7 რჩევა, რომელსაც ჩემს თავს ბოლო ზარზე მივცემდი
რა თქმა უნდა, "ბოლო ზარი" მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ მნიშვნელობას აღნიშვნის მიზეზი ანიჭებს და არა — ფორმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი რაიმე მიზეზის გამო თეთრი მაისური ან პერანგი ვერ ააჭრელეთ ამ დღეს, დიდად გულს ნუ დაიწყვეტთ — ზეიმი ყველგან და ყოველთვის შეიძლება, მათ შორის, შეგიძლიათ, მარტომ აღნიშნოთ სახლში ეს დღე, თუნდაც საყვარელი "coming of age" ფილმით.
სკოლა მაინცდამაინც დიდი ხნის წინ არ დავამთავრე, თუმცა, 3 წელიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ რაღაცები გადამეფასებინა. ალბათ ჯობია, დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ ბევრი სოციალური ხარვეზის გამო სკოლადამთავრებული მეტ-ნაკლებად მოუმზადებელი გადის სკოლიდან. თუმცა, დღეს არა 12-წლიან პერიოდზე, არამედ იმაზე ვისაუბრებ, თუ რა არ ვიცოდი ამ 12 წლის თავზე, რაც, ალბათ კარგი იქნებოდა, მცოდნოდა.
1. ყველაფერს, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ
არავინ დავობს იმაზე, რომ კარგი ზოგადი განათლების გარეშე, სკოლისშემდგომ პერიოდში ბევრი რამ რთულდება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სკოლაში ნასწავლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისთვის. მეტიც — სკოლაში წარმატებული მომავალში, შესაძლოა, წარუმატებლად იქცეს და პირიქით.
სასკოლო სწავლება ალბათ უფრო სწავლის უნარების შეძენაა და კვლავაც არსებული მოდელის გამო (რისი განხილვაც განათლების ექსპერტების კომპეტენციაა), უმეტეს შემთხვევაში ინდივიდუალურ ძალისხმევას მოითხოვს. საკუთარ თავზე მუშაობა გარემოს და ინტერესის სფეროს შეცნობის უმთავრესი წყაროა მომავალშიც; ასე რომ, თუკი სკოლა ახლახან დაამთავრე, გულისყურით მოუსმინე ჯერ საკუთარ ხმას, შემდეგ კი — გარემოს.
2. "დიდების" ცხოვრება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონია
შესაძლოა, სკოლის პერიოდშიც მოასწარი სტაჟირების ან მოხალისეობრივი სამუშაოს გავლა და გგონია, რომ ზრდასრულის ცხოვრებას კბილი გაუსინჯე. თუმცა, დიდი ალბათობით, ახლო პერიოდში ცხოვრების ბევრი ასპექტი ისეთი სისწრაფით შეიცვლება, რომ მათი შემჩნევაც კი გაგიჭირდება. უპირველესად ეს ეხება დროს; სკოლაში ყველა ვწუწუნებთ, რომ აუარება სამეცადინო გვაქვს, მაგრამ ახლა, როცა რამდენიმე თავისუფალი თვე მსურს, რათა სიმშვიდეში ვაკეთო საყვარელი საქმე, იმაზე მეფიქრება, რომ ამისთვის სკოლის პერიოდში ბევრი დრო მქონდა, უბრალოდ, გამოცდილება და ცოტათი შემართებაც მაკლდა.
დროის სიმწირის გარდა, თავს იჩენს დიდი და პატარა პრობლემები: ურთიერთობებში, საქმიანობაში, სწავლაში და სხვა. ზოგს, შესაძლოა, გაუმართლა და სკოლაში მოახერხა მათთან გასამკლავებელი უნარების შეძენა, დანარჩენებს კი ყველაფრის დამოუკიდებლად და მოკლე დროში სწავლა გვიხდება. თუმცა, ნუ შეშინდები — როგორც წესი, ამგვარად ნასწავლი უფრო მყარია, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასე უფრო გამობრძმედილი ვხდებით.
3. ისწავლე საკუთარ თავზე ზრუნვა და მისთვის დროის გამოყოფა
რადგან წინა პუნქტში უკვე ვახსენეთ დროის სიმწირეც და ურთიერთობებში შეხვედრილი სირთულეები, ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდ მენტალურ რესურსს მოითხოვს.
სკოლის ადრეულ პერიოდში თუ სხვისი პასუხისმგებლობა იყო, მაგალითად, ჩვენი მეცადინეობის დროის კონტროლი, მოგვიანებით, მაღალ კლასებში კი ამ პასუხისმგებლობის მოხსნა მარტივად შეგვეძლო, სკოლის შემდგომ ასე არ ხდება. რაღაც მომენტში, თუნდაც შუალედური გამოცდის წინ მეცადინეობისას, გააანალიზებ, რომ ეს შენი პასუხისმგებლობაა და მას ვერ მოიხსნი. ამან შეიძლება დაგვსტრესოს. ამიტომ, აუცილებლად მოგვიწევს, პრიორიტეტად საკუთარი თავი ვაქციოთ, მისთვის დრო გამოვყოთ და მასზე ვიზრუნოთ. სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ გამოვა.
4. ისწავლე უარის თქმა
წინა პუნქტის ერთგვარი გაგრძელებაა უარის თქმის სწავლა, თუმცა, ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. კვლავაც იმის გამო, რომ სკოლის მერე საკუთარ თავზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ, მნიშვნელოვანია, "ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა" ჩვენი მოქმედების პრინციპად იქცეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პრიორიტეტებში პირველ ადგილზე საკუთარი თავი დავწერეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, რას გთავაზობენ, ვინ გთავაზობს და რამდენად მომხიბვლელია ეს შემოთავაზება. ნებისმიერი რამის სანაცვლოდ გვიწევს მსხვერპლის გაღება და აუცილებელია, შემოთავაზებით მიღებული სარგებელი გაღებულ მსხვერპლს აღემატებოდეს. რამდენად გულკეთილიც უნდა იყო და უანგაროდ გსურდეს ბევრი რამის კეთება, სკოლის დამთავრებიდან მალევე ხვდები, რომ სამყარო ასე არაა მოწყობილი და ვიღაცისთვის საკუთარი ძვირფასი დროის და რესურსის დათმობა კლასელისთვის დავალების გადაწერინებას არ ჰგავს.
5. "აკეთე ის რაც გიყვარს, გიყვარდეს ის რასაც აკეთებ"
და, რა თქმა უნდა — სკოლის დამთავრება ყველაზე მეტად პროფესიის არჩევასთანაა დაკავშირებული. აქ ვერავინ ვერაფერს გირჩევს და თუ გირჩიეს — არც იმას უნდა მოუსმინო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმის დროც დგება, საკუთარი თავისა და გარემოს მოსმენა ისწავლო. შესაძლოა, ახლა რაღაცები სხვანაირად მოჩანს — ან, უბრალოდ, შენ უყურებ სხვაგვარად. ცდილობ, შინაგანი ხმა ჩაახშო და თავში ერთადერთი სიტყვა — "პერსპექტიული" — ჩაიჭედო. თუმცა, ადრე თუ გვიან, იმ დასკვნამდეც მიხვალ, რომ პერსპექტიულობას საქმეს ჩვენ და ჩვენი შემართება ვანიჭებთ და თუკი იმ პროფესიას აირჩევ, რომლის მიმართაც სულ ოდნავი სიმპათიითაც კი არ ხარ განწყობილი, მხოლოდ უპერსპექტივობისაკენ თუ გადადგამ ნაბიჯს.
მაგრამ ნურც იმაზე იდარდებ, რომ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვა. კი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა და მნიშვნელოვანი, მაგრამ ცვლილებისათვის გვიანი არასდროსაა.
საკუთარი საქმის სიყვარულის მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, გირჩევ, მოუსმინო ან წაიკითხო სტივ ჯობსის სიტყვით გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტის 2005 წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე.
მანამდე კი, შემიძლია, ჩემი მოზარდობის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის პერსონაჟის გამოსაშვებზე წარმოთქმული სიტყვა შემოგთავაზო, რომელმაც დიდად მანუგეშა მაშინ, როცა მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც მინდოდა:
"როდესაც ხუთი წლის ვიყავით და გვეკითხებოდნენ, რა უნდა გამოვსულიყავით, როცა გავიზრდებოდით, ვპასუხობდით: ასტრონავტი, პრეზიდენტი, ან, ჩემს შემთხვევაში — პრინცესა. როცა ათი წლის გავხდით, მათ ისევ გვკითხეს და მაშინ უკვე ჩვენი პასუხები იყო: როკსტარი, კოვბოი, ან, ჩემს შემთხვევაში, ოქროსმედალოსანი. თუმცა, ახლა, როცა გავიზარდეთ, ჩვენგან სერიოზულ პასუხს მოელიან. ამაზე რას იტყვი? ვინ იცის?! ახლა რთული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დრო არაა. შეცდომების დაშვების დროა. სხვა მატარებელს გაჰყევით და დაიკარგეთ. შეიყვარეთ. ძირითად პროფესიად ფილოსოფია აირჩიეთ, რადგან მისით კარიერას ვერაფრით შექმნით. შეიცვალეთ აზრი და შემდეგ ისევ შეიცვალეთ, რადგან მუდმივი არაფერია. ამიტომ, იმდენი შეცდომა დაუშვით, რამდენიც გენებოთ. ამგვარად, ოდესმე, როცა ისევ შეგვეკითხებიან, რა გვინდა, რომ ვიყოთ, ალალბედზე კი არ ვიტყვით, გვეცოდინება".
6. "დაეცემი, მაგრამ ისევ ადგები"
წინა ფრაზისა არ იყოს, ესეც ისეთი გაცვეთილი და ნიუსფიდის მოყვარული სიტყვებია, რომ ალბათ, როგორც ჩვენს თაობაში იტყვიან, "დაიქრინჯე", თუმცა, რაც მართალია, მართალია. წინა პუნქტში სწორედ შეცდომების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ჩემზე ბევრად უფროსი და წარმატებული ადამიანები გვირჩევენ, რომ შეცდომების დაშვების შიშით გარისკვაზე უარს ნუ ვიტყვით.
ინტერნეტში ალბათ უამრავჯერ გადააწყდი ისეთი ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც ყველაფერში "ჩაფლავების" შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწიეს. არ გეგონოს, რომ ეს მხოლოდ აუდიტორიის ემოციებზე გათვლილი შთამაგონებელი და არაფრისმთქმელი სიტყვებია. სკოლის დამთავრებისას რომ შეცდომების მნიშვნელობაზე გამოცდილებით მიღებული ცოდნა მქონოდა, ბოლო 3 წელიწადში ბევრად ნაკლებს ვინერვიულებდი, მათ შორის, არასწორ ადგილას მოხვედრაზეც. ასე რომ, რწმენა სკოლისშემდგომ პერიოდში ნამდვილადაა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"წარუმატებლობით მიღებულ სარგებელზე" მეტის გასაგებად, გირჩევ, მოუსმინო ან წაიკითხო ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის, სიტყვით გამოსვლა ჰარვარდის უნივერსიტეტის 2008 წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე.
7. შესაძლებლობებს ხელიდან ნუ გაუშვებ
დაბოლოს, დანარჩენ გავრცელებულ პრაქტიკულ რჩევებთან ერთად, როგორიცაა "ფული დაზოგე", "ხალხს ადვილად ნუ ენდობი", "დროს ნუ დაკარგავ" და სხვა, გირჩევდი, შესაძლებლობები არ დაგეკარგა. უარის თქმის მნიშვნელობაზე კი ვრცლად ვისაუბრეთ, თუმცა, ნიშანდობლივია მოტივი, რის გამოც უარს ვამბობთ. მოტივის შესაფასებლადაც ზემოხსენებული ინდიკატორი გამოგვადგება — რა სარგებელს გვაძლევს შესაძლებლობა და რას მოითხოვს ჩვენგან.
შესაძლებლობებში მოიაზრება დროც. რაღაც, რისი გაკეთებაც გულით გსურს, რატომ უნდა გადადო სხვა დროისთვის, თუკი შესაძლებლობა ახლა და აქ გაქვს?
მოკლედ, ამიერიდან ყველაფერი მაინც შენზეა — შეცდომების დაშვება, შესაძლებლობების შეფასება და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა და მისი მიღება. თუკი ამ ტექსტმა ცოტათი მაინც დაგღალა ან დაგთრგუნა, ისევე დაივიწყე, როგორც მერვე კლასში ნასწავლი ტრიგონომეტრიის ფორმულები.
ახალი და საინტერესო თავგადასავალი იწყება, ამიტომ წარმატებას გისურვებ ამ მოგზაურობაში.
კომენტარები