თუ 4 ოსკარის მფლობელ ფილმი Parasite გიყვართ, მისი რეჟისორის — ბონგ ჯუნ ჰოს სახელი თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება. საქვეყნოდ აღიარებული ნამუშევრის შემდეგ, სამხრეთ კორეელი რეჟისორი ანიმაციის სამყაროში შეაბიჯებს და გულშემატკივრებს კორეულენოვან ანიმაციურ ფილმს შესთავაზებს.

ბონგ ჯუნ ჰო ანიმაციურ ფილმზე ვიზუალური ეფექტებისა და ანიმაციის სტუდია 4th Creative Party-სთან ერთად იმუშავებს. ბონგი აღნიშნულ კომპანიასთან ფილმების — The Host-ის, Snowpiercer-ისა და Okja-ზე მუშაობისას თანამშრომლობდა. რეჟისორის ახალი გეგმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Screen Daily-მ გაავრცელა. თანამშრომლობის შესახებ გეგმები კომპანიამ დაადასტურა.

Screen Daily-ის მიხედვით, ახალი ანიმაციური ფილმი წყალქვეშა სამყაროს ბინადრებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი აღნიშნულ პროექტზე 2018 წლიდან მუშაობდა და სცენარის წერა იანვარში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ბონგ ჯუნ ჰომ დაადასტურა, რომ პარაზიტის შემდეგ ორი პროექტიდან ერთ-ერთზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა. ამასთან, 2020 წელს რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პროექტი კორეულენოვანი იყო, რომელშიც მოქმედება სეულში მიმდინარეობს. რეჟისორის თქმით, პროექტში მაყურებლები ჰორორისა და ექშენის უნიკალურ ელემენტებს იხილავენ. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ პროექტში ბონგ ჯუნ ჰო ანიმაციურ ფილმს გულისხმობდა.

ჯერჯერობით ანიმაციური ფილმის შესახებ კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა.