ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 18 წელს ზემოთ მოქალაქეები AstraZeneca-ს გარდა საქართველოში შემოსული ნებისმიერი ვაქცინით აიცრებიან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება ეს Pfizer, Novavax თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა. ანუ 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

შეზღუდვა შეეხება ამ შემთხვევაში AstraZeneca-ს, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, Pfizer-ის მოწოდებაზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორეზე მუშაობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში საზოგადოებას მოწოდების ზუსტ ვადებს გააცნობენ.