NASA-ს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა უპრეცედენტოდ ცხელდება და ეს საგანგაშოა
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა ბევრად უფრო ცხელდება, ვიდრე აქამდე. ეს უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ (Noaa) ახალ კვლევაში განაცხადეს, რომ 2005 წლიდან 2019 წლამდე დედამიწის "ენერგიის დისბალანსი თითქმის გაორმაგდა". მეცნიერები ამ ზრდას საგანგაშოდ აფასებენ.
"ენერგიის დისბალანსი" გულისხმობს იმ განსხვავებას, თუ რამდენად ხდება მზის "რადიაციული ენერგიის" შეწოვა დედამიწის ატმოსფეროში და შემდეგ "ინფრაწითელი გამოსხივების" კოსმოსში დაბრუნება.
"პოზიტიური ენერგიის დისბალანსი ნიშნავს, რომ დედამიწის სისტემა ენერგიას იძენს, რაც პლანეტის გახურებას იწვევს", — ნათქვამია NASA-ს კვლევაში.
მეცნიერებმა სატელიტური სენსორების და ოკეანეების მონაცემების შედარებით დაადგინეს, რომ არსებობს ენერგიის დისბალანსი. სწორედ ამ სენსორებით ვიგებთ თუ რამდენი ენერგია შემოდის და გადის დედამიწის სისტემაში. იმის გამო, რომ ენერგიის 90% ოკეანეში ხვდება, სატელიტური სენსორების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ოკეანეების ტემპერატურულ ცვლილებებს.
"დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსის ცვლილებების გადახედვის ორი დამოუკიდებელი გზა ნამდვილად კარგადაა შეთანხმებული და ისინი აჩვენებენ ამ ძალიან დიდ ტენდენციას. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც ჩვენ დავაფიქსირეთ რეალურია. ეს ტენდენცია კი საკმაოდ საგანგაშოა", — თქვა ნორმან ლებმა, ნასას მკვლევარმა.
შესაბამისად, გამოდის, რომ დედამიწის ატმოსფერო მეტ გამოსხივებას აკავებს და ის კოსმოსში აღარ გაედინება. ეს დათბობა სხვა ცვლილებებსაც იწვევს, ყინულისა და თოვლის დნობის ჩათვლით. ნასას მიაჩნია, რომ წყლის ორთქლის ზრდამ და ღრუბლებში ცვლილებებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს ეს პროცესები.
"ეს, სავარაუდოდ, ანთროპოგენული ფორსირებისა და შინაგანი ცვალებადობის ნაზავია. რაც იწვევს დედამიწის ენერგიის დისბალანსს და საკმაოდ დიდ ცვლილებებს. ცვლილებები უპრეცედენტოა", — ნათქვამია კვლევაში.
თუმცა, NASA-ს მეცნიერების თქმით, კვლევა მხოლოდ მოკლე მიმოხილვას გვაწვდის კლიმატის გრძელვადიან ცვლილებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია წინასწარ ზუსტად დადგინდეს, თუ როგორი იქნება მომავალი და დედამიწის ენერგიის ბალანსი.
ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ თუ პლანეტის მიერ სითბოს ათვისების სიჩქარე არ შენელდება, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო დაჩქარდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები