იუვალ ნოახ ჰარარი — "კორონავირუსი სიკვდილის ჩვენეულ აღქმას სულაც არ შეცვლის"
პანდემია სიკვდილისადმი მეტად ტრადიციულ, შემგუებლურ დამოკიდებულებასთან დაგვაბრუნებს თუ სიცოცხლის გახანგრძლივების გზების ძიების წყურვილს გაგვიმტკიცებს? იუვალ ნოახ ჰარარი, ისრაელელი ისტორიკოსი და საპიენსისა და სხვა ნაშრომების ავტორი, The Guardian-ისთვის დაწერილ ამ სტატიაში კორონავირუსის სიკვდილის აღქმის ფენომენთან მიმართებაზე საუბრობს და მოვლენების განვითარებას წინასწარმეტყველებს.
თანამედროვე სამყარო სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობის რწმენას ემყარება. ეს რადიკალურად ახალი მიდგომაა, ვინაიდან კაცობრიობა მას საუკუნეების განმავლობაში მორჩილად ეგუებოდა. დაახლოებით მე-18 საუკუნემდე სიკვდილს თითქმის ყველა რელიგია და იდეოლოგია არათუ გარდაუვალ ბედისწერად, არამედ სიცოცხლის აზრის მთავარ წყაროდ მიიჩნევდა. ითვლებოდა, რომ ადამიანის ყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მისი უკანასკნელი ამოსუნთქვის შემდეგ იწყებოდა, რადგან მხოლოდ სიკვდილით შეიძლებოდა ცხოვრების არსის შეცნობა. ამ დროს წყდებოდა, ცათა სასუფეველში დამკვიდრდებოდა შენი სული თუ სამუდამოდ წაიწყმიდებოდა. სიკვდილი რომ არა, არც სამოთხე, ჯოჯოხეთი და რეინკარნაცია იარსებებდა და ქრისტიანობა, ისლამი და ინდუიზმიც დაკარგავდნენ თავიანთ არსს. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანთა შორის ყველაზე ჭკვიანები არა სიკვდილზე გამარჯვებას, არამედ მისთვის მნიშვნელობის მინიჭებას ცდილობდნენ.
გილგამეშის ეპოსი, ორფეოსისა და ევრიდიკეს მითი, ბიბლია, ყურანი, ვედები და სხვა უამრავი წმინდა წიგნი თუ ამბავი ადამიანებს უხსნიდნენ, რომ სიკვდილი ღმერთის, კოსმოსის ან დედაბუნების მიერაა განსაზღვრული და ამ ხვედრს მორჩილად, თვინიერად უნდა შევეგუოთ. ერთ დღესაც შეიძლებოდა, ღმერთს სიკვდილი ისეთი დიდი მეტაფიზიკური ჟესტით აღეკვეთა, როგორიც ქრისტეს მეორედ მოსვლაა, თუმცა მსგავსი გარდატეხის მოხდენა ადამიანურ ძალებს აღემატებოდა.
შემდეგ კი სამეცნიერო რევოლუცია მოხდა. მეცნიერებისთვის სიკვდილი არა ღვთაებრივი დადგენილება, არამედ უბრალო ტექნიკური პრობლემაა. ჩვენ ღმერთის სურვილის კი არა, მექანიკური შეფერხების გამო ვკვდებით. ხან გული წყვეტს სისხლის ტუმბვას, ხან სიმსივნე ანადგურებს ღვიძლს, ხანაც კი ვირუსები მრავლდებიან ფილტვებში. ამ ტექნიკურ პრობლემებზე პასუხისმგებელი სხვა ტექნიკური პრობლემებია. გული იმიტომ ჩერდება, რომ მის კუნთს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, ღვიძლში სიმსივნური უჯრედები გენეტიკური მუტაციების გამო იჭრებიან, ხოლო ფილტვებში გამრავლებული ვირუსები ჩვენს ორგანიზმში ავტობუსში ვიღაცამ რომ დააცემინა, იმიტომ აღწევენ. მეტაფიზიკა არაფერ შუაშია.
მეცნიერებას, ამასთან, სწამს, რომ ტექნიკური პრობლემები ტექნიკურადვე გადაიჭრება. სიკვდილის დასაძლევად მეორედ მოსვლისთვის ლოდინი არაა საჭირო. ამის გაკეთება ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებსაც შეუძლიათ. თუკი ტრადიციულად სიკვდილი შავი ანაფორებით შემოსილ მღვდლებთან და თეოლოგებთან ასოცირდებოდა, ახლა ის ლაბორატორიის თეთრ ხალათებს უკავშირდება. თუკი ადამიანს გულის პრობლემები აქვს, კარდიოსტიმულატორს უდგამენ ან, საერთოდაც, ახალ გულს უნერგავენ; სიმსივნის საწინააღმდეგოდ რადიაციას იყენებენ; ფილტვებში გამრავლებულ ვირუსებთან საბრძოლველად კი ახალ-ახალი მედიკამენტები იქმნება.
მართალია, ყველა ტექნიკური პრობლემის გადაჭრა ჯერაც შეუძლებელია, თუმცა მეცნიერები ამაზე გამუდმებით მუშაობენ. ადამიანთა შორის ყველაზე ჭკვიანები სიკვდილისათვის მნიშვნელობის მინიჭებით კი არა, სიცოცხლის გახანგრძლივებით არიან დაკავებული. ისინი დაავადებებსა და დაბერებაზე პასუხისმგებელ მიკრობიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და გენეტიკურ სისტემებს იკვლევენ, ახალ მედიკამენტებს ქმნიან და მკურნალობის რევოლუციურ გზებს ეძებენ.
სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. ბოლო ოც წელიწადში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელ მსოფლიოში 40-იდან 72-მდე, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში კი 80 წლამდე გაიზარდა. სიკვდილის გადავადება განსაკუთრებით ბავშვებში შეიმჩნევა, რადგან მე-20 საუკუნემდე მათი დაახლოებით ერთი მესამედი სრულწლოვანებას ვერც კი აღწევდა. დიზენტერიის, წითელასა და ჩუტყვავილას მსგავსი დაავადებებით ბავშვების გარდაცვალება ჩვეულებრივი ამბავი იყო. მე-17 საუკუნის ინგლისში ყოველი ათასი ახალშობილიდან 150 ერთი წელიც კი ვერ ცოცხლობდა და მხოლოდ 700 მათგანი ხდებოდა 15-ის. დღეს ათასი ინგლისელი ბავშვიდან ხუთი ვერ აღწევს ერთ წელს, ხოლო მათგან 993 მეთხუთმეტე დაბადების დღესაც იხდის. მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა სიკვდილიანობა 5%-ზე დაბლაა ჩამოსული.
სიცოცხლის გაფრთხილებისა და მისი გახანგრძლივების მცდელობის პროცესში ჩვენი მსოფლმხედველობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი ტრადიციული რელიგიებისთვის ყოფის აზრი საიქიო ცხოვრებაში იყო, მე-18 საუკუნეების ისეთი იდეოლოგიებისთვის, როგორიც ლიბერალიზმი, სოციალიზმი და ფემინიზმია, მან მნიშვნელობა სრულიად დაკარგა. რა მოსდით კომუნისტებს, კაპიტალისტებსა და ფემინისტებს სიკვდილის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხს კარლ მარქსის, ადამ სმითისა და სიმონ დე ბოვუარის ნაშრომებში ვერ ვიპოვით.
თანამედროვე იდეოლოგიებს შორის სიკვდილს დიდ დატვირთვას მხოლოდ ნაციონალიზმი ანიჭებს. ყველაზე პოეტურ და უიმედო სიტუაციებში ნაციონალიზმი თავგანწირულ ადამიანებს ჰპირდება, რომ ისინი ქვეყნის კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ იარსებებენ. თუმცა, ეს დაპირება ნაციონალისტებისთვისაც კი მეტისმეტად ბუნდოვანია. განა, როგორ შეიძლება, მეხსიერებაში ცხოვრობდე? თუკი მკვდარი ხარ, როგორღა გაიგებ, მართლაც ახსოვხარ ხალხს თუ არა? სიკვდილის აღქმა ზოგიერთ ტრადიციულ რელიგიაშიც კი შეიცვალა. სამოთხეში მოხვედრის დაპირების ნაცვლად, ისინი ხალხს ამქვეყნიურ სარგებელზე ესაუბრებიან.
შეცვლის თუ არა პანდემია სიკვდილის ჩვენეულ აღქმას? სულაც არა. პირიქით. დიდი ალბათობით, კორონავირუსი სიცოცხლეზე ზრუნვის ძალისხმევას გააორმაგებს, ვინაიდან მის მიერ გამოწვეული კულტურული რეაქცია შეგუება არ ყოფილა, არამედ ის აღშფოთებისა და იმედის ნაზავს წარმოადგენდა.
ადრეულ საზოგადოებებში — მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში ეპიდემიების მიმდინარეობისას, ცხადია, ხალხს სიკვდილის ეშინოდა და საყვარელი ადამიანების გარდაცვალებაზეც დარდობდნენ, თუმცა ძირითადი კულტურული რეაქცია მაინც შეგუება გახლდათ. ფსიქოლოგები ამ პროცესს "დასწავლილ უმწეობას" უწოდებენ. ადამიანები თავს არწმუნებდნენ, რომ ყოველივე ღვთის ნებით ხდებოდა და კაცობრიობა ცოდვების გამო ისჯებოდა. "ღმერთი ყოვლისმცოდნეა და უწმინდური ადამიანები სწორედ ამას ვიმსახურებთ. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება. არ იდარდოთ, ღირსეული ადამიანები სამოთხეში დაჯილდოვდებიან. წამალს ნუ ეძებთ, ეს დაავადება ღვთის მოვლენილი სასჯელია. თუ გგონიათ, რომ ამ სენის ადამიანური გამჭრიახობით დამარცხებას შევძლებთ, ამპარტავნობასაც ამატებთ თქვენს უწინდელ ცოდვებს. ჩვენ ვინ ვართ, ღვთის ნებას რომ შევეწინააღმდეგოთ?.."
დღეს ამ საკითხისადმი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. როცა ადამიანები სარკინიგზო უბედური შემთხვევის, ხანძრის ან ტროპიკული ციკლონის გამო იღუპებიან, ამას ღვთიურ სასჯელად ან გარდაუვალ ბუნებრივ კატასტროფად კი არა, პრევენცირებად ადამიანურ მარცხად აღვიქვამთ. სარკინიგზო კომპანიას უსაფრთხოებაზე მეტი ფული რომ დაეხარჯა, ქალაქს რომ ხანძრის პრევენციაზე უკეთ ეზრუნა და მთავრობას სწრაფად ემოქმედა, ხალხი ხომ გადარჩებოდა? 21-ე საუკუნეში მასობრივი სიკვდილი სასამართლო პროცესების აღძვრისა და გამოძიებების წამოწყების ავტომატური მიზეზია.
საზოგადოება ეპიდემიებსაც მსგავსად აღიქვამს. მართალია, ზოგიერთ მორწმუნეს სჯერა, რომ შიდსი ჰომოსექსუალებს ღმერთმა მოუვლინა სასჯელად, თუმცა თანამედროვე საზოგადოებამ მსგავსი შეშლილი აზრები, საბედნიეროდ, გარიყა. შედეგად, შიდსის, ებოლასა და სხვა დაავადებათა ეპიდემიები ორგანიზაციულ მარცხად მიიჩნევა. ითვლება, რომ კაცობრიობას მათ შესაკავებლად საჭირო ცოდნა და საშუალებები აქვს, ამიტომაც ინფექციური დაავადების ფართოდ გავრცელება ადამიანების არაკომპეტენტურობას მიეწერება და არა — ზებუნებრივ რისხვას. გამონაკლისი არც კორონავირუსია. პანდემიის დაწყებისთანავე გადაბრალების პროცესიც დაიწყო. ქვეყნები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, კონკურენტი პოლიტიკოსები კი პასუხისმგებლობას ერთმანეთს ასაფეთქებლად გამზადებული ბომბივით აჩეჩებდნენ.
თუმცა, აღშფოთებას დიდი იმედიც ახლავს თან. დღეს ჩვენი გმირები მედიცინის მუშაკები არიან, რომლებიც ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან და არა — მღვდლები, რომლებიც მიცვალებულებს მარხავენ და განსაცდელის ზებუნებრივ მიზეზებს ეძებენ. ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებს კი შეგვიძლია, სუპერგმირები ვუწოდოთ. ჩვენ იმ კინომოყვარულებს ვგავართ, რომლებმაც იციან, რომ სპაიდერმენი და ვანდერ ვუმენი ფილმის დასასრულს ბოროტმოქმედებს დაამარცხებენ და სამყაროს გადაარჩენენ. ჩვენც ასე გვჯეროდა, რომ რამდენიმე თვეში ან, შესაძლოა, წელიწადში მეცნიერები COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან საშუალებას და ვაქცინასაც კი შექმნიდნენ. და მერე ნახავდა ეს დამპალი ვირუსი, ვინაა პლანეტაზე მთავარი ორგანიზმი! თეთრი სახლიდან მოყოლებული, უოლ სტრიტის გავლით, იტალიის აივნებამდე ყველას ერთი შეკითხვა ეკერა პირზე: "როდის იქნება ვაქცინა მზად?" "როდის იქნება" და არა — "იქნება თუ არა".
როცა პანდემია დასრულდება, რა გაკვეთილს ისწავლის მომხდარისგან კაცობრიობა? დიდი ალბათობით, იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე უფრო მეტი ძალისხმევით უნდა დავიცვათ. მეტი საავადმყოფო, ექიმები და ექთნები გვესაჭიროება. სასუნთქი აპარატების, დამცავი აღჭურვილობისა და ტესტების ნაკრების მარაგის ქონაც აუცილებელია. უცნობი ბაქტერიების გამოკვლევასა და ახალი მედიკამენტების შექმნაში უფრო მეტი თანხა უნდა დავხარჯოთ, რათა სიახლეს კვლავაც მოუმზადებლები არ შევხვდეთ.
ალბათ ზოგიერთი ჩათვლის, რომ ვინაიდან ბუნების ძალები ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, ამ კრიზისისგან მოკრძალებულობა უნდა ვისწავლოთ. მსგავსი კრიტიკოსების დიდი ნაწილი თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს, ამ დროს კი თავი ასი პროცენტით მართალი ჰგონია. ასეთები ბევრნი არიან: პასტორმა, რომელიც დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის ბიბლიის შემსწავლელ ყოველკვირეულ ჯგუფს უძღვებოდა, განაცხადა, რომ პანდემია ჰომოსექსუალიზმის საპასუხოდ ღვთის მოვლენილი სასჯელია. თუმცა, დღეს ყველაზე ტრადიციული ხალხიც კი წმინდა წერილზე მეტად მეცნიერებას ენდობა.
პანდემიის დასაწყისში კათოლიკური ეკლესია მრევლს მოუწოდებდა, ეკლესიებში არ ეარათ, ისრაელში სინაგოგები დაიხურა, მეჩეთებში სიარულს მოსახლეობას არც ირანის ისლამური რესპუბლიკა ურჩევდა. ტაძრებში სახალხო ცერემონიები აღარ იმართებოდა. წმინდა ადგილების დახურვა მეცნიერების მიერ გაცემული რეკომენდაცია იყო.
ყველას, ვინც გვაფრთხილებს, რომ ზედმეტად არ გავთამამდეთ, შუა საუკუნეებში დაბრუნება როდი სურს. მეცნიერებიც კი ფიქრობენ, რომ რეალისტური მოლოდინები უნდა ვიქონიოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ექიმები ყოველგვარი გასაჭირისგან გვიხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა სულ უფრო ძლიერდება, ინდივიდებმა საკუთარ სისუსტეს თვალი უნდა გაუსწორონ. შესაძლოა, რამდენიმე საუკუნეში მეცნიერებამ უკვდავებადაც კი გვაქციოს, თუმცა ეს მომავალი შორია. ამას შეიძლება დღეს დაბადებულმა მილიარდერების შვილებმა მიაღწიონ, თუმცა, ამჟამად გარდაუვალია, რომ ყველანი მოვკვდებით და საყვარელ ადამიანებსაც დავკარგავთ. აუცილებელია, საკუთარ წარმავლობას გავუსწოროთ თვალი.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები რელიგიას თავდაცვის მექანიზმად იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ საიქიოში სამუდამოდ იარსებებდნენ. დღეს ზოგიერთი თავდაცვის ალტერნატიულ მექანიზმად მეცნიერებას იყენებს და სჯერა, რომ ექიმები ყოველთვის უშველიან. ამ საკითხში ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო. ეპიდემიებთან ბრძოლა ნამდვილად მეცნიერებას უნდა მივანდოთ, თუმცა ინდივიდუალური მოკვდაობის ფაქტს თავადვე უნდა შევეგუოთ.
შესაძლოა, ამჟამინდელი კრიზისი ზოგიერთს ცხოვრებისა და ადამიანური წარმატებების წარმავლობის დანახვაში დაეხმაროს, თუმცა, ვფიქრობ, საერთო ჯამში, თანამედროვე საზოგადოება საპირისპიროს იზამს. საკუთარი სისუსტის გააზრების შემდეგ ადამიანები თავის უკეთ დაცვას ეცდებიან. არა მგონია, პანდემია რომ დასრულდება, ფილოსოფიის სფეროს დაფინანსება გაიზარდოს, მაგრამ, დაგენაძლევებით, რომ სამედიცინო სასწავლებლებისა და ჯანდაცვის სისტემების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ვინ იცის, იქნებ, ამაზე დიდი მოლოდინების ქონა არაბუნებრივიც კია. მთავრობებს ფილოსოფია მაინცდამაინც არ ეხერხებათ. ეს მათი სფერო არაა. მთავრობები ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას უნდა ცდილობდნენ, ფილოსოფიას კი ინდივიდები უნდა სწავლობდნენ. ექიმები ყოფიერების საიდუმლოს ჩვენ ნაცვლად ვერ ამოხსნიან, თუმცა შეუძლიათ, დრო მოგვაგებინონ, რათა თავადვე ვიმტვრიოთ თავი. ამ დროს რაში მოვიხმართ, ჩვენი გადასაწყვეტია.
კომენტარები