9 სექტემბერს Apple-მა ახალი პროდუქტები წარადგინა. ვიხილეთ როგორც სმარტფონების iPhone 17 სერია, ასევე ახალი საათები და ყურსასმენები. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა სმარტფონი iPhone 17 Air, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე თხელი აიფონია.

ასევე იხილეთ: iPhone 17, AirPods და სხვა — Apple-ის ახალი პროდუქტების მიმოხილვა

iPhone 17 Air ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი.

ფოტო: Apple

სმარტფონის სისქე სულ რაღაც 5.6 მილიმეტრია. შედარებისთვის, iPhone 16 Pro-ს სისქე 8.25 მილიმეტრი იყო, ხოლო მანამდე ყველაზე თხელი აიფონი, iPhone 6, კი — 6.9 მილიმეტრი. მას შემდეგ ახალი აიფონები უფრო და უფრო სქელდება, რათა შიგნით უფრო დიდი ბატარეა, Face ID და სხვა კომპონენტები მოთავსდეს, თუმცა iPhone Air-ში ეს ტენდენცია შეიცვალა.

iPhone 17 Air ტიტანისგან არის დამზადებული, გარშემო კი ორივე მხარეს Ceramic Shield 2 აკრავს, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით მეტ გამძლეობას ანიჭებს. სმარტფონის მუდმივად ჩართული ეკრანი 6.5-დუიმიანია; მას ProMotion-ის მხარდაჭერა აქვს, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 3000-ნიტია.

ფოტო: Apple

აიფონის ეს ვერსია A19 Pro ჩიპსეტზე მუშაობს, რომელსაც 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU აქვს. ახალი N1 ჩიპის დამსახურებით სმარტფონს უახლესი უსადენო ტექნოლოგიების მხარდაჭერაც აქვს, იქნება ეს Wi-Fi 7 თუ Bluetooth 6. განახლებული C1X მოდემი იმაზე ორჯერ სწრაფია, ვიდრე წინამორბედი C1 ჩიპსეტი.

iPhone 17 Air-ს მხოლოდ ერთი კამერა აქვს, თუმცა იგი 48-მეგაპიქსელიან Fusion ლინზასა და 12-მეგაპიქსელიან ტელეობიექტივს მოიცავს. წინა კამერას Center Stage-ის მხარდაჭერა და უკეთესი სტაბილიზაცია აქვს; სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით აღარ დაგჭირდებათ, რომ რაკურსის შესაცვლელად, თუნდაც ლანდშაფტის გადაღებისას, სმარტფონი გადაატრიალოთ.

Apple-ის განცხადებით, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით iPhone Air მთელი დღით იმუშავებს დამუხტვის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა Adaptive Power Mode, რომელიც მომხმარებლის ჩვევებს დაისწავლის, რათა ენერგია უფრო გონივრულად მართოს.

256GB მოდელის ფასი $999-იდან იწყება. მისი წინასწარი შეკვეთა 12 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, ფართოდ ხელმისაწვდომი კი სმარტფონი 19 სექტემბრიდან გახდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.