UNICEF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 10-დან 1 ბავშვს სიმსუქნე აღენიშნება
ფოტო: Getty Images
UNICEF-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 5-19 წლის ასაკის 10-დან 1 ადამიანს სიმსუქნე აღენიშნება. ეს 188 მილიონს უდრის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რაოდენობას, რომელიც ჩვეულებრივზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებს მოიცავს. ადრე პირველობას სწორედ ეს უკანასკნელი ინარჩუნებდა, მაგრამ თანამედროვე დიეტამ — ულტრაგადამუშავებულ საკვებზე გადასვლამ — ყველაფერი შეცვალა.
აქამდე საჭირო საკვები ნივთიერებების დისბალანსის მქონე ბავშვებში ჩვეულებრივზე ნაკლებმასიანები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ახლა ეს პრობლემა ჭარბი მასის პირებზეც გავრცელდა. სიმსუქნე პატარებისა და მოზარდების ჯანმრთელობასა თუ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც უკვე გაჭირვებულ ქვეყნებშიც შეინიშნება.
ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანის სხეულის მასა ასაკის, სქესისა და სიმაღლის გათვალისწინებით ნორმალურზე ბევრად მეტია. სიმსუქნე მეორე ტიპის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის რისკს ზრდის. ბავშვების განვითარებისთვის სწორი კვება — რაც ხილის, ბოსტნეულისა და ცილის მიღებას გულისხმობს — უმნიშვნელოვანესია, რათა ისინი ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელები გაიზარდონ. ამის მიუხედავად, ბევრი ტრადიციული დიეტა ულტრაგადამუშავებულმა საკვებმა ჩაანაცვლა, რომელშიც ხშირად დიდი დოზით შაქარი, მარილი, სახამებელი, არაჯანსაღი ცხიმები და დანამატებია.
საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ბავშვებში საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ისევ მნიშვნელოვანი პრობლემაა (განსაკუთრებით სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში). ამის მიუხედავად, UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წლის შემდეგ სხეულის ნაკლებმასიანობის მაჩვენებელი თითქმის 13%-დან 9.2%-მდე შემცირდა. ისინი 5-19 წლის ასაკის ადამიანების შესახებ 190 სახელმწიფოს მონაცემებს დაეყრდნნენ.
პარალელურად, სიმსუქნის მაჩვენებელი 3%-დან 9.4%-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 10-დან 1 ბავშვს აღნიშნული პრობლემა აქვს. მოიმატა ჭარბმასიანი ბავშვების რაოდენობამაც (რომელიც სიმსუქნის მქონე ახალგაზრდებსაც მოიცავს), თანაც იმდენად, რომ სკოლის ასაკის 5-დან 1 მოზარდს, ჯამში 391 მილიონს, სხეულის ზედმეტი მასა აქვს.
ბავშვებში სიმსუქნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წყნარი ოკეანის სახელმწიფოებშია, მათ შორის ნაუეში (38%), კუკის კუნძულებსა (37%) და ნაურუში (33%). რაც შეეხება სხვა ქვეყნებს: ჩილეში 27%, აშშ-ში 21% და ამდენივე ემირატებში.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების რაციონში ჯანსაღი და საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვები იყოს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, ეს ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. მათი აზრით, ცვლილებები და რეგულაციები არამხოლოდ სკოლებში, არამედ საკვების მწარმოებელ კომპანიებშიც უნდა გატარდეს და დაინერგოს.

კომენტარები