საფონდო ბირჟის 11 სექტორი, რომლის შესახებ უნდა იცოდე, თუ ინვესტირებას აპირებ
საფონდო ბირჟაზე შეხვდებით სხვადასხვა სახის აქციას, რომელიც რამდენიმე სექტორში ერთიანდება. გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტის (GICS) მიხედვით, საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქციებს 11 სექტორად ყოფენ — ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით.
ენერგეტიკის სექტორი
ენერგეტიკის სექტორში ის კომპანიები ერთიანდება, რომლებიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში საქმიანობენ. აქ ვხვდებით არა მხოლოდ ნავთობისა და აირის მომპოვებელ კომპანიებს, არამედ ისეთი ფირმებსაც, რომლებიც სხვადასხვა სახის საწვავს აწარმოებენ. გარდა ამისა, ენერგეტიკის სექტორში ისეთი ბიზნესებიც შედიან, რომლებიც ნავთობისა და გაზის მწარმოებელ კომპანიებს დამხმარე აღჭურვილობით, ტექნიკით, მასალებითა და სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფენ. საკვირველია, მაგრამ აღნიშნული სექტორი არ მოიცავს განახლებადი ენერგიის კომპანიებს. მათ კომუნალური მომსახურების სფეროს მიაკუთვნებენ.
ამერიკის ენერგეტიკის სექტორის ორი დიდი წარმომადგენელია: ExxonMobil (NYSE:XOM) და Chevron (NYSE:CVX). ხოლო მთლიანად ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება შეგიძლიათ ისეთი გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, XLE (Energy Select Sector SPDR Fund).
მასალების სექტორი
მასალების სექტორში ისეთი კომპანიები ერთიანდებიან, რომლებიც წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის საქონელს ქმნიან. ეს შესაძლოა იყოს ქიმიკატები და სამშენებლო პროდუქცია, ასევე კომპანიები, რომლებიც ქაღალდსა და ხის მასალებს აწარმოებენ. მოკლედ, ეს სექტორი ყველა იმ კომპანიას და შესაბამისად, მათ აქციებს მოიცავს, რომლებიც საწარმოო საქონელს ამზადებენ. გასათვალისწინებელია, რომ ამ სექტორში ფულის დაბანდება ისეთ გეოგრაფიულ არეალშია ხელსაყრელი, სადაც წარმოება განვითარებულია.
მასალების სექტორის წარმომადგენელი ორი ცნობილი კომპანიაა საღებავების მწარმოებელი Sherwin-Williams (NYSE:SHW) და ქიმიკატების მწარმოებელი DuPont (NYSE:DD). მთლიანად მასალების სექტორში ინვესტირება შეგიძლიათ ისეთი ETF-ის გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, XLB (Materials Select Sector SPDR ETF).
ინდუსტრიული სექტორი
ინდუსტრიული სექტორი დიდი მასშტაბის მქონე ბიზნესებს მოიცავს. ასეთი შეიძლება იყოს აქციები სატრანსპორტო სფეროში — ავიაკომპანიები, რკინიგზა, ლოჯისტიკური ფირმები. ინდუსტრიული სექტორი აერთიანებს სამეცნიერო, სამშენებლო და საინჟინრო ფირმებს. მეტიც, აქ ელექტრონული მოწყობილობებისა და სხვადასხვა დანადგარების მწარმოებლებიც ხვდებიან. ასევე, ეს სექტორი მულტინაციონალურ კონგლომერატებსაც მოიცავს.
ამერიკული ინდუსტრიული სექტორის ორი უდიდესი წარმომადგენელია Boeing (NYSE:BA) and Union Pacific (NYSE:UNP). ინდუსტრიულ სექტორში ინვესტირების შესაძლებლობას მოგცემთ ისეთი ETF, როგორიცაა, მაგალითად, XLI (Industrial Select Sector SPDR Fund).
ჯანდაცვის სექტორი
ამ სექტორში ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფენ. პირველში ერთიანდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტულ და სხვა სახის სამკურნალო საშუალებებს აწარმოებენ. ასევე, ამ მიმართულებას ეკუთვნის კლინიკური კვლევებისთვის საჭირო მასალების დამზადებაც. რაც შეეხება სექტორის მეორე ნაწილს, აქ სამედიცინო აღჭურვილობა, ქირურგიული საშუალებები და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება შედის.
როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შედეგადაც სექტორში შემავალ ყველა კომპონენტზე მოთხოვნამ იმატა. მართალია, პანდემიამ ეკონომიკის ბევრი სექტორი დააზარალა, მაგრამ თუ ჯანდაცვას როგორც ბიზნესს შეხედავთ, მიხვდებით, რომ მასში ინვესტირებისთვის ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები არიან ორი ისეთი ცნობილი კომპანიის აქციები, როგორებიცაა Pfizer Inc. (NYSE: PFE) და AstraZeneca plc (LON: AZN). ჯანდაცვის სექტორში ინვესტირება შესაძლებელია XLV (Health Care Select Sector SPDR Fund)-ის დახმარებით.
კომუნალური მომსახურების სექტორი
ამ სექტორში ისეთი კომპანიები შედიან, რომლებიც მომხმარებლებს ელექტროენერგიის, გაზისა თუ სხვა სახის მომსახურებას უწევენ. მათგან ზოგიერთი კომპანია ერთი მიმართულებით მუშაობს, ნაწილი კი რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებიც კომუნალური მომსახურების სექტორში შედიან. ბევრ ქვეყანაში კომუნალურ მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირებისას ისეთი ბაზარი შეირჩეს, სადაც ამ მიმართულებაზე მოთხოვნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შემცირდება.
კომუნალური მომსახურების სექტორში ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა XLU (Utilities Select Sector SPDR Fund).
უძრავი ქონების სექტორი
უძრავი ქონების სექტორი ორი სახის საინვესტიციო მიმართულებას მოიცავს. კომპანიების ერთი ნაწილი ახალი პროექტების შექმნასა და მათ მართვაზე არიან ორიენტირებულნი. გარდა ამისა, არსებობენ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ და უძრავი ქონების სექტორს მიეკუთვნებიან.
უძრავი ქონების სექტორში ინვესტირება შეგიძლიათ ისეთი ETF-ის გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად VNQ (Vanguard Real Estate Index Fund).
ფინანსური სექტორი
ამ სექტორში ფინანსების მართვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ერთიანდებიან. ფინანსური სექტორის გამწევი ძალა ბანკებია, თუმცა აქ სადაზღვევო კომპანიებს, საბროკერო სახლებს, უძრავი ქონების იპოთეკურ ფირმებსა და სხვადასხვა ფინანსურ კომპანიებსაც შეხვდებით. ფინანსურ სექტორში ინვესტირება არასდროს არის ცუდი იდეა, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც რისკების გააზრება, სწორი დროისა და ადგილის მოძებნაა საჭირო.
ფინანსური სექტორს ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიც არიან Berkshire Hathaway (NYSE:BRK-B) და JPMorgan Chase (NYSE:JPM). ფინანურ სექტორში ინვესტირების კარგი საშუალებაა XLF (Financial Select Sector SPDR Fund).
მომხმარებელთა დისკრეციული სექტორი
ამ სექტორში გაერთიანებული კომპანიები ისეთი სახის პროდუქტსა და მომსახურებას ქმნიან, რომლებზე მოთხოვნაც მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. აქ შეხვდებით როგორც ძვირადღირებული ნივთების რეალიზატორებს, ასევე ხელმისაწვდომი საქონლის მწარმოებელ ფირმებს. მომხმარებელთათვის ამ სექტორში წარმოებული საქონლისა და მომსახურების შეძენა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. მომხმარებლის ქცევის შესწავლა ბაზარზე დაკვირვების შედეგად არის შესაძლებელი. თუ ამ სფეროში ინვესტირებას გადაწყვეტთ, შეარჩიეთ ისეთი კომპანიები, რომლებიც ადამიანების კეთილგანწყობით სარგებლობენ — როდესაც ბიზნესი მომხმარებელთა არმიაზეა დამოკიდებული, კომპანიის წარმატებაში მისივე იმიჯი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ამ სექტორის ორი ცნობილი წარმომადგენელია — McDonald's Corp. (NYSE: MCD) და Nike Inc. (NYSE: NKE), ხოლო სექტორში ინვესტირება შესაძლებელია ერთ-ერთი ისეთი ETF ფონდის დახმარებით, როგორიცაა XLY (Consumer Discretionary Select Sector SPDR Fund).
მომხმარებელთა საჭიროების სექტორი
ეს სექტორი მოიცავს ისეთ საქონელსა და მომსახურებას, რომელთა შეძენაც მომხმარებელთათვის აუცილებელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ სექტორში წარმოებული საქონელი ადამიანების პირველად მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ეს შეიძლება იყოს საკვებისა და სასმლის, თამბაქოს, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პირადი მოხმარების საქონელი. ამ სექტორში ის სუპერმარკეტებიც შედიან, რომლებიც აღნიშნული პროდუქტების რეალიზაციით არიან დაკავებულნი.
ამ სექტორში შემდეგ კომპანიებს შეხვდებით: Coca-Cola (NYSE:KO) და Procter & Gamble (NYSE:PG). სექტორის ყველაზე პოპულარული ETF არის: XLP (Consumer Staples Select Sector SPDR Fund).
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი
ამ სექტორში შემავალი კომპანიები ტექნო-ინოვაციურ საქმიანობას ეწევიან. აქ შეხვდებით ისეთ ფირმებს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, ასევე ხელშესახები ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე.
21-ე საუკუნეს ციფრული ტექნოლოგიების ერასაც უწოდებენ. ამ მიმართულების პერსპექტიულობაში ეჭვი არავის ეპარება. ამ სექტორში ინვესტირების შემთხვევაში გზის გაკვალვა მძიმე კონკურენციაში მოგიწევს. თუ სირთულეები არ გაშინებს, გამოწვევების შესაძლებლობად ქცევა შეგიძლია და მუდმივი განვითარებისკენ ისწრაფვი, მაშინ ეს სექტორი შენთვის იდეალურია.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორს წარმოადგენენ Apple (NASDAQ:AAPL) და Microsoft (NASDAQ:MSFT). ერთ-ერთი ETF რომელიც გაძლევთ საშუალებას ამ სექტორში განახორციელოთ ინვესტიცია არის VGT (Vanguard Information Technology ETF).
საკომუნიკაციო მომსახურების სექტორი
საკომუნიკაციო სექტორში შემავალი ფირმები ადრე სხვა სექტორებს მიეკუთვნებოდნენ, თუმცა ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, ისინი ცალკე დაჯგუფდნენ. ეს სექტორი ყველა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას მოიცავს. ამასთან, სექტორის დიდ ნაწილს მედიაც იკავებს, რომელშიც შედის როგორც ტელევიზია და რადიო, ასევე ონლაინ გამოცემებიც. გლობალიზაციის პროცესში საკომუნიკაციო სექტორი მნიშვნელოვნად დაწინაურდა. გარდა ამისა, პანდემიამ ამ სექტორში არსებული მოთხოვნა საკმაოდ გაზარდა. თანამედროვე ადამიანს ინფორმაცია მუდამ სჭირდება. ამასთან, ახალმა ტექნოლოგიებმა სექტორის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. დაფიქრდით, იქნებ ამ მიმართულებაში ფულის დაბანდება ახლა ნამდვილად ხელსაყრელი იყოს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სექტორს მიეკუთვნებიან Facebook (NASDAQ:FB) და Alphabet (NASDAQ:GOOGL). საკომუნიკაციო სექტორში თანხის დაბანდება შეგიძლიათ ისეთი ETF-ის დახმარებით, როგორიცაა IYZ ( iShares U.S. Telecommunications ETF).
უნდა აღინიშნოს, რომ აქციების კატეგორიებად დაყოფას მსგავსი ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიების ერთმანეთთან მარტივად შედარებისთვის იყენებენ. სექტორული დაყოფა ნათლად აჩვენებს იმასაც, სად იშოვება მეტი ფული და რომელ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები არიან ყველაზე მეტად წარმატებულნი.
გაითვალისწინეთ, აქციების სექციებად დალაგება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები