აღმოჩენილია დედამიწის ახალი "კვაზი-თანამგზავრი", რომელსაც 60 წელი ვერ ვამჩნევდით
ფოტო: NASA/JPL/USGS
ასტრონომებმა ჩვენი პლანეტის გარშემო აქამდე უცნობი "კვაზი-თანამგზავრი" აღმოაჩინეს. ის დედამიწის მეზობლად უკვე რამდენიმე ათწლეულია, მოძრაობს და, სავარაუდოდ, იქ კიდევ დეკადების განმავლობაში შენარჩუნდება.
მას 2025 PN7 ეწოდება. ის ერთ-ერთია იმ 7-მდე ობიექტიდან, რომლებიც მზის გარშემო დედამიწის ტრაექტორიას იზიარებს — მათ "კვაზი-თანამგზავრები" ეწოდება. უკანასკნელი ასეთი სხეული მეცნიერებმა ჰავაიში მდებარე Pan-STARRS-ის ობსერვატორიით 2 აგვისტოს დააფიქსირეს.
2025 PN7-ის კვალი სპეციალისტებმა არქივში მოიძიეს და მას 2014 წლიდან შეგროვებულ მონაცემებში მიაგნეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ის სტაბილურ ორბიტაზე უკვე 60 წლის განმავლობაში გადაადგილდება და კიდევ ამდენი ხანი შენარჩუნდება.
2025-PN7-ის სიგანე დაახლოებით 19 მეტრია და ის ჩვენგან 4.5-59.8 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. იგი ასტრონომებმა სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედში შენიშნეს და დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდებს ჯგუფს მიაკუთვნეს.
დედამიწის გარშემო მხოლოდ ერთი ბუნებრივი თანამგზავრია— მთვარე. ამის მიუხედავად, ზოგი ასტეროიდი პლანეტის გრავიტაციის გავლენას განიცდის და მზის გარშემო ორბიტაზე მასთან ერთად გადაადგილდება. ასეთი ობიექტები კვაზი-თანამგზავრებია, მაგრამ არსებობს მინი-მთვარეებიც, რომლებიც არა ვარსკვლავის, არამედ უშუალოდ დედამიწის ირგვლივ მოძრაობს.
ამ ორს შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი მათგანი ციური სხეულის მიზიდულობის ძალას არ ემორჩილება, ანუ დედამიწის მიერ გრავიტაციულად "ჩაჭერილი" არაა. ის დროებითი კომპანიონია, მინი-მთვარეები კი პლანეტასთან გრავიტაციულადაა შეკავშირებული და ჩვენს მეზობლად უფრო ხანმოკლე პერიოდითაა — რამდენიმე კვირა ან თვე.
კვაზი-თანამგზავრები შედარებით იშვიათია. მათგან ყველაზე ცნობილი კომოალევაა, რომელიც 2016 წელს აღმოაჩინეს. მისი ზომა 40-დან 100 მეტრამდეა. ჩინურ მისია Tianwen-2-ის ფარგლებში ამ ობიექტის ზედაპირიდან ნიმუშების მოპოვებაც იგეგმება, რომლებსაც დედამიწაზე 2027 წელს ჩამოიტანენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Research Notes of the American Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები