აუდიტორია 115-ის ერთი წელი
2016 წლის მარტში, როდესაც სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 ჩამოყალიბდა, მათ ბრძოლას თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის წინააღმდეგ, თავიდანვე არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა. აქ იყო გაერთიანებული ყველა ერთი პრობლემის წინააღდეგ. ჩამოყალიბებიდან ძალიან მალე მოძრაობა უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა და სოციალური საკითხების ფლანგზე, "ჩაგრულთა" მხარდასაჭერად, როგორც თავად ამბობდნენ, სისტემის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. წევრების თქმით, აუდიტორია 115 თითქმის ერთი წელია "სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესში მონაწილეობს." ერთი წლის თავზე აუდიტორია 115 ვიწრო, თუმცა ამავე დროს, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საზოგადოებრივი მოძრაობად იქცა. ამასთან, რადიკალურმა ნაბიჯებმა, სპონტანურობამ და სხვა ფაქტორებმა მოძრაობას ბევრი პრობლემა შეუქმნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობილი, მასშტაბური აქციები, 2016 წლის 7 მარტს დაიწყო, თუმცა პროტესტი და გასაპროტესტებელი მიზეზიც მანამდეც, ბევრი წლის განმავლობაში არსებობდა. თსუ-ის თვითმმართველობის მიერ მორიგ ტრენინგზე დახარჯული 24 600 ლარი, სტუდენტების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რამაც ბიძგი მისცა პროტესტის ახალ ტალღას.
სტუდენტური მოძრაობის მიზნები თავიდანვე იყო კონკრეტული და ემსახურებოდა მთავარს - შეცვლილიყო თვითმმართველობის სისტემა და შეზღუდულიყო მისი ძალაუფლება. თუმცა, იყო სხვა მიზნებიც. თვითმმართველობის მოწინააღმდეგე სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ თვითმმართველობა, სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, უსამართლოდ სარგებლობდა დიდი ფინანსური რესურსითა და შესაბამისად, ძალაუფლებით.
"აუდიტორია 115 შექმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი სტუდენტები და ლექტორები აუდიტორია 115-ის მოძრაობიდან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით", - წერდნენ სტუდენტები 2016 წლის 16 მარტს გამოქვეყნებულ მანიფესტში და ასევე, მოითხოვდნენ:
- აკადემიური საბჭოს დაშლას, მისი სტუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზებას;
- თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით;
- აკადემიური საბჭოს გარდა საკანონმდებლო ცვლილებებს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესთან დაკავშირებით;
- საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან.
სტუდენტების პროტესტმა თსუ-ის რექტორის გადაგდომა გამოიწვია, მოგვიანებით შეიცვალა განათლების მინისტრიც. 2017 წელს თსუ-ში სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. ასევე, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად.
რამდენიმე დღის წინ აუდიტორია 115-ის კიდევ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პარლამენტის განათლების საკითხების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლის ცვლილების კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩეს სტუდენტების, სულ მცირე, 10 პროცენტის მიერ. თუმცა, უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა სახით იფუნქციონირებს სტუდენტური ორგანიზაცია. ახალი ცვლილება სტუდენტებს თანაბარ უფლებას აძლევს, იყვნენ არჩეული როგორც სენატში, ისე - საფაკულტეტო საბჭოში. პროექტით, ასევე უზრუნველყოფილია სტუდენტების უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეთ რესურსებთან ინიციატივების დაფინანსებისთვის. კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ აუდიტორია 115-მა თსუ-ის მეექვსე კორპუსის სამთვიანი პიკეტირებაც შეწყვიტა.
აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრი, ლევან ლორთქიფანიძე მოძრაობის მთავარ მიღწევად ხედავს იმას, რომ მისი თქმით, ადამიანებმა გაიცნეს ერთმანეთი და დაუკავშირდნენ სხვა ჩაგრულ სოციალურ ჯგუფებს:
"ჩვენ შორის არიან სტუდენტები, რომლებიც არიან ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ანუ ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც სოც-პოლიტიკურ საკითხებთან ნაკლები კავშირი აქვთ. მოხდა ადამიანების სოციალიზაცია. საზოგადოებასთან დაკავშირებული რაღაცები გაიგეს და დამატებითი პოლიტიკური ღირებულებები ჩამოუყალიბდათ ადამიანებს, თავიანთი ხედვა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით."
მოძრაობის სოლიდარობამ მუშების მიმართ, ბიძგი მისცა ფრესკოსა და ბიბლუსის თანამშრომლებს, საჯაროდ გამოეხატათ უკმაყოფილება შრომით პირობებზე. აუდიტორია 115-ის წევრები მიიჩნევენ, რომ მათ მოახერხეს სოლიდარობის ერთიანი მუხტის ჩამოყალიბება.
"ბიბლუსი, ფრესკო, რუსთავის აზოტი - ამ პროტესტებში ჩართვა სწორედ იმ ადამიანების თხოვნით მოხდა, ვინც საკუთარი თავი ჩაგრულად იგრძნო იმ კონკრეტულ შემთხვევაში,"- ამბობს ირაკლი კუპრაძე, აუდიტორია 115-ის კიდევ ერთი წევრი.
სტუდენტური პრობლემებთან ერთად ყურადღების გამახვილებამ სოციალურ საკითხებზე, გამოიწვია მოძრაობიდან იდეოლოგიურად განსხვავებული ადამიანების ჩამოშორება.
"ჩვენ ვებრძვით სისტემას და ეს სისტემა აუცილებლად დამარცხდება"; "ერთი რამე იცოდე - კერძო საკუთრება წყვეტდა აქამდე და დღეიდან წყვეტს ხალხი და მაგ ტერმინებით საუბარს ვეღარ გაბედავს ვერც ერთი მესაკუთრე"; "ბანკი ყველას მიწვდა, ბანკი ყველას ჩაგრავს - სოლიდარობა მშრომელებს"; - ეს ფრაზები აუდიტორია 115-ის ცალკეულ წევრებს ეკუთვნით. მათი ამ რადიკალური და ერთგვარი რევოლუციური შემართების გამო, სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც მაინც და მაინც არ იზიარებს მოძრაობის მსგავს იდეებს, თანდათან ჩამოშორდა მათ.
პოლიტოლოგის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, აუდიტორია 115-ის ქმედებებს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხუთწუთიანი პირდაპირი ეთერის მოთხოვნას, აქვს პოლიტიკური ხასიათი, რომელშიც ყველას არ სურს მონაწილეობა. მისივე თქმით, აუდიტორია 115-მა მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობის სახე, რომელიც თითქოს მიმართულია, რომ მომავალში ახალი პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს.
"ეს შთაბეჭდილება როცა რჩება, ბუნებრივია, ეს არ უბიძგებს ხალხს ჩართულობისკენ," - ამბობს კაკაჩია On.ge-სთან ინტერვიუში, - "სტუდენტების ჩართულობა კი მნიშვნელოვანია, თუ აუდიტორია 115 მათი სახელით საუბრობს".
"თუ ჩვენ ამ პრობლემებს სისტემურად არ მივუდგებოდით, ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა რეალური შედეგის მიღწევა, რომელიც მართლაც მოიტანდა შედეგებს. ასევე, ჯგუფი იქნებოდა ძლიერი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მხოლოდ თვითმმართველობას, მშრალ ინსტიტუციას აღარ ვებრძოდით," - განმარტავს აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე. მისივე თქმით, აუცილებელი იყო, რომ შინაარსობრივად ბრძოლა ყოფილიყო გამართული და სხვადასხვა ფლანგზე გასულიყო.
დღეს აუდიტორია 115 საკუთარ თავს განიხილავს მემარცხენე ღირებულებების მქონე ჯგუფად. "ასე ხდება უნებლიედ და ნებსითაც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ღირებულებები, რეალურად, ამ საფუძვლებზე დგას. უბრალოდ, ჩვენ დღემდე არ გვაქვს დეკლარირებული იდეოლოგიური ხაზი იმიტომ, რომ ეს არის სტუდენტური მოძრაობა," - აღნიშნავს კუპრაძე.
ამასთან, აუდიტორია 115 ამტკიცებს, რომ მოძრაობა ხასიათდება ძალიან დიდი შიდა პლურალიზმით. მათი თქმით, მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალურ დღის წესრიგს ემხრობიან, არიან მემარცხენე, ლიბერალური იდეების მქონე ადამიანებიც.
"შიდა მრავალფეროვნება ჩვენს შორის არსებობს და იმ თემებთან დაკავშირებით, სადაც გადაკვეთა არსებობს, სხვა იდეოლოგიის ადამიანები ისევ აუდიტორიის გვერდით დგანან, ასე რომ, არც ეს არის პრობლემა," - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, გასული წლის მარტში უფრო ემოციური ფონი იყო, მოძრაობა იყო მასობრივი და ტემპერატურაც სხვანაირი იყო, როგორც საზოგადოებაში, ისე - უნივერსიტეტშიც. ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ერთი მხრივ, იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი იყო პირადი საკითხები - სურდა დასაქმება, ტელეეკრანზე გამოჩენა და ასეთი ადამიანები დღეს მოძრაობის რიგებში არ ირიცხებიან. მეორე მხრივ, კი ყოველდღიურ აქტივიზმში ჩართვის ფუფუნება ბევრ ადამიანს არ აქვს.
კორნელი კაკაჩიას აზრით, "როგორც კი აუდიტორია 115-ის წევრები კიდევ უფრო გამოკვეთავენ თავიანთ იდეოლოგიურ ხედვას და ნელ-ნელა ეს პროცესი მიდის, დანარჩენი ჯგუფები კიდევ უფრო ჩამოშორდებიან ამ მოძრაობას. ალბათ, ბუნებრივი პროცესი შეიძლება იყოს და ლოგიკურიც კი, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივიღოთ მემარცხენე ტიპის ახალგაზრდული პოლიტიკური პარტია."
აუდიტორია 115 კი პოლიტიკურ მომავალს კატეგორიულად უარყოფს. ლორთქიფანიძის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ვინმე სადმე კენჭს იყრის, ამაზე პასუხისმგებლობას მოძრაობა ვერ აიღებს, თუმცა ამ ეტაპზე "ზოგადად მოძრაობას აქვს ალერგია ტერმინ პოლიტიკურ პარტიაზე და ეშენია ამ ტერმინის."
კაკაჩიას აზრით, აუდიტორია 115-ის წევრები შეიძლება იყვნენ რადიკალური. მთავარია რომ ამ რადიკალური ქცევით არ მოხდეს მათი მარგინალიზაცია იმიტომ, რომ მოთხოვნები რასაც ისინი აყენებენ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და მათ არსებობის უფლება აქვთ. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, შეკითხვა ჩნდება მეთოდებთან, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო პერიოდში. მისივე მოსაზრებით, თუ ამის მსგავსი ქმედებები მომავალშიც იქნება ამან შეიძლება ლეგიტიმაციის ეჭვ ქვეშ დააყენოს და მოძრაობის მარგინალიზება გამოიწვიოს.
რას მოითხოვს აუდიტორია 115 ახლა?
"ჩვენი ბრძოლის მიუხედავად, უნივერსიტეტში განათლების ხარისხის პრობლემა არსებობს. ჩვენი აზრით ხარისხს განაპირობებს პროფესორთა კვალიფიკაცია და შესაბამისი სამეცნიერო ტექნიკური ბაზა, რომელიც უნდა ჰქონდეს სტუდენტსა და ლექტორს," - განმარტავს ლევან ლორთქიფანიძე.
აუდიტორია 115 მოითხოვს:
- უნივერსიტეტში დაინერგოს გარე რეფერირების მექანიზმი, რომელიც გაცილებით უფრო დიდ სამეცნიერო კვლევით კონტროლს დაუწესებს თსუ-ის პროფესორებს და "ნებისმიერ, არც თუ ისე მაღალი რანგის მკვლევარს აღარ ექნება საშუალება, დაირქვას პროფესორის სახელი."
- პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, "რომლის გარეშე უნივერსიტეტი ვერ მოახერხებს სამეცნიერო ტექნიკური პროცესის წახალისებას."
- მაღალი და საშუალო რანგის ბიუროკრატიის შემცირებას - "პირველ კორპუსში თუ შემოხვალთ, პირველ სართულზე, სადაც ადრე სასწავლო აუდიტორიები იყო, ნელ-ნელა სხვადასხვა დეპარტამენტები იპყრობენ პირველ კორპუსს. ჩვენ არ ვსაუბრობთ დამლაგებლებსა და ასეთი დაბალი რანგის ბიუროკრატიაზე, რომელიც უნივერსიტეტს დიდ ტვირთად არ აწევს დაბალი ანაზღაურების გამო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მაღალი რანგის ბიუროკრატებზე."
- შრომის ინსპექციის შექმნას, "რომელსაც ექნება სანქციის გაცემის უფლება. დღეს შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხის მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ სასამართლოში და ის იწლება თვეობით და წლობით, ამასობაში ადამიანი შიმშილით კვდება."
- ბანკების შესახებ კანონის გამკაცრება - "ბანკებს არ აქვთ არაპროფილური საქმიანობის წარმოების უფლება. მიუხედავად ამისა, ბანკები სხვა სფეროებზე ახერხებენ მის გვერდის ავლას."
როგორც მოძრაობის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, "ეს არის პირველადი მონახაზები, თორემ აუდიტორია 115-ში ყოველდღიურად მიდის განხილვები სხვადასხვა ავტორების, სხვადასხვა თეორეტიკოსების, სხვადასხვა პრობლემების, რაც ქვეყანაში არსებობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე შევქმნათ გარკვეული სახის დოკუმენტი, სადაც ზოგადად ჩვენი ხედვები იქნება ჩამოყალიბებული ამ საზოგადოების განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკთხთან დაკავშირებით".
კომენტარები