არტანუჯი ბავშვებისთვის — ახალი საგამომცემლო მიმართულება
წიგნებთან ურთიერთობას ჯერ კიდევ იმ ასაკში ვიწყებთ, როცა წიგნების თაროს ვერც კი ვწვდებით. ამ პერიოდში კიდევ უფრო მიუწვდომელია ის ტექსტები, რომლებიც ჯადოსნური თავგადასავლების კარს გვიღებენ, ამიტომ ამ ამბებში მოგზაურობას მომნუსხველი ილუსტრაციებით ვიწყებთ. უფროსების მიერ წაკითხული ამბებით შეგულიანებულები მოგვიანებით მცირე ტექსტებთან დამოუკიდებლად გამკლავებას ვცდილობთ და ასე ღვივდება ჩვენში ლიტერატურის სიყვარული.
საინტერესოა, რომ თანამედროვე ბავშვებს მათთვის გამოცემული წიგნების დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა მათი უმეტესობა არა ქართული, არამედ უცხოენოვანი ტექსტების თარგმანებია.
ქართული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი საგანძურის ბავშვობიდან გათავისება აუცილებელია, თუმცა ხშირად რთული ენით დაწერილი ნაწარმოებების თუ ჩახლართული სიუჟეტის გაგება არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, არტანუჯმა თანამედროვე ილუსტრაციებითა და ადაპტირებული ტექსტებით შექმნილი საბავშვო გამოცემების მომზადება გადაწყვიტა. გამოცემები ძირითადად ქართულ ლიტერატურაზე, მითებსა და ზღაპრებზე იქნება ორიენტირებული.
ამ სტატიაში მოგიყვებით არტანუჯის სამ საბავშვო სერიაზე, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ქართველი პერსონაჟების დაუვიწყარი ამბების კარს შეუღებს და ლიტერატურულ სამყაროში მეგზურობას გაუწევს.
ქართული კლასიკური ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიები
მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები ბავშვებისთვის ხშირად გაუგებარია, თუმცა ამ ნაწარმოებებში გაბნეული ჰუმანური პერსონაჟების ამბები მცირე ასაკის მკითხველებისთვისაც შეიძლება სამაგალითოდ იქცეს, ამიტომ არტანუჯმა ნაწარმოებების თანამედროვე ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე ადაპტირება გადაწყვიტა და ამისთვის გრაფიკული ვერსიის ფორმატი შეარჩია. გრაფიკული გამოცემები პატარა მკითხველებს ვაჟა-ფშაველას თუ სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ილუსტრაციებით, ადაპტირებული ტექსტითა და მცირე დედნისეული თხრობით გააცნობს. ახალი სერია უფროსებისთვისაც არის განკუთვნილი — ზრდასრულები მონატრებული თუ კარგად ნაცნობი ტექსტების გრაფიკულ ვერსიებს ხელახლა აღმოაჩენენ.
დაგეგმილია ვაჟა ფშაველას 5 პოემის გრაფიკული ადაპტაციის გამოცემა. უკვე გამოსულია ალუდა ქეთელაური და სტუმარ-მასპინძელი, სულ მალე კი ბახტრიონი, გველისმჭამელი, გოგოთური და აფშინა და სხვა კლასიკური ნაწარმოებებიც გამოიცემა. სერიის ილუსტრაციებზე სოფო კირთაძე მუშაობს.
ქართული მითები
ქართული მითოლოგია საუკუნეებს ითვლის და პირველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებზე ბევრად ადრინდელია. ამ საგმირო, ზღაპრულმა თქმულებებმა ქართულ მწიგნობრობას წარუშლელი კვალი დაამჩნია, ამიტომ თანაბრად საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისა თუ ზრდასრულებისთვის.
არტანუჯმა უკვე გამოსცა ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო — ვარლამ ჯმუხაძის მიერ ილუსტრირებული წიგნი ქართული მითოლოგიის 20 გამორჩეული გმირისა და მათი თავგადასავლების შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. გამომცემლობა თითოეული გმირის შესახებ ცალკე წიგნების გამოცემას გეგმავს, რომლებიც თავს მოუყრის სხვადასხვა კუთხის თქმულებებსა და გმირებს. გამოსაცემად მზადდება ხოგაის მინდი, ოჩოპინტრე, მესეფენი და სხვა გმირების ამბები.
ქართული ზღაპრული ზღაპრები
ქართული ზღაპრული ზღაპრები არტანუჯის მიმდინარე სერიაა, რომელიც როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ისე თანამედროვე ქართველ ავტორთა ზღაპრებს გააერთიანებს. აღნიშნულ სერიაში უკვე გამოიცა თხა და ვენახი, ნაცარქექია და კომბლე.
შთამბეჭდავი თანამედროვე ილუსტრაციებით შექმნილი წიგნები ძირითადად 3-დან 7 წლამდე ასაკის მკითხველებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ტექსტები და გრაფიკული გაფორმება ერთმანეთს ერწყმის და ბავშვებს დევების თუ მოხერხებული პერსონაჟების დაუვიწყარ ისტორიებში მეგზურობას თამაშ-თამაშით უწევს. მალე სერიას რწყილი და ჭიანჭველა, ლურჯი სპილო და კიდევ არაერთი ზღაპარი შეემატება. ილუსტრაციებზე კი ნინო ჯიჯავაძე, ვარლამ ჯმუხაძე და სხვა ილუსტრატორები მუშაობენ.
რაც მთავარია, არტანუჯი მხოლოდ ამ სამი სერიით არ შემოიფარგლება, გამოცემაში აქტიურად მუშაობენ რამდენიმე შემეცნებით სერიაზე, რომელიც თანამედროვე ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იქნება.
კომენტარები