ანტარქტიდაში მკვლევრებმა მდინარეების მიერ ფორმირებული უძველესი ბრტყელი ლანდშაფტები აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით ყინულის დნობისა და გლობალური დათბობის ანტარქტიდაზე გავლენის პროგნოზირება გახდება შესაძლებელი.

დიდი ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ანტარქტიდის რადარით გადაღებული ფოტოები გააანალიზა. მათ მიერ დაფიქსირებული ბრტყელი ზედაპირები იქამდე რუკაზე აღნიშნული არ ყოფილა. ეს ყინულით დაფარული ფორმაციები აღმოსავლეთ ანტარქტიდის სანაპიროს 3 500 კილომეტრიან მონაკვეთზეა გადაჭიმული.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ეს ზედაპირები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო და მდინარის სისტემის მეშვეობით ჩამოყალიბდა. ეს პროცესი 80 მილიონი წლის წინ აღმოსავლეთ ანტარქტიდისა და ავსტრალიის გაყოფით დაიწყო. ეს ზედაპირები ყინულით მოგვიანებით, დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ დაიფარა.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფენის კიდეზე არსებული ბრტყელი ზედაპირი.

ფოტო: David Small

ეს ბრტყელი ლანდშაფტი დღეს ყინულის ფენის ქვეშაა მოქცეული. მათ ერთმანეთისგან ღრმა ხეობები ყოფს, რომლებშიც ყინული ბრტყელ ზედაპირებთან შედარებით გაცილებით სწრაფად მოძრაობს.

ანტარქტიდაში ყინული ძალიან ჩქარა დნება, რაც ზღვის დონის მატებასა და კლიმატურ კატასტროფებს იწვევს. ეს ბრტყელი ზედაპირები ერთგვარი ბუნებრივი ბარიერის როლს თამაშობს და მათი საშუალებით ზოგიერთ რეგიონში ყინულის დნობა ფერხდება. აღნიშნული ლანდშაფტი ჩვენი პლანეტისთვის ძალიან უცნაურია, რაც მეცნიერებში ეჭვებსა და დეტალური გამოკვლევის სურვილს აჩენს.

თუ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორია მთლიანად დადნება, მაშინ ზღვის გლობალური დონე 52 მეტრით მოიმატებს. ამ ახლად აღმოჩენილი ზედაპირების წყალობით ანტარქტიდის ყინულის საფარზე კლიმატის ცვლილებსა და ზღვის დონეზე დნობის გავლენის პროგნოზირება შეგვეძლება.

"აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ქვეშ მდებარე ეს ლანდშაფტი დედამიწის ყველაზე იდუმალ ადგილებს შორისაა. საოცარია, რომ 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს ზედაპირები მეტწილად ხელშეუხებელი დარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყინულის საფარი ლანდშაფტს ეროზიისგან იცავდა", — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი დოქტორი გაი პაქსმანი.

რადარის სურათზე წითელი კონტურები აჩვენებს ბრტყელ ზედაპირებს, რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში შეისწავლეს.

ფოტო: Guy Paxman

ამ ზედაპირის წყალობით აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის დინების დინამიკაზე დაკვირვება და მისი ზღვის დონეზე გავლენის წინასწარმეტყველება შეგვეძლება.

ასეთი ბრტყელი ლანდშაფტი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის 3 500 კილომეტრიანი ტერიტორიის თითქმის 40%-ს მოიცავს. როგორღაც, მყინვარული ეროზია ამ ადგილებზე არ გავრცელდა.

მკვლევრების თქმით, აუცილებელია ამ ფორმაციების გეოლოგიური ისტორიისა და მისი დღევანდელ სამყაროზე შესაძლო გავლენის გამოკვლევა. ჯგუფი ყინულის გაბურღვასა და მიღებული მასალის შესწავლას აპირებს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.