ინტერვიუ ელენე ჯაფარიძესთან
ბევრ სხვა სფეროსთან ერთად, 2021 წელს, საგამომცემლო სივრცეშიც ერთგვარად პოსტპანდემიური პერიოდი დაიწყო; მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების შემოქმედებითი სიახლეების გარდა, ლიტერატურულ ასპარეზზე ახალი ავტორებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ელენე ჯაფარიძეა.
ელენე ფსიქოლოგიის პროფესორია საქართველოს უნივერსიტეტში. ამასთან, მუშაობს ქალთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და შექმნილი აქვს რამდენიმე აკადემიური ტიპის ნაშრომი, თუმცა, მისი სადებიუტო რომანი — დამალობანა — მხატვრული ტექსტის შექმნის პირველი მცდელობა იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან გამოცემულ წიგნს მკითხველების დიდი და დადებითი გამოხმაურება ხვდა წილად, ეს მცდელობა უკვე შეიძლება, წარმატებულად ჩაითვალოს.
წიგნის შესახებ:
ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგო, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.
ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
თუკი დამალობანა უკვე წაიკითხეთ, უსათუოდ დაგაინტერესებდათ მისი ავტორის უფრო ახლოს გაცნობა. თუ ჯერ კიდევ წინ გაქვთ წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება, ალბათ ამ შემთხვევაშიც მოისურვებდით დებიუტანტ მწერალთან შეხვედრას.
ასე რომ, გთავაზობთ ინტერვიუს ელენე ჯაფარიძესთან.
საუბარი დავიწყოთ იქიდან, თუ როდის გაგიჩნდათ წიგნის დაწერის სურვილი: რა ფაქტმა ან გარემოებამ იქონია გავლენა იმაზე, რომ მხატვრული ნაწარმოების წერა დაგეწყოთ. რამდენადაც ვიცი, აკადემიურ სფეროში უკვე წლებია, აქტიურად ხართ ჩართული; აქამდე თუ გქონიათ მხატვრული ტექსტის შექმნის გამოცდილება?
არა. პირველი შემთხვევა იყო, სკოლის პერიოდის მცდელობებს თუ არ ჩავთვლით. სურვილის გაჩენა და მისი გავრცობა, ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა, რადგან ამბის ვიზუალური შეცნობა — სახეებისა და ხატებების მოსვლა, შემდეგ კი უკვე გმირის გაჩენა — იმდენად უეცარი პროცესი იყო, რომ იდეის დაბადებისთანავე, იმავე საღამოს დავიწყე ამ ყველაფრის გადმოცემა.
უშუალოდ ამ წიგნში მოთხრობილ ისტორიასა და პერსონაჟებზე რომ გადავიდეთ; საიდან გაჩნდა ეს იდეა: იყო თუ არა შთაგონება რეალური სივრცე და რამდენად ახლოსაა ნამდვილთან როგორც ამბავი, ასევე პერსონაჟები?
რთული სათქმელია, რამდენად ახლოსაა რეალურთან ისტორია და პერსონაჟები. ამბავში აფხაზეთის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია. თუმცა, ყველა პერსონაჟი არის გამოგონილი, რომელსაც ის ნიშან-თვისებები, განცდები და ემოციები გააჩნია, რაც ჩვენ ყველას გვაქვს. გარკვეული პარალელები გავლებულია ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთანაც, განსაკუთრებით, ანიკოს ხაზში: საკუთარი სახლის მონატრება, ბულინგი უცხოურ სკოლაში, იმის განცდა, რომ ძალიან პატარა ქვეყნიდან ხარ, რომელიც არავინ არ იცის; მუდმივად გიწევს, დაამტკიცო, რომ შენი ქვეყანა ნამდვილად არსებობს და არაა რუსეთის ნაწილი. ასევე მომენტები, სადაც უცხოეთში თავის დამკვიდრების მცდელობაა ასახული.
ამის მიუხედავად, მთლიანობაში, ისტორია, მაინც გამოგონილია.
რომ ვისაუბროთ წიგნზე მუშაობის პროცესზე: დაახლოებით, რამდენი ხნის განმავლობაში წერდით და იყო თუ არა ეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი; ასევე წინასწარ გქონდათ თუ არა ფაბულა დაგეგმილი?
ეს პროცესი იმდენად უცნაურად წარიმართა, ვერ გეტყვით, რომ დავჯექი და ფაბულა ერთიანად მოვიფიქრე. ყველაფერი თავისით მოვიდა, წინასწარ კი არაფერი მომიფიქრებია. პროცესში, უბრალოდ, გამოჩნდა, ისტორია საით წარიმართებოდა.
როგორც წიგნია რამდენიმე ნაწილად დაყოფილი, ასევე იყო მუშაობის პროცესიც. უცბად, მომაგონდებოდა, რომ "აი, ისინი ახლა ამას აკეთებენ — გამორბიან ზღვისპირა ქალაქიდან". შემდეგ, როგორც თითოეული თავი სრულდება, ასევე მთავრდებოდა პროცესი ჩემს გონებაში. ასე მეორდება ორი კვირის განმავლობაში; დაჯდომა სულ ხუთჯერ მომიწია, უფრო სწორად, მომიხერხდა. ამ ხუთი საღამოს განმავლობაში შეიქმნა დამალობანა.
კვლავაც პროცესზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ახლა უკვე სხვა კუთხით: წიგნის რომელი ნაწილის ან სცენის დაწერა იყო თქვენთვის ყველაზე რთული (თუნდაც ფსიქოლოგიურად)?
ფსიქოლოგიურად ყველაზე მძიმე ჩემთვის წიგნის ბოლო აბზაცი იყო. ასევე, ყველა ის ნაწილი, სადაც ანიკო უყურებს საბნის ქვეშ დამალულ დედას — ყველა ის ფრაზა და სტრიქონი, სადაც ანიკო განიცდის საბნის ქვეშ დამალული დედის ამბავს.
რას ეტყოდით თქვენს მთავარ გმირს, ანიკოს, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
ბევრს მოვეფერებოდი. არაფერს ვეტყოდი — ანიკოს არაფრის თქმა არ სჭირდება. მას, უბრალოდ, გულში ჩავიკრავდი.
როგორი იყო რედაქტირების პროცესი და რამდენად იცვალა ამბავმა სახე თავდაპირველი ნიმუშიდან საბოლოო ეტაპამდე?
არსებითად საერთოდ არ შეცვლილა, ხელნაწერისა და წიგნის შინაარსი სრულიად ანალოგიურია. რედაქტირების პროცესში შესწორებებიც ძირითადად გრამატიკულ ნაწილს შეეხო.
ცოტა ხნით რომ წერას გავცდეთ და გადავერთოთ კითხვაზე: ყოველთვის აქტიური მკითხველი იყავით თუ არა? რომელმა ავტორებმა ან წიგნებმა მოახდინეს წლების განმავლობაში თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
რაც საკუთარი თავი მახსოვს — 5 წლის ასაკში ვისწავლე კითხვა — ნებისმიერ წიგნს ვკითხულობდი, რასაც მშობლები მომაწვდიდნენ. თავიდან ორ ენაზე ვკითხულობდი, ქართულის გარდა, რუსულად, მოგვიანებით კი გერმანულად და ინგლისურადაც.
ახლაც ძალიან აქტიური მკითხველი ვარ. ჩემთვის ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიკური სამყაროა, რაც კი არსებობს.
გავლენა კი არაერთმა ავტორმა მოახდინა. ბევრი საყვარელი მწერალი მყავს, ფოლკნერით დაწყებული, თორნტონ უაილდერით დამთავრებული. ბოლოს რაც წავიკითხე — ფილიპ როთის ადამიანური ლაქა — დიდი ხნის განმავლობაში "თან დამდევდა" და ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდებოდა, შემდეგ კი ამ ნაწარმოებს კვლავ ვუბრუნდებოდი. ასევე, ყვავილები ელჯერნონისთვის — ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია, რადგან ძალიან ადამიანურ თემებზე საუბრობს.
ქართველ ავტორებს რაც შეეხება, ბოლოს თამთა მელაშვილის ახალი წიგნი წავიკითხე, რომელიც ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც წიგნი გამოვიდა, ალბათ უკვე მიიღეთ პირველი მკითხველების გამოხმაურება. რომ შევაფასოთ: რამდენად დაემთხვა მკითხველის უკუკავშირი თქვენს მოლოდინებს?
დაემთხვა ემოციური უკუკავშირი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მკითხველს გაუჩნდებოდა თანაგრძნობა, სიყვარული, თანაგანცდა. იგრძნობდა ტკივილს და მხარდაჭერის სურვილს. ასევე, მიხვდებოდა, რომ ჩვენ ერთდროულადაც შეგვიძლია რამდენიმე სხვადასხვა ემოციის განცდა. ჩემთვის ეს წიგნი სწორედ ამის გააზრება იყო. როდესაც ვწერდი, ჩემში ერთდროულად ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ემოცია იყრიდა თავს. მკითხველი სწორედ ამას მიბრუნებს — მსიამოვნებს, ვბრაზდები, მტკივა, შეძრული ვარ და კიდევ ბევრი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცდა.
დასასრულისკენ, მსურს პრუსტის კითხვარიდან დაგისვათ 3 შეკითხვა, რომელიც ამგვარ ფორმატში სხვა ავტორებისთვისაც დაგვისვამს.
— რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?
ბედნიერების განცდას. იდეის დონეზე ბედნიერება არ შეიგრძნობა.
— რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?
მამაჩემს.
— რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?
გულწრფელობას. ნებისმიერი სახის: არ აქვს მნიშვნელობა, თუკი ეს ნეგატივის გამოხატვასაც ეხება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გულწრფელი იყოს.
დაბოლოს სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბრო: აპირებთ თუ ავტორის კარიერის გაგრძელებას, ან თუნდაც ახლა თუ მუშაობთ მხატვრულ ტექსტზე?
არა, ამჟამად არ ვმუშაობ მხატვრულ ნაწარმოებზე. ჩამოყალიბებული პასუხიც ჯერჯერობით არ მაქვს: თუ კიდევ ერთხელ მოხდება ის პროცესი ჩემს გონებაში, რაც მოხდა დამალობანას შემთხვევაში, უბრალოდ, შანსი არ მექნება, რომ ეს არ გავაკეთო.
კომენტარები