10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 პალესტინელი, მათ შორის, 12 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 233 ადამიანი. ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტაკების შედეგად კი 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ქალი და ორი ბავშვი.

ამასთან, Times of Israel-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ხოლო ისრაელმა 500 შეტევა განახორციელა.

ღაზის სექტორი

ფოტო: AP Photo / Khalil Hamra

რატომ გამწვავდა სიტუაცია

ისრაელსა და პალესტინას შორის ტერიტორიული კონფლიქტი 70 წელზე მეტს ითვლის. ხანგრძლივი დაპირისპირების სათავედ მიჩნეულია 1947 წელი, როცა გაერომ პალესტინის ორად — ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად გაყოფას დაუჭირა მხარი. 1948 წლის 14 მაისს კი ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა.

მეორე დღეს, 15 მაისს მას ომი გამოუცხადა არაბულმა კოალიციამ — ეგვიპტემ, ტრანსიორდანიამ, საუდის არაბეთმა, ერაყმა, სირიამ, ლიბანმა და იემენმა. დაპირისპირება ისრაელის გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადაც მან რამდენიმე ტერიტორია შემოიერთა. მნიშვნელოვანი იყო 1967 წელს მიმდინარე 6-დღიანი ომიც, რა დროსაც ისრაელმა რეგიონში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და კონტროლი მოიპოვა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და სხვა ტერიტორიებზე.

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება იყო 2014 წელსაც. დღევანდელი კონფლიქტის მსგავსად, მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

ალ-აკსას მეჩეთი

ფოტო: AP Photo/Mahmoud Illean

ბოლო დღეებია მხარეებს შორის დაპირისპირება კვლავ გამწვავდა. თავდაპირველად შეტაკებები 7 მაისს, პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაიწყო. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და ახლა გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას.

კერძოდ, ერთ-ერთი ორგანიზაცია შეიხ ჯარას უბანში მცხოვრები პალესტინელების გამოსახლებას ითხოვს. ის 1970 წლის კანონის თანახმად დავობს, რომ 1948 წლამდე ამ მიწის მფლობელები ებრაელი ოჯახები იყვნენ, ამიტომ, მათი განცხადებით, ამჟამად იქ მცხოვრებმა პალესტინელებმა ტერიტორია უნდა დატოვონ და მიწები ებრაელებს გადასცენ. რაც შეეხება პალესტინელებს, ისინი ამბობენ, რომ არსებული კანონი არ აძლევს საშუალებას იდავონ მათი საკუთრების დასაბრუნებლად, რომელიც 40-იან წლებში ებრაელ ოჯახებთან დაკარგეს.

უცხოური მედიების ცნობით, ვითარება იერუსალიმში სწორედ ამ საკითხის ირგვლივ დაიძაბა, რასაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მოჰყვა. AP News პალესტინის წითელი ნახევარმთავრის საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების დროს 136 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 83-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ორგანიზაციის განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობას პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებით სახე ჰქონდა დაზიანებული.

მედიის განცხადებით, პარასკევს ანუ იმ დღეს, როცა მუსლიმი მიმლოცველები საღამოს ლოცვას ასრულებდნენ, ალ-აკსას მეჩეთთან დიდი რაოდენობით პოლიციაც იყო მობილიზებული. გამოცემა მიუთითებს, რომ უცნობია, ზუსტად რამ და როდის გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა, თუმცა აღწერს, რომ მომლოცველები პოლიციას სკამებს, ფეხსაცმელებსა და ქვებს ესროდნენ. პარალელურად, სამართალდამცავები მათ წინააღმდეგ ხელმყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ.

8 მაისი

ფოტო: AP Photo/Oded Balilty

გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციები მომდევნო ორი დღეც გაგრძელდა, რა დროსაც ათეულობით მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.

უკვე საჰაერო შეტაკებების დაწყებამდე, ორშაბათს ისრაელში იერუსალიმის დღე, ანუ 1967 წელს ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმზე კონტროლის დამყარება აღინიშნებოდა. მარში ყოველწლიურად იმართება, რა დროსაც, ახალგაზრდები დროშებით მშვლელობას აწყობენ და პატრიოტულ სიმღერებს მღერიან. ამას ბევრი პალესტინელი მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. ბოლო დროს პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე კი, იყო მოლოდინი, რომ ამ დღის აღნიშვნა სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

როგორც BBC-ის ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, იერუსალიმში დაძაბულობა დილიდან დაიწყო. პალესტინელები მთელი ღამის განმავლობაში ალ-აკსას მეჩეთში იყვნენ და სალოცავს პოლიციელთა შეჭრისგან იცავდნენ. ისრაელის პოლიციის ცნობით, აქტივისტებს თან ჰქონდათ ბარიკადები, ქვები, მოლოტოვის კოქტეილები და იერუსალიმის დღეს დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ. მედიაში წერდნენ, რომ სამართალდამცავებმა შენობაში შესვლის ბრძანება მიიღეს და აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთავრის საზოგადოების განცხადებით, დაპირისპირების დროს 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. 228 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან 7 მძიმე მდგომარეობაში იყო. ისრაელის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ დაშავდა პოლიციის 21 ოფიცერიც.

გარდა ამისა, იმავე დღეს, დაძაბულობა იყო ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხაიფაში და დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალას მახლობლადაც.

BBC-ის ცნობით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ეს არის ბრძოლა "ტოლერანტობასა და შეუწყნარებლობას, უკანონო ძალადობასა და წესრიგს შორის". პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა კი ისრაელის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ისრაელის "საოკუპაციო ძალების შტურმი" სალოცავსა და მომლოცველებზე "ახალი გამოწვევაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის".

რა მოხდა 10 მაისს

მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, პალესტინულმა ისლამურმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა. მათ ისრაელი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მეჩეთისა და აღმოსავლეთ იერუსალმის მიმდებარე ტერიტორიას საღამოს 6 საათისთვის არ დატოვებდნენ, თავდასხმას განახორციელებდნენ.

ულტიმატუმის პირობები ისრაელს არ შეუსრულებია, რის შემდეგაც ღაზის სექტორმა იერუსალიმის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა. ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელს "წმინდა ქალაქში მათი კრიმინალური და აგრესიული ქმედებების, ასევე, პალესტინელების შევიწროებისთვის" დაარტყეს. ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლა ისლამურმა ჯიჰადმაც.

ფოტო: AP Photo / Khalil Hamra

საპასუხო შეტევა განახორციელა ისრაელმაც, რის შედეგადაც, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალები მომხდარს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჰამასი საკუთარ ქმედებებზე "პასუხს აგებდა". აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუმმაც და თქვა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის შემოტევას უპასუხებდა.

"ჩვენ არ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაზე, ხალხსა და სამხედროებზე. [...] ვინც თავს გვესხმის, მძიმე საფასურს გადაიხდის", — თქვა მან.

საჰაერო თავდასხმები არც მოგვიანებით შეწყვეტილა. ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, რკინის გუმბათების სარაკეტო თავდაცვის სისტემის დახმარებით, ქალაქ აშქელონის თავზე ღაზის სექტორის მიერ ნასროლი რაკეტების ჩამოგდებას თავიდან იცილებდნენ. რკინის გუმბათი ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმას მანამდე გააგრძელებენ, სანამ მათი "მისია არ აღსრულდება". მისი თქმით, ისრაელი გეგმავს განახორციელოს მთელი რიგი დარტყმები ჰამასისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ, რათა "აღდგეს გრძელვადიანი და სრულფასოვანი სიმშვიდე".

პარალელურად, 10 მაისის საღამოს დაძაბულობა გაგრძელდა აქტივისტებსა და პოლიციას შორის. უცხოური მედიის ცნობით, დაპირისპირების დროს 15-მდე ადამიანი დააკავეს. მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ აქტივისტები იყენებდნენ ქვებს, ისროდნენ ფეიერვერკებსა და ბოთლებს.

ტვიტერზე მომხმარებლები ვითარების ამსახველ ვიდეობსაც ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ მაშინ, როცა დაპირისპირება გამწვავებული იყო და შეტაკებები მიმდინარეობდა, მოქალაქეთა ნაწილი პარალელურად სიმღერას არ წყვეტდა.

მოგვიანებით, ჰამასმა ისრაელს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა. ამჯერად, ძალების ტერიტორიებიდან გაყვანის ვადად ღამის 2 საათი დათქვა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ შეტაკებებს განახორციელებდა, თუმცა ისრაელმა არც მორიგი ულტიმატუმის პირობები შეასრულა და სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდა გვიან ღამითაც.

ისრაელი

ფოტო: AP Photo / Heidi Levine

Times of Israel-ის ცნობით, ჰამასმა საჰაერო შეტაკებების დაწყებიდან მეორე 11 მაისს განაცხადა, რომ 5 წუთში 137 რაკეტა ისროლეს. ორგანიზაცია ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ცეცხლს არ შეწყვეტენ, "ბევრი სიურპრიზი" ექნებათ. დაჯგუფების თქმითვე, ღაზის სექტორზე განხორციელებულ ისრაელის საპასუხო თავდასხმას მათი ორი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ორი ლიდერის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. მათი განცხადებით, მოკლულია ჰამასის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ჰასან კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა. უწყების ინფორმაციითვე, მათ კიდევ ერთი მეთაური, ფაიკ შარირი მოკლეს.

11 მაისს დაიბომბა თელ-ავივიც, ხოლო ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ისრაელის ცნობით, შენობაში ჰამასის ლიდერები იმყოფებოდნენ.

11 მაისს სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით იქ მცხოვრები პალესტინელები გამოვდინენ ქუჩებში, დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა. ლოდის მერმა ვითარება "სამოქალაქო ომად" შეაფასა.

ისრაელში რამდენიმე სკოლამ დასვენების დღეები გამოაცხადა და მოსწავლეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ აშქელონის მოსახლეობასაც. ქალაქისკენ მიმართული ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების გამო, მთავრობამ მათ თავშესაფრებში დარჩენის თხოვნით მიმართა.

საერთაშორისო გამოხმაურებები

მხარეებს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ სწრაფი იყო საერთაშორისო გამოხმაურებები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ორივე მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ბლინკენთან ერთად იმყოფებოდა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აიმან საფადიც, რომელმაც სიტუაცია "ექსტრემალურად საშიშად" შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი ახლა დეესკალაცია, საერთაშორისო კანონმდებლობისა და პალესტინელთა უფლებების დაცვაა.

ისრაელი

ფოტო: AP Photo/Heidi Levine

შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმაც და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ისრაელსა და პალესტინას კონფლიქტის მოგვარებაში გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაეხმარონ.

"ანტონიო გუტიერესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ძალადობაზე, რომელიც ოკუპირებულ იერუსალიმში გრძელდება. ის მოუწოდებს ისრაელს, რომ შეწყვიტოს დანგრევა და გამოსახლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად", — ნათქვამია განცხადებში.

მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები კატეგორიულად მიუღებელია.

რაც შეეხება საქართველოს, ისრაელში არსებულ დაძაბულობაზე ტვიტერზე დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და თქვა, რომ დეესკალაციას "ალტერნატივა არა აქვს".

"საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და რეგიონში ფართომასშტაბიან სტაბილურობას. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არა აქვს", — წერს ის.


საჰაერო შეტაკებები და დაპირისპირება მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს საელჩომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაიცვან უსასფრთხოების ზომები და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.