და, აი, ისიც — ბეტელგეიზეს კომპანიონი ვარსკვლავის არსებობა დადასტურდა

ფოტო: International Gemini Observatory/NOIRLab/NSF/AURA
ღამის ცაზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ ბეტელგეიზეს შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დადასტურდა. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ სისტემაში მასთან ერთად სხვა მნათობიცაა, მაგრამ აქამდე ამის პირდაპირი მტკიცებულება არ მოგვეპოვებოდა. ახლა ასტრონომებმა ის ჯემინის ობსერვატორიის მეშვეობით ისტორიაში პირველად გადაიღეს.
ესაა ბევრად პატარა და მკრთალი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილი წითელი სუპერგიგანტი ობიექტის შესახებ არსებულ პროგნოზებში იდეალურად ჯდება. ბეტელგეიზე არაბულად "გიგანტის ხელს" ნიშნავს, ამიტომ ახალ კომპანიონს სივარჰა უწოდეს — "მისი სამაჯური".
ეს სისტემა ორიონის თანავარსკვლავედშია განლაგებული და ჩვენგან 548 სინათლის წელი აშორებს. ბეტელგეიზე სიცოცხლის ბოლო ეტაპზეა და 16-19 მზის მასა აქვს, რადიუსით კი მას დაახლოებით 764-ჯერ აღემატება. ის 10 მილიონი წლისაა, ანუ ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ უზარმაზარი მასის გამო, სასიცოცხლო რესურსი სწრაფად ამოწურა. ასეთი ობიექტები საბოლოოდ ფეთქდება და ნეიტრონულ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს წარმოქმნის.
ამ პროცესებზე მეტის გასაგებად ბეტელგეიზე ასტრონომთა სამიზნედ იქცა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისმა სიკაშკაშემ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 35-ით იკლო, რაც მის გარშემო არსებულ მტვრის ღრუბელთან დააკავშირეს. ამ ზეგიგანტის სინათლე ისედაც ცვალებადია, რაც ორი სხვადასხვა პერიოდულობით ფიქსირდება: ყოველ 400 დღეში და ყოველ 6 წელში. პირველი თავად მნათობის შიდა "პულსაციითაა" გამოწვეული, მეორეს მიზეზად კი სავარაუდო მომცრო კომპანიონს ასახელებდნენ.
ვინაიდან ამ პატარა მეწყვილეს ბეტელგეიზეს ელვარება ფარავს, მეცნიერებმა სპეციალური მეთოდი გამოიყენეს, რომელსაც სპეკლ-ინტერფერომეტრია ეწოდება. ის ძალიან ხანმოკლე ექსპოზიციურ პერიოდებს გულისხმობს, რითაც დასაკვირვებელი ობიექტის გამოსახულების გასასწორებლად დედამიწის ატმოსფეროს ეფექტი მცირდება.
შედეგად დააფიქსირეს სივარჰა, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ელოდნენ. ის მზეზე 1.6-ჯერ მასიურია და ბეტელგეიზესთან 4-ჯერ მეტ დისტანციაზეა, ვიდრე დედამიწა — მზესთან. ამ სიახლოვის გამო, მისი ორბიტული პერიოდი 5.95 დღეა.
სივარჰა F ტიპის ვარსკვლავი უნდა იყოს, რომელიც ჯერ ისე არაა განვითარებული, რომ მის ცენტრში წყალბადის ბირთვული რეაქციები დაიწყოს. სავარაუდოდ, ისინი ერთ დროს წარმოიქმნა, მაგრამ სივარჰას ნაკლები მასა ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის ფაზები უფრო შენელებულია.
შესაძლოა, მას განვითარება არც დასცალდეს. ასტრონომების პროგნოზის თანახმად, ბეტელგეიზე მომდევნო 10 000 წლის განმავლობაში აფეთქდება და მის ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი დარჩება. მცირე შანსია, რომ ამ ზეგიგანტის მეზობელი მნათობი აღნიშნულ მოვლენას გადაურჩეს, რადგან აფეთქების ეპიცენტრში იქნება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები