საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 ივნისს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვდებიან.

"17 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის", — ნათქვამია განცხადებაში.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას ითხოვს. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.