ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ფართო გავრცელების გამო, 2020 წელი გლობალური ტურისტული სექტორის მნიშვნელოვანი ვარდნით წარიმართა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ქვეყანამ საზღვრები 2020 წლის 16 მარტიდან სრულად ჩაკეტა, რამაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ტურისტების ნაკადების შემცირებაზე.

აღნიშნულმა საკითხებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც გლობალურ, ასევე საქართველოს ტურისტულ მაჩვენებლებზე.

საერთაშორისო ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის, Kudos Georgia-ს პარტნიორის, ირაკლი ჟვანიას შეფასებით, ტურიზმის სექტორის ამოქმედების ტემპებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინაციის დაჩქარებას ენიჭება.

როგორ შეცვალა კორონავირუსის გავრცელებამ ტურიზმის სექტორი?

ქვეყნებს შორის გართულებული და რიგ შემთხვევაში სრულად შეჩერებული მიმოსვლის გამო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (World Tourism Organization) მონაცემებით 2020 წელს საერთაშორისო მიმოსვლა 74%-ით შემცირდა, რამაც ტურისტული სექტორის ბრუნვა 1,3 ტრილიონი დოლარით შეამცირა, ხოლო 2021 წლის იანვრის მონაცემებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებამ 87% შეადგინა.

როგორ იმოქმედა აღნიშნულმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე?

2019 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, რომ 2020 წელს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდებოდა, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთვარ მიმართულებას წარმოადგენს, მაგალითისთვის 2019 წელს საქართველომ საქონლის და მომსახურების ექსპორტიდან 9.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც ტურიზმის შემოსავალმა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი (34%) შეადგინა.

საქართველოს სასტუმროების სექტორის დაახლოებით 75% საერთაშორისო ტურიზმზე მოდის შესაბამისად საერთაშორისო ტურისტების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მინაცემებით 2020 წელს საქართველოში ჯამურად 1,7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 1,3 მილიონი ვიზიტორი ქვეყანას იანვარსა და მარტში ეწვია, წლის დანარჩენ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ძირითადად სატვირთო გადაზიდვებში ჩართული პირების ხარჯზე იზრდებოდა. შედეგად 2020 წელს ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 81% ით შემცირდა და 2010 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, შესაბამისად ტურიზმის სექტორმა დაახლოებთ 2,5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი ვერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების ნაწილი ფუნქციონირებას მხოლოდ ალტერნატიული შემოსავლის მიღებით ახერხებს, რაც შესაბამისის რეგულაციები მიხედვით მათ კოვიდ-სასტუმროებად გადაკეთებასთან არის დაკავშირებული.

როგორი ტენდენციით ხასიათდება 2021 წელი?

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 134 000
ვიზიტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 90%-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 თებერვლიდან COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, ასევე გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი საიდანაც ტურისტებს კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა. თუმცა მიუხედავად იმისა რო ყოველთვიურად იზრდება ფრენების სიხშირე და ემატება სხვდასხვა ქალაქებიდან ფრენები ვიზიტორების არსებითი ზრდა არ მომხდარა, აღნიშნულის შემაფერხებელი ფაქტორები სხვადასხვაგვარია და დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის ხელშესაწყობად?

ტურიზმის სექტორის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში უნდა დაჩქარდეს ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესი. მართალია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს მაისიდან ტურიზმის ინდუსტრია დაემატა თუმცა ვაქცინაციის ნელი ტემპისა და სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით (დაახლოებით 150 000 ადმიანი) აღნიშნული გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონისთვის ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სრულად ვაქცინაცია (2 დოზის მიღებას) გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის რამდენიმე კვირიანი შუალედია საჭირო.

მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის გაცილებით უკეთ მოემზადოს.

იმისათვის, რომ ტურისტულმა ობიექტებმა (რომელთა რიცხვი 1 წლიანი კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა) ზამთრის სეზონამდე მიღწევა შეძლონ, ქუდოს ჯორჯიას მოსაზრებით, შესაძლებელია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები — საჰაერო მიმოსვლის პარალელურად მოიხსნას შეზღუდვა სახმელეთო მიმოსვლაზე, კვების ობიექტების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან ხელშემწყობად მიგვაჩნია კომენდანტის საათის გადაწევა, ასევე შაბათ-კვირის განმავლობაში სტუმრების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გააგრძელოს და საჭიროებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გააღრმავოს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი რომელსაც წინა წლიდან ახორციელებს.