ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, სპეცოპერაცია ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ წარმატებით სრულდება.

"თქვენ, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ თავის დროზე, არ ვიცი რა დავარქვა, თუ არა ბაქიბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, არ დათანხმდებოდა გირაოს და უამრავჯერ შეცვალა მათ შორის ეს პოზიცია და თუ მან ახლა შეცვალა მორიგ ჯერზე ეს პოზიცია, რომ მიიღებს გირაოს და გირაოს პირობებს დათანხმდება, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, თავი ჩაიგდო ძალიან სასაცილო და ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ის დაეთანხმა იმას, რომ პრაქტიკულად ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, რადგან მის ნებას დაჰყვა. ნაციონალური მოძრაობის რეალური თავმჯდომარის სურვილებსა და გეგმებში ჩაჯდა და ახლა უკვე ცდილობს რამენაირად თავი დაიძვრინოს იმ თავისი არასწორი პოზიციებიდან, რაც თავის დროზე დააფიქსირა და უამრავჯერ შეცვალა მათ შორის თავად ეს პოზიციებიც. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, ძალიან კარგია, როგორც ჩანს, სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება", — განაცხადა მდინარაძემ.

ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამნეტში შესვლას გულისხმობდა ხელი არ მოაწერა. მათ თქვეს, რომ დოკუმენტს ხელს პარტიის ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ, თუმცა, აქამდე დაზუსტებით პარტიის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ მელიას გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებდნენ.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა. 30 აპრილს მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის საქმიანობაში აქტიურ ჩართვაზე მელიას გათავისუფლებამდეც უნდა იმსჯელოს.

გაიგეთ მეტი: