ქართველი მწერლის, სალომე ბენიძის ბესტსელერი ქალაქი წყალზე საავტორო უფლებები გერმანულმა გამომცემლობა Aviva Verlag-მა მოიპოვა.

როგორც გამომცემლობა წიგნები ბათუმში ამბობენ, თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. გერმანულენოვანი მკითხველისთვის კი წიგნი წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

"ჩემს წიგნთან დაკავშირებით გერმანელ გამომცემელთან მიღწეული შეთანხმება ორმაგად მიხარია, როგორც ავტორს და როგორც ქართული ლიტერატურის გულშემატკივარს. მიხარია, რომ უცხო ენებზე თარგმნილი ქართული წიგნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და დიდი იმედი მაქვს, რომ 2018 წელს ფრანკფურტის ფესტივალზე სათანადოდ წარვდგებით. ხშირად დამწყვეტია გული, რომ ენობრივი ბარიერის გამო მსოფლიო თითქმის არ იცნობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და განსაკუთრებით მიხარია, რომ მე გავხდი ისტორიის შექმნის მონაწილე. სრულიად სუბიექტური მიზეზიც მაქვს - ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წიგნის წაკითხვას ჩემი გერმანულენოვანი მეგობრებიც შეძლებენ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გამომცემლობას წიგნები ბათუმში, რადგან მის წარმომადგენლებს წიგნის გამოსვლის დღიდან არ შეუწყვეტიათ მცდელობა, რომ ქალაქი წყალზე უცხოელ გამომცემლებამდე მისულიყო", - გვითხრა წიგნის ავტორმა, მწერალმა სალომე ბენიძემ.

ქალაქი წყალზე სალომე ბენიძის რომანია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულ და ამავდროულად, დამოუკიდებელ მისტიკურ მოთხრობებს აერთიანებს. ის ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბები ერთმანეთს უხილავი ძაფებით უკავშირდება. წიგნი, რომლის ნაწილებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ ებმის, სინამდვილეში, ლაბირინთს წარმოადგენს. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებელნი.