ახალი ეპოქა კომუნიკაციაში: რა არის 5G და როგორ ცვლის ევროპას ეს ტექნოლოგია
რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოში ახალი თაობის 5G მობილური კომუნიკაციების გამოცდა დაიწყო და ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის მსგავსად, მანაც გამოიწვია ეჭვები და უნდობლობა. ზოგიერთები 5G-ს უკავშირებდნენ ყველაფერს, დაწყებული მსოფლიო ბატონობიდან და კაცობრიობის დამონებიდან, და დამთავრებული COVID-19-ის გავრცელებით. რეალურად კი 5G-ს, ისევე, როგორც მობილური დაფარვის წინა თაობის ტექნოლოგიებს, არაფერი აქვს საერთო არც ერთ ჩამოთვლილ მოვლენასთან. თუმცა, ამ ახალ ტექნოლოგიას აქვს საკუთარი მახასიათებლები, რომლებიც ინიციატივის EU4Digital ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ.
გასულ წელს, როდესაც ახალმა კორონავირუსმა SARS-CoV-2 მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვაგვარ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდნენ პანდემიის მიზეზების შესახებ.
მათ სამიზნეებს შორის ახალი თაობის 5G მობილური კომუნიკაციის ტექნოლოგიაც აღმოჩნდა. ზოგან ამ ქმედებებმა მნიშვნელოვანი მასშტაბები შეიძინა: განადგურდა საბაზო რადიოსადგურები, გავრცელდა კონსპირაციის თეორიები ბილ გეიტსის და დიდი ტექნოლოგიური კორპორაციების გავლენის შესახებ, და შეიქმნა თითქოსდა მავნებელი 5G ტალღებისგან "დაცვის" საშუალებები ფოლგისგან გაკეთებული ხუფების სახით.
კომუნიკაციის განვითარებაში 5G ტექნოლოგიის რეალური გავლენის და როლის გასააზრებლად და იმის გასაგებად, უნდა ვწუხდეთ თუ არა მის გამო, გავესაუბრეთ ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის ექსპერტებს, რომლებიც საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში მობილური ქსელების, მათ შორის 5G სერვისების დაფარვის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
5G: ტექნიკური კომპონენტი
ტელეკომის ექსპერტების ენაზე "5G" უბრალოდ ნიშნავს ახალი, მე-5 თაობის სატელეკომუნიკაციო სტანდარტს.
ტექნიკურად 5G-ს დანიშნულებაა ზოლის სიფართის და ქსელის რეაგირების სიჩქარის გაზრდა ამაჟამად მოქმედ 4G მობილურ კომუნიკაციებთან შედარებით, რომლებიც ჩვენი პლანეტის ყველაზე შორეულ წერტილებშიც კი არის ფართოდ გავრცელებული.
კონსორციუმმა 3GPP, რომელიც მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის სპეციფიკაციების განვითარებაზე მუშაობს, 5G ტექნოლოგიის რადიო ინტერფეისს "ახალი რადიო", ან უბრალოდ NR უწოდა. მისი სპეციფიკაციები იყოფა სიხშირის ორ ზოლად, რომელთა სპექტრშიც 5G იმუშავებს (უფრო სწორად, უკვე მუშაობს): ეს არის FR1 (600-6000 მჰც) და FR2 (24-100 გჰც).
მონაცემთა გადაცემის პიკური სიხშირეების თვალსაზრისით, რომლებიც მობილური კომუნიკაციის სხვადასხვა თაობებს ახასიათებს, 5G ტექნოლოგია დაახლოებით 20-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ახლანდელი 4G. 5G-ის მაქსიმალური სიჩქარეა 20 გბ/წმ, ხოლო 4G-ის - 1 გბ/წმ.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სიჩქარის პიკური მნიშვნელობები, რომლებიც ინჟინრებმა ლაბორატორიაში მიიღეს პროფესიული აპარატურის გამოყენებით. "უბრალო მოკვდავებისთვის" კი 5G ნიშნავს მონაცემთა გადაცემის დაახლოებით იგივე სიჩქარეს, კერძოდ, მონაცემთა ჩამოტვირთვას 50-100 მბ/წმ დონეზე, რაც 4G-ს თეორიულ მაქსიმუმზე უფრო დაბალია.
თუ ასეა, რაღა აზრი აქვს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, თუ ის რადიკალურად არ შეცვლის მობილურ დაფარვას ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის? საქმე იმაშია, რომ კომუნიკაციის ახალი სტანდარტი შემუშავებულია უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც კოდირების და სიგნალის დაცვის უფრო ეფექტიან მეთოდებს ემყარება.
პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ რადიოსიხშირეების ნაკლები ოდენობა უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებისთვის. სწორედ ამის გამო, ტექნოლოგიების ექსპერტთა უმრავლესობის პროგნოზის მიხედვით, 5G-ს დანერგვის პრიორიტეტული სფეროები იქნება საგნების ინტერნეტი (IoT) და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის უპილოტო ავტომობილების კონტროლის სისტემები, "ჭკვიანი" გზატკეცილები, "ქლაუდ" ტექნოლოგიები, მონაცემთა დიდი პაკეტების დამუშავება და სხვა.
როგორია 5G ტექნოლოგიის გავლენა ჯანმრთელობაზე?
უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მობილური კომუნიკაციის უკლებლივ ყველა თაობის დანერგვას თან ახლდა რადიოფობიის აფეთქებები.
ამ მხრივ გამონაკლისი არც 5G სტანდარტია, მით უმეტეს, რომ მისი განვითარება დაემთხვა, ერთის მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო ომებს და ვარაუდების პერიოდს 5G ინფრასტრუქტურაში ჩინური ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე, შემდეგ კი — COVID-19-ის უპრეცედენტო პანდემიას.
მეორეს მხრივ, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კრიტიკული აზროვნების და ინფორმაციაზე წვდომის საკმარისი უნარები, იციან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ტელეკომის ეროვნულმა მარეგულირებლებმა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, დაადასტურეს, რომ 5G-ს არა აქვს არავითარი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი რადიოაპარატურის მავნებლობა რეგულირდება ელექტრომაგნიტური რადიაციის სანიტარული სტანდარტებით (იზომება მიკროვატებში ზედაპირის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე), არასერტიფიცირებული მოწყობილობები გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თუნდაც 5G-ს ყველაზე მძლავრი საბაზო სადგური.
5G-ს განვითარება ევროპაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
გასულ წელს პროგრამის EU4Digital ვებინარზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), მონაწილეებმა განიხილეს სპექტრის რეგიონული შეთანხმების განხორციელების სტატუსი.
ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო, და მისი მთავარი მიზანია 700 მჰც და 3.4-3.8 გჰც ზოლების განთავისუფლება 5G ქსელების უსწრაფესი დანერგვის და მომავალი თაობის მობილური სერვისების უკეთ დაფარვის მიზნით.
მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას შეათანხმებენ და დაამტკიცებენ მიმდინარე წლის ბოლოს ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პანელის მუშაობის დროს, და მას ხელი 2021 წლის ბოლოს მოეწერება.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მომხმარებლები ისარგებლებენ 5G სპექტრის ჰარმონიზაციის ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა უკეთესი დაფარვა, მონაცემთა ჩამოტვირთვის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარეები და სამრეწველო პროცესებში 5G ტექნოლოგიის გამოყენება.
როგორია 5G ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები?
"5G — ესა რის ახალი თაობის მობილური ტექნოლოგია, რომელიც არსებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფ და უფრო ეფექტურ შესაძლებლობებს სთავაზობს. გარდა სიჩქარისა, 5G ასევე გულისხმობს დაყოვნების დროის შემცირებას, რაც ათასობით მოწყობილობას დაკავშირების და ერთდროული მუშაობის საშუალებას აძლევს როგორც მცირე, ისე დიდ სივრცეებში", — განმარტავს პროგრამის EU4Digital სპექტრის რეგიონული შეთანხმების (RSA) კოორდინატორი ნინო გრძელიშვილი.
ნინო გრძელიშვილი დარწმუნებულია, რომ 5G არა მარტო ახალი თაობის ტექნოლოგიაა, — "ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ათჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 100-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარის კავშირს წინა თაობის ტექნოლოგიებთან შედარებით, გამომდინარე სერვისიდან და პროდუქტიდან".
ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის სატელეკომუნიკაციო სერვისების ხარისხის გაუჯობესების გარდა, 5G ტექნოლოგიის დანერგვამ უნდა მოახდინოს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების ტრანსფორმაცია, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა, რომლებიც, თავის მხრივ, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებენ.
5G ტექნოლოგიის დანერგვის ყველაზე გავრცელებული მაგალითებიდან ნინო გრძელიშვილი გამოყოფს ტელემედიცინას, დისტანციურ სწავლებას, "ჭკვიან" შუქნიშნებს, და სხვ.
რაც შეეხება ღელვას 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით, ნინო გრძელიშვილი განმარტავს: "შიში და აზრთა სხვადასხვაობა თან ახლდა ასევე 2G, 3G და LTE ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, ისევე, როგორც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის დანერგვას. მრავალწლიანმა გამოცდილებამ უჩვენა, რომ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ შიშები ქრება და ადამიანები ახალი ტექნოლოგიების ყოველდღიურ გამოყენებას იწყებენ".
სპექტრის რეგიონული შეთანხმების (RSA) კოორდინატორი გვარწმუნებს, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მობილური ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო 5G ტექნოლოგია განვითარების ახალი ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მოიტანს.
5G ქსელების დაუბრკოლებელი ოპერაციების გარდა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ახალი მობილური ქსელის შესაქმნელად
5G-ტესტირება ჩატარდება 20-ზე მეტ ქალაქში, სადაც ტექნოლოგიის გამოყენებას სხვადასხვა სახის სერვისი უზრუნველყოფს. ეს ქალაქებია ბარსელონა, ბერლინი, ამსტერდამი, ბარი, ლონდონი, მადრიდი, მალაგა, მილანი, სტოკჰოლმი, ტალინი, ტურინი და საფრანგეთის ცხრა ქალაქი.
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის და უსაფრთხოების ძირითად სფეროებს ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამას EU4Digital ახორციელებს კონსორციუმი კომპანიის EY ხელმძღვანელობით, კომპანიებთან Action Global Communications და CEPS ერთად.
პროგრამის EU4Digital მიზანია ისეთი საკითხების მხარდაჭერა ტელეკომუნიკაციების სფეროში, როგორიცაა საერთაშორისო როუმინგი და პოტენციური შეთანხმება საერთაშორისო როუმინგის ერთიანი სივრცის შესახებ ექვს პარტნიორ ქვეყანაში. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას და სპექტრის რესურსებზე წვდომას მობილური სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
წინამდებარე სტატია მომზადებულია პროგრამის EU4Digital საქმიანობის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ მისი ავტორის პოზიციას გამოხატავს.
კომენტარები