iPhone 17, AirPods და სხვა — Apple-ის ახალი პროდუქტების მიმოხილვა
ფოტო: Apple
9 სექტემბერს Apple-მა ახალი პროდუქტები წარადგინა. კომპანიამ iPhone 17 მობილურების სერია გამოუშვა, მათ შორის iPhone 17 Air. ასევე წარადგინეს ყურსასმენები AirPods Pro 3 და ახალი საათები: Apple Watch Series 11, Apple Watch SE 3 და Apple Watch Ultra 3.
Apple-მა პროდუქტები სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე, სახელად Awe dropping, გაგვაცნო. სანამ თითოეულ მათგანს მიმოვიხილავდეთ, ღონისძიების ყურება აქვე შეგიძლიათ:
1. iPhone 17 სმარტფონების სერია
ახალი სერიის ფარგლებში Apple-მა ოთხი სხვადასხვა სმარტფონი გამოუშვა: iPhone 17, iPhone 17 Pro, iPhone 17 Pro Max და iPhone 17 Air — სრულიად ახალი და უთხელესი აიფონი. ამ მოდელების წინასწარი შეკვეთა 12 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, ფართოდ ხელმისაწვდომი კი სმარტფონები 19 სექტემბერს გახდება.
iPhone 17
iPhone 17-ში რამდენიმე სიახლეა. იგი ნაკაწრებისა მიმართ წინამორბედებზე გამძლეა, რადგან Ceramic Shield 2 აქვს, და სინათლესაც ნაკლებად ირეკლავს. ახალი აიფონი შედარებით დიდია და 6.3-დუიმიანი ეკრანი აქვს უფრო თხელი ბუდით. მასში ProMotion-ის მხარდაჭერაც (120 Hz-ამდე ადაპტირებადი განახლების სიხშირე) დაგხვდებათ, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 3000 ნიტია.
სმარტფონი ახალ A19 ჩიპზე მუშაობს, რომელსაც 16-ბირთვიანი ნეირონული ძრავა, 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU აქვს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ფუნქციის გამართულ ფუნქციონირებას ემსახურება, იქნება ეს ProMotion თუ Apple Intelligence. კომპანიის მტკიცებით, ახალი აიფონი დამუხტვის გარეშე მთელი დღე იმუშავებს და 8 საათით მეტხანს შეეძლება ვიდეოს გაშვება, ვიდრე iPhone 16-ს.
უკანა მხარეს სმარტფონს 48-მეგაპიქსელიანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი აქვს. Apple აცხადებს, რომ ახალ აიფონში 48 MP-ს ოთხჯერ უკეთესი გარჩევადობა აქვს წინამორბედთან შედარებით და მეტი დეტალის დაფიქსირება შეუძლია.
უფრო მნიშვნელოვანი სიახლეებია წინა კამერაში. მას Center Stage-ის მხარდაჭერა დაემატა და ყველაზე ფართოდ შეუძლია ველის დანახვა. კამერა კვადრატულია, ანუ შეუძლია მაღალი გარჩევადობის ფოტოები/ვიდეოები გადაიღოს ნებისმიერი რაკურსით ისე, რომ სმარტფონის შებრუნება არ დაგჭირდეთ. ხედვის კუთხის შესაცვლელად უბრალოდ ეკრანს უნდა შეეხოთ. ვიდეოზარების დროს ეს ფუნქცია ავტომატურად დაგტოვებთ კადრში.
iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max
ეს Apple-ის ყველაზე მძლავრი სმარტფონებია. Pro და Pro Max ვერსიები ახალ A19 Pro პროცესორზე მუშაობს, რომელსაც კომპანია "სმარტფონებს შორის უსწრაფეს CPU-ს" უწოდებს.
Pro ვერსიებში ახალი დიზაინია გამოყენებული, "iPhone Unibody". სმარტფონს ალუმინის მყარი კორპუსი აქვს, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა, სმარტფონებში აიფონების ისტორიაში ყველაზე დიდი ბატარეები ჩაესვა. წინ და უკანა მხარეს სმარტფონების გამძლეობისათვის ასევე Ceramic Shield გამოიყენეს.
Pro მოდელების ზომა არ შეცვლილა. iPhone 17 Pro-ს 6.3-დუიმიანი ეკრანი აქვს, iPhone 17 Pro Max-ს კი — 6.9-იანი. რაც შეეხება ბატარეებს, წესით, iPhone 17 Pro-ს 33 საათი შეუძლია ვიდეოების ჩვენება დამუხტვის გარეშე, Pro Max-ს კი — 6 საათით მეტხანს.
ახალია კამერების სისტემაც. აიფონის უკან არსებულ "კუნძულზე" სამი კამერაა მოთავსებული, თითოეულს კი 48-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს. წინ 18-მეგაპიქსელიანი Center Stage კამერა გვხვდება, როგორც სხვა ახალ აიფონებს.
სმარტფონებს ტემპერატურის მართვის ახალი სისტემაც დაემატა. მათ ორთქლის კამერა აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილებისგან სითბოს ფანტავს. ამ მხრივაა მნიშვნელოვანი ალუმინის ჩარჩოც, რომელსაც ტიტანზე უკეთესი თბოგამტარობა ახასიათებს (ტიტანი iPhone 16-ში გამოიყენეს).
Pro ვერსიის ახალი აიფონები იმაზე სწრაფად იტენება, ვიდრე ოდესმე. მაღალი სიმძლავრის USB-C ადაპტერის გამოყენების შემთხვევაში 50%-ამდე დამუხტვა 20 წუთშია შესაძლებელი.
iPhone 17 Air
iPhone Air ამ ეტაპზე ყველაზე თხელი აიფონია. მისი სისქე სულ რაღაც 5.6 მილიმეტრია, როცა წინა ყველაზე თხელი აიფონის სისქე 6.9 მილიმეტრი იყო. სმარტფონი ტიტანისგან არის დამზადებული; გარშემო ორივე მხარეს Ceramic Shield 2 აკრავს, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით მეტ გამძლეობას ანიჭებს. სმარტფონის მუდმივად ჩართული ეკრანი 6.5-დუიმიანია; მას ProMotion-ის მხარდაჭერა და 3000-ნიტიანი სიკაშკაშე აქვს.
აიფონის ეს ვერსია A19 Pro ჩიპსეტზე მუშაობს, რომელსაც 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU აქვს. ახალი N1 ჩიპის დამსახურებით სმარტფონს უახლესი უსადენო ტექნოლოგიების მხარდაჭერაც აქვს, იქნება ეს Wi-Fi 7 თუ Bluetooth 6.
iPhone 17 Air-ს მხოლოდ ერთი კამერა აქვს, თუმცა იგი 48-მეგაპიქსელიან Fusion ლინზასა და 12-მეგაპიქსელიან ტელეობიექტივს მოიცავს. წინა კამერას Center Stage-ის მხარდაჭერა აქვს და უკეთეს სტაბილიზაციას უზრუნველყოფს; სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით აღარ დაგჭირდებათ, რომ ლანდშაფტის გადაღებისას სმარტფონი გადაატრიალოთ.
Apple-ის განცხადებით, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით iPhone Air მთელი დღით იმუშავებს დამუხტვის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა Adaptive Power Mode, რომელიც მომხმარებლის ჩვევებს დაისწავლის, რათა ენერგია უფრო გონივრულად მართოს.
2. AirPods Pro 3
კომპანიამ ახალი თაობის ყურსასმენები AirPods Pro 3 წარადგინა. მომხმარებელზე მორგებული აკუსტიკური სისტემის წყალობით ყურს ჟღერადობა უფრო ზუსტად მიეწოდება; გაუმჯობესებულია გარეგანი ხმაურის დახშობის ფუნქციაც (იგივე ANC).
AirPods Pro 3-ს პირდაპირ რეჟიმში თარგმნა შეუძლია. ეს ფუნქცია Apple-ის ხელოვნურ ინტელექტზე, Apple Intelligence-ზე, მუშაობს. შეგეძლებათ მოუსმინოთ, როგორ ლაპარაკობს ვინმე თავისივე ენაზე, ყურსასმენები კი საუბარს თქვენს ენაზე გადმოთარგმნის და ამ ვერსიას მოგასმენინებთ. გარდა ამისა, თქვენივე აიფონზე თქვენი სიტყვები მოსაუბრის ენაზე გამოჩნდება, სმარტფონი კი მათ ხმით წაიკითხავს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ყურსასმენების მორგება უფრო მარტივი იქნება, რადგან ისინი უფრო პატარაა. არის მეტად გამძლეც — მას პირველად აქვს აქვს ოფლისა და წყლისადმი გამძლეობის IP57 მაჩვენებელი.
საგულისხმოა, რომ AirPods Pro 3-ს გულისცემის სპეციალური სენსორიც აქვს, რომელიც მოწყობილობაში ჩაშენებული AI-ს დახმარებით მუშაობს. შეგიძლიათ, ყურსასმენებისა და Fitness აპლიკაციის დახმარებით ვარჯიშის 50 სხვადასხვა სახეობა დააფიქსიროთ.
Apple-ის განცხადებით, ახალი ყურსასმენების ბატარეა 8 საათის განმავლობაში იმუშავებს. AirPods Pro 3-ის წინასწარი შეკვეთა ახლავე შეგიძლიათ, მისი გაყიდვა კი 19 სექტემბრიდან დაიწყება.
3. Apple Watch Series 11
კომპანიამ Apple Watch-ის ახალი მოდელი, Series 11, გამოუშვა. საათის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ ჰიპერტენზიის, ანუ სისხლის მაღალი წნევის, დაფიქსირება შეუძლია.
ეს ფუნქცია ფონურ რეჟიმში მუშაობს და 30-დღიანი პერიოდების ჭრილში აანალიზებს, როგორ რეაგირებს სისხლძარღვები გულისცემაზე. ამ ინფორმაციას იგი კანიდან იღებს, ანალიზისათვის კი მანქანური დასწავლის ალგორითმს იყენებს. შესაძლო ჰიპერტენზიის დაფიქსირებისას საათი შეტყობინებას გამოგიგზავნით. კომპანია ჯერ FDA-ს ნებართვას ელოდება, რომ ეს ფუნქცია შემოგვთავაზოს. თანხმობას თვის განმავლობაში ელიან.
გარდა ამისა, საათს ძილის შეფასების ფუნქციაც აქვს. იგი ყოველ ღამით თქვენს ძილს დააკვირდება და დაითვლის როგორც მის ხანგრძლივობას, ასევე გამოღვიძების სიხშირესაც. ძილის ხარისხს იგი ქულებით შეაფასებს (მაქსიმალური ქულა 100-ია).
Apple-ის განცხადებით, Series 11 კომპანიის ისტორიაში ყველაზე თხელი საათია და წინა მოდელებზე გამძლეც არის. გაუმჯობესებულია ბატარეის სიცოცხლისუნარიანობაც. წესით, დამუხტვის გარეშე მას 24 საათით შეუძლია მუშაობა. აღსანიშნავია, რომ Series 11-ს 5G ფიჭური კავშირი დაემატა. კომპანიის განცხადებით, ახალი მოდემი უფრო ენერგოეფექტიანია. შესაბამისად, ბატარეის სიცოცხლისუნარიანობის ხარვეზები ნაკლებად მოსალოდნელი იქნება, ვიდრე წინა მოდელებში.
Apple Watch Series 11-ის გაყიდვა 19 სექტემბერს დაიწყება, თუმცა მისი წინასწარ შეკვეთა ახლავე შეგიძლიათ.
4. Apple Watch SE 3
გარდა Series 11-ისა, კომპანიამ Apple Watch SE 3-იც წარადგინა. იგი S10 ჩიპზე მუშაობს, რომელიც Series 10 საათში გვხვდება. აქვს მუდმივად ჩართული ეკრანი, რომელიც Apple Watch SE სერიაში პირველად ვიხილეთ. საათს ჟესტების აღქმა შეეძლება, იქნება ეს თითის ორჯერ შეხება თუ მაჯის მოქნევა.
წინამორბედის მსგავსად, ამ მოდელსაც შეუძლია, გულისცემასთან დაკავშირებული შეტყობინებები გამოგვიგზავნოს ან დავარდნა თუ შეჯახება დააფიქსიროს. მეორე მხრივ, Apple Watch SE 3-ს ახალი ფუნქციებიც აქვს, მათ შორის მაჯის ტემპერატურის გაზომვა, ძილის აპნოესთან დაკავშირებული შეტყობინებები და ძილის შეფასება. საათს შიგნით ჩაშენებული სპიკერი აქვს, ანუ შიგთავსის ჩართვა უკვე ჭკვიანი საათიდანაც არის შესაძლებელი.
Apple Watch SE 3-ს 18 საათის განმავლობაში შეუძლია დამუხტვის გარეშე მუშაობა. შესაძლებელია მისი სწრაფი დატენაც — Apple-ის განცხადებით, Apple Watch SE 3 წინა მოდელზე ორჯერ სწრაფად იმუხტება და 8 საათის ენერგია შეუძლია 15 წუთში მიიღოს.
ამ საათის წინასწარი შეკვეთა ახლავე შეგიძლიათ, ფართოდ ხელმისაწვდომი კი იგი 19 სექტემბრიდან გახდება.
5. Apple Watch Ultra 3
წინა ორი საათის მსგავსად, 5G კავშირი Apple Watch Ultra 3-საც ექნება; უზრუნველყოფილია სატელიტური კავშირის მხარდაჭერაც იმ შემთხვევებისთვის, თუ ფიჭურ კავშირზე ან Wi-Fi-ზე არ გექნებათ წვდომა. Apple-ის განცხადებით, საათს შეუძლია დედამიწიდან ათას კილომეტრში მდებარე სატელიტებსაც კი დაუკავშირდეს; შესაბამისად, შეტყობინებების გაგზავნა და Find My ფუნქციის გამოყენება ინტერნეტკავშირის გარეშეც იქნება შესაძლებელი.
Ultra 3-ს ბატარეაც გაუმჯობესებული აქვს. კომპანია აცხადებს, რომ ერთი დამუხტვით საათი 42 საათამდე გაძლებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფუნქციები ამ საათშიც Series 11-ის ანალოგიურია — ჰიპერტენზიასა და ძილის მაჩვენებლებს Ultra 3-იც დააფიქსირებს.
საგულისხმოა, რომ საათს უფრო დიდი ეკრანი აქვს, თუმცა ჩარჩოს ზომა არ გაზრდილა. Ultra 3 შავ და ტიტანის ფერებშია ხელმისაწვდომი. მისი წინასწარი შეკვეთა ახლავე შეგიძლიათ, გაყიდვა კი 19 სექტემბრიდან დაიწყება.










კომენტარები