ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება — პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. ამის შესახებ საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

"ძირითადი საკითხი იყო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი და ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ იქნება ორი მოადგილე პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი შეასრულებს მის მოვალეობას", — განმარტა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების პროექტი და მომზადებული დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა, მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე კვლავაც გაგრძელდება.

"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით და ეს პოზიტიური განვითარებაა. ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ", — აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა პოზიციების დაახლოებითი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.