Apple-მა iPhone 17 გამოუშვა — როგორია ახალი სმარტფონები
ფოტო: Apple
9 სექტემბერს Apple-მა ახალი პროდუქტები წარადგინა. ვიხილეთ როგორც ახალი აიფონები, ასევე განახლებული ჭკვიანი საათები და ყურსასმენებიც. კომპანიამ iPhone 17 სერიის ფარგლებში ოთხი სმარტფონი გამოუშვა: iPhone 17, iPhone 17 Pro, iPhone 17 Pro Max და iPhone 17 Air.
ასევე იხილეთ: iPhone 17, AirPods და სხვა — Apple-ის ახალი პროდუქტების მიმოხილვა
მოდით, თითოეული აიფონის მახასიათებლებს გავეცნოთ.
iPhone 17
iPhone 17-ში რამდენიმე სიახლეა. იგი ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანების მიმართ წინამორბედებზე გამძლეა, რაც Ceramic Shield 2-ს დამსახურებაა. ეს საფარველი სინათლესაც ნაკლებად ირეკლავს. ახალი აიფონი წინამორბედზე დიდია და 6.3-დუიმიანი ეკრანი აქვს უფრო თხელი ბუდით. მასში ProMotion-ის მხარდაჭერა (120 Hz-ამდე ადაპტირებადი განახლების სიხშირე) დაგხვდებათ, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 3000 ნიტია.
სმარტფონი ახალ A19 ჩიპზე მუშაობს, რომელსაც 16-ბირთვიანი ნეირონული ძრავა, 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU აქვს. თითოეული მათგანი ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა ფუნქციის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, იქნება ეს ProMotion თუ Apple Intelligence. კომპანიის მტკიცებით, ახალი აიფონი დამუხტვის გარეშე მთელი დღე იმუშავებს და 8 საათით მეტხანს შეეძლება ვიდეოს ჩვენება, ვიდრე iPhone 16-ს.
უკანა მხარეს სმარტფონს 48-მეგაპიქსელიანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი აქვს. Apple აცხადებს, რომ ახალ აიფონში 48 MP-ს ოთხჯერ უკეთესი გარჩევადობა აქვს წინამორბედთან შედარებით და მეტი დეტალის დაფიქსირება შეუძლია.
უფრო მნიშვნელოვანი სიახლეებია წინა კამერაში. მას Center Stage-ის მხარდაჭერა დაემატა და ყველაზე ფართოდ შეუძლია ველის დანახვა. კამერა კვადრატულია, ანუ შეუძლია მაღალი გარჩევადობის ფოტოები/ვიდეოები გადაიღოს ნებისმიერი მიმართულებით ისე, რომ სმარტფონის შებრუნება არ დაგჭირდეთ. ხედვის კუთხის შესაცვლელად უბრალოდ ეკრანს უნდა შეეხოთ. ვიდეოზარების დროს ეს ფუნქცია ავტომატურად დაგტოვებთ კადრში.
iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max
ეს Apple-ის ყველაზე მძლავრი სმარტფონებია. Pro და Pro Max ვერსიებიც ახალ A19 Pro პროცესორზე მუშაობს, რომელსაც კომპანია "სმარტფონებს შორის უსწრაფეს CPU-ს" უწოდებს.
Pro ვერსიებში ახალი დიზაინია გამოყენებული, "iPhone Unibody". სმარტფონს ალუმინის მყარი კორპუსი აქვს, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა, სმარტფონებში აიფონების ისტორიაში ყველაზე დიდი ბატარეები ჩაესვათ. წინ და უკანა მხარეს გამოყენებულია Ceramic Shield, რომელიც სმარტფონებს გამძლეობას მატებს.
Pro მოდელების ზომა არ შეცვლილა. iPhone 17 Pro-ს 6.3-დუიმიანი ეკრანი აქვს, iPhone 17 Pro Max-ს კი — 6.9-იანი. რაც შეეხება ბატარეებს, წესით, iPhone 17 Pro-ს დამუხტვის გარეშე 33 საათით შეუძლია ვიდეოების გაშვება, Pro Max-ს კი — 6 საათით მეტხანს.
ახალია კამერების სისტემაც. აიფონის უკან არსებულ "კუნძულზე" სამი კამერაა მოთავსებული, თითოეულს კი 48-მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს. წინ 18-მეგაპიქსელიანი Center Stage კამერა გვხვდება, როგორც სხვა ახალ აიფონებს.
სმარტფონებს ტემპერატურის მართვის ახალი სისტემა დაემატა. მათ ორთქლის კამერა აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილებისგან სითბოს ფანტავს. ამ მხრივაა მნიშვნელოვანი ალუმინის ჩარჩოც, რომელსაც ტიტანზე უკეთესი თბოგამტარობა ახასიათებს (ტიტანი iPhone 16-ში გამოიყენეს).
Pro ვერსიის ახალი აიფონები იმაზე სწრაფად იტენება, ვიდრე ოდესმე. მაღალი სიმძლავრის USB-C ადაპტერის გამოყენების შემთხვევაში 50%-ამდე დამუხტვა 20 წუთშია შესაძლებელი.
iPhone 17 Air
iPhone Air ამ ეტაპზე ყველაზე თხელი აიფონია. მისი სისქე სულ რაღაც 5.6 მილიმეტრია. სმარტფონი ტიტანისგან არის დამზადებული; გარშემო ორივე მხარეს Ceramic Shield 2 აკრავს, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით მას მეტ გამძლეობას ანიჭებს. სმარტფონის მუდმივად ჩართული ეკრანი 6.5-დუიმიანია; მას ProMotion-ის მხარდაჭერა და 3000-ნიტიანი სიკაშკაშე აქვს.
აიფონის ეს ვერსია A19 Pro ჩიპსეტზე მუშაობს, რომელსაც 6-ბირთვიანი CPU და 5-ბირთვიანი GPU აქვს. ახალი N1 ჩიპის დამსახურებით სმარტფონს უახლესი უსადენო ტექნოლოგიების მხარდაჭერაც აქვს, იქნება ეს Wi-Fi 7 თუ Bluetooth 6. განახლებული C1X მოდემი იმაზე ორჯერ სწრაფია, ვიდრე წინამორბედი C1 ჩიპსეტი.
iPhone 17 Air-ს მხოლოდ ერთი კამერა აქვს, თუმცა იგი 48-მეგაპიქსელიან Fusion ლინზასა და 12-მეგაპიქსელიან ტელეობიექტივს მოიცავს. წინა კამერას უკეთესი სტაბილიზაცია აქვს; სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით აღარ დაგჭირდებათ, რომ ლანდშაფტის გადაღებისას სმარტფონი გადაატრიალოთ.
Apple-ის განცხადებით, iPhone Air დამუხტვის გარეშე მთელი დღით იმუშავებს. ეს აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის დამსახურებაა. ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა Adaptive Power Mode, რომელიც მომხმარებლის ჩვევებს დაისწავლის, რათა ენერგია უფრო გონივრულად მართოს.
iPhone 17 სერიის აიფონების წინასწარი შეკვეთა 12 სექტემბრიდან შეგეძლებათ, ფართოდ ხელმისაწვდომი კი ისინი 19 სექტემბრიდან გახდება. მოდელებისა და ფასების გადამოწმებას Apple-ის ვებსაიტზე შეძლებთ.

კომენტარები