დაიღუპა. ამის მიზეზი ჰიპოთერმია გახდა, ანუ სხეულის ტემპერატურის საგანგაშოდ შემცირება. ჰიპოთერმია ეკიპაჟის სხვა 2 წევრსაც აღენიშნებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა, 8 კი წყლიდან ამოიყვანეს.

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი რეზერვუარი ხელუხლებელი იყო და იქიდან წყალში მაზუთი არ ჩაღვრილა. რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, იმ დროისთვის გაჟონვა უკვე შეწყვეტილი იყო.

მომხდარის გამო უკრაინამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. ამ მოვლენას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ 2 "დაჟანგებული" ტანკერის ინციდენტმა აზოვისა და შავი ზღვების ბუნებრივი სისტემების "ტრაგიკული ზიანი" გამოიწვია. ასევე, აღნიშნა, რომ ზამთრის შტორმების დროს ამ მოძველებული გემების გამოყენება არ შეიძლება.

მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხე

17 დეკემბრისთვის შავ ზღვაში ჩაღვრილმა მაზუთმა უკვე სანაპირომდე მიაღწია. სანაპირო ზოლზე, ათობით კილომეტრ მანძილზე, ნავთობპროდუქტის შავი მასები გამოირიყა და გარემო დააბინძურა.

ამ არეალის გასასუფთავებლად 4000-მდე მოხალისე შეიკრიბა. ინტერნეტში გავრცელდა სანაპიროზე არსებული მაზუთისა და ამ შავი საწვავით დაფარული ფრინველების კადრებიც, რაც სიტუაციის სიმწვავეში გვარწმუნებს.

აი, ასე გამოიყურება დაბინძურებული სანაპიროები:

იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ნაპირის გასუფთავებისას საწვავის მძაფრი სუნი იგრძნობოდა და სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო. ასევე, ფრინველებს სხეულზე არსებული მაზუთის გამო ფრთების სათანადოდ მოძრაობა უჭირდათ.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის ანაპაში, რომლის ოქროსფერი სანაპიროც პოპულარული ტურისტული ადგილია.

ფოტო: Sergei Malgavko / TASS

"ამ წყლებში ნებისმიერ ნავთობქიმიურ გაჟონვას აქვს პოტენციალი, რომ სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ეს ქარით, დინებებითა (ისინი ახლა ჩრდილოეთიდან-სამხრეთისკენაა მიმართული) და ამინდითაა გამოწვეული, რომლებთან შეწინააღმდეგებაც ძალიან ძნელია.

სანაპირომდე მიღწევისას ის [მაზუთი] სანაპირო ზოლს დააბინძურებს და მისი გაწმენდა საკმაოდ ძნელი იქნება. გარემოზე გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ნავთობპროდუქტია გაჟონილი. მძიმე ნარჩენი საწვავი უფრო მეტად ხილულ ზიანს გამოიწვევს, ვიდრე რაფინირებული ფრაქციის ან წითელი დიზელი, რომელიც, როგორც წესი, სწრაფად იფანტება და იშლება", — აცხადებს Greenpeace-ის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პოლ ჯონსტონი.

ფოტო: Sergei Malgavko / TASS

ვინაიდან უცნობია, ზუსტად რა ოდენობის საწვავი ჩაიღვარა შავ ზღვაში, ექსპერტებს შედეგების ზედმიწევნით პროგნოზირება უჭირთ. შავი ზღვის მკვლევრის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, ეს ნავთობპროდუქტის ტიპზე, ქიმიურ და ფიზიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. "კომერსანტთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ მაზუთი შედარებით მსხვილი ფრაქციისაა, ამიტომ მისი უარყოფითი გავლენა უფრო ლოკალურია, ვიდრე ისეთი მსუბუქი ფრაქციების შემთხვევაში, როგორიც დიზელია.

მისი თქმით, ამ ეკოლოგიურ კატასტროფაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

"ისტორიულად, ამ სრუტეში ნავთობი რამდენჯერმე ჩაიღვარა, რამაც ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა შავი ზღვის ეკოსისტემაზე. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ოკუპაციის შედეგია, ყირიმის სრუტეს დღეს რუსეთი სრულად აკონტროლებს. იქ ყირიმის ტამანის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ხიდი მოაწყო, ხოლო ბურჯების დასაცავად სპეციალური კონსტრუქციები ააგო. ამ კონსტრუქციებმა გემებს მოძრაობა შეუზღუდა, საუბარია მანევრირების სივრცეებზე. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ეს მანიპულაცია ყოფილიყო. რუსულ საინფორმაციო წყაროებს ამ კატასტროფაზე სიახლეების გავრცელება აკრძალული აქვთ, ამიტომ ცნობები იქაც შეზღუდულია", — განუცხადა არჩილ გუჩმანიძემ კომერსანტს.

რა შედეგები მოჰყვება უკანასკნელ ინციდენტს, მომავალში ვიხილავთ. რაც შეეხება წარსულის მაგალითს, 2007 წელს ვოლგონეფტის ტიპის ტანკერიდან ქერჩის სრუტეში 1 600 ტონა ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. ამან სრუტის ორივე მხარეს სანაპირო ათობით კილომეტრ მანძილზე დააბინძურა. გამანეიტრალებელი საშუალების არქონის გამო ათასობით ტონა დაზიანებული წყალმცენარეები და ქვიშა იქვე ჩაიმარხა. ამან წყლისა და ნიადაგის დაბინძურება განაპირობა.

ნავთობის ნაწილი ფსკერზე ჩაიძირა, რამაც იქ მობინადრე ორგანიზმები გაანადგურა. ისინი კვებით ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ თევზებს საკვები შეუმცირდათ, ხოლო ზღვის ზედაპირზე დაგროვებულმა ნავთობპროდუქტმა წყლის ფრინველების მასობრივი სიკვდილი გამოიწვია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.